საქართველოს მოქალაქეები - ლილი ხაჟალია და ნაზი ჯოჯუა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/8/308 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 20 აპრილი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ლილი ხაჟალია და ნაზი ჯოჯუა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა ,,პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №26 დადგენილების მე-2 პუნქტის პირველი წინადადების ნაწილი - ,,ასევე იმ ... რომელთა მიმართაც არ არსებობს საპენსიო დავალიანება“ - საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შემდეგ დებულებასთან მიმართებით - ,,ყველა ადამიანი ... კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად ... ქონებრივი ... მდგომარეობისა“.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა წარმომადგენლები კობა დავითაშვილი და ნინო გოგუაძე; მოპასუხის - საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები თამაზ ბარაბაძე და ელზა გულიაშვილი.
საქართველოს მოქალაქეების - ლილი ხაჟალიასა და ნაზი ჯოჯუას 308-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2004 წლის 5 ნოემბერს შემოვიდა და საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 26 ნოემბრის №1/3/308 საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად იქნა მიღებული.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-15 და მე-16 მუხლების საფუძველზე.
მოსარჩელეები სამტრედიაში მცხოვრები პენსიონერებია. ,,პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №26 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, ,,მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა განსახორციელებლად“ დანამატი დაუწესდა ,,ასევე იმ არამომუშავე 14 ლარის მიმღებ პენსიონერებს, რომელთა მიმართაც არ არსებობს საპენსიო დავალიანება“. აქედან გამომდინარე, პენსიონერთა ერთ ნაწილს ემატება პენსია 2004 წლის აპრილიდან, ხოლო სხვებს და, მათ შორის, მოსარჩელეებსაც - მიმდინარე დავალიანების დაფარვის შემდეგ. ამის საფუძველზე მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პუნქტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, ვინაიდან ადგენს უთანასწორობას პენსიონერთა ორ კატეგორიას შორის ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით.
მოსარჩელეები სთხოვენ სასამართლო კოლეგიას, რომ მან არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნოს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №26 დადგენილების მე-2 პუნქტის პირველი წინადადების ნაწილი - ,,ასევე იმ ... რომელთა მიმართაც არ არსებობს საპენსიო დავალიანება“.
საქართველოს მოქალაქეების - ლილი ხაჟალიასა და ნაზი ჯოჯუას 308 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის მიზნით, 2005 წლის 8 აპრილს დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის სხდომა. სასამართლო კოლეგიის სხდომის გახსნის შემდეგ, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის დაწყებამდე, მოპასუხე მხარის - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ელზა გულიაშვილმა დააყენა შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №12 დადგენილებით მთლიანად ძალადაკარგულად გამოცხადდა სადავო დებულების შემცველი აქტი - საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №26 დადგენილება ,,პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“. მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დავის საგანზე ჰქონდათ საუბარი მოსარჩელეთა წარმომადგენელთან კობა დავითაშვილთან. ელზა გულიაშვილმა განმარტა, რომ სადავო დებულების გაუქმებით მოსარჩელეთა მიზანი მიღწეულია და მომავალშიც მთავრობა თვითონ, გარედან ჩარევის გარეშეც მოაწესრიგებს შესაბამის საკითხებს.
მოსარჩელეთა წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა გამოხატა კმაყოფილება სადავო აქტის გაუქმების გამო და მოპასუხის - საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის განმარტების გათვალისწინებით უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია მიუთითებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ,,მოსარჩელეს უფლება აქვს ... უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა ... იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა ხდება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და წესით“.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე ,,საქართველოს მოქალაქეები - ლილი ხაჟალია და ნაზი ჯოჯუა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნ. შაშკინი