საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/497 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ზაზა თავაძე - კოლეგიის თავმჯდომარე;
2. ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
4. ჯონი ხეცურიანი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 602-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-7 პუნქტთან მიმართებით.
I
1. 2010 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №497) მომართა საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანიამ. №497 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას საქმე გადმოეცა 2010 წლის 31 მაისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის პატიმრობის ვადის დინება წყდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისთანავე. ამავე კოდექსის 602-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის საკითხებს და ადგენს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (დადგენილება), სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (განჩინება), ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.
4. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმატიული აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. აგრეთვე კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ამავე მუხლის მე-7 პუნქტს, რომლის შესაბამისად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.
5. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ იგი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მიესაჯა სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება მის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 15 ოქტომბერს. სასამართლომ 2010 წლის 15 იანვარს საქმის განხილვა გადადო გაურკვეველი ვადით და მომდევნო სხდომის ჩატარების თარიღი მისთვის უცნობია.
6. მოსარჩელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში, იგი ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით. კანონით დადგენილი წესი კი მდგომარეობს იმაში, რომ მას უფლება აქვს, გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ არსებობს ნორმა, რომელიც სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადის დარღვევისათვის ითვალისწინებდეს რაიმე სამართლებრივ შედეგს მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ანუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ აკისრებს სასამართლოს რაიმე სახის ვალდებულებას, საპროცესო ვადების დაცვის თვალსაზრისით და, შესაბამისად, არც პასუხისმგებლობას. ვინაიდან პატიმრობის ვადის დინება შეწყვეტილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისთანავე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს შეუძლიათ საქმის განხილვა გააჭიანურონ უსასრულოდ, სანამ არ ამოიწურება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელის ვადა. ხოლო სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლოები ვალდებულნი იქნებიან, დაიცვან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა, რომლის დაუცველობა გამოიწვევს პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მხოლოდ კანონით დადგენილი ყველა პროცედურის გავლით, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით უნდა იქნეს პირი ცნობილი დამნაშავედ. რაც კონსტიტუციის მიერ აღიარებული პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნას შეესაბამება. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც მე-40 მუხლის პირველ პუნქტს, ასევე 42-ე მუხლის პირველ პუნქტსაც.
8. მოსარჩელის განცხადებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქმის განხილვის სამთვიანი ვადა, ამ ვადის დარღვევით მიღებული ყველა მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც კანონის დარღვევით მოპოვებული. რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტსაც.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №497 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა 2010 წლის 23 დეკემბერს.
II
1. №497 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო აქტს წარმოადგენს 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 602-ე მუხლის პირველი ნაწილი. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციის დროს სადავო ნორმები ძალაში იყო და მოქმედებდა.
ზემოაღნიშნული კანონი, მათ შორის მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული ნორმები, 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 329-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება, ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
საკონსტიტუციო სასამრთლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ძალადაკარგულია. ამასთან, არ არსებობს საქმის განხილვის გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №497 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. შეწყდეს საქმე №497 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი