საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/412 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 5 აპრილი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე–სხდომის თავმჯდომარე
ოთარ სიჭინავა–წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
ჯონი ხეცურიანი–წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 272–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 38–ე მუხლის პირველ პუნქტთან და 21–ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა
I
1. საქართველოს მოქალაქეების შალვა ნათელაშვილისა და გიორგი გუგავას 412–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2007 წლის 10 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადმოეცა 2007 წლის 17 იანვარს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი და 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ერთი მხრივ, აწესებს ქონებაზე გადასახადს საზოგადოებრივი საჭიროებისთვის, ხოლო მეორე მხრივ ,არ აძლევს საზოგადოებას გადასახადის გადახდის საშუალებას ,ვინაიდან არის უმუშევრობის მაღალი დონე, დაბალია პენსია და ა.შ. ხოლო პირველადი მოხმარების ისეთ საგნებზე, როგორიცაა მაგალითად, დენი და ბუნებრივი აირი, დიდი გადასახადებია დაწესებული შესაბამისი კომპანიების მიერ. ამასთან ,მოქალაქეების 70% სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ხოლო ბიუჯეტში გათვალისწინებული შეღავათები პრაქტიკულად ნულის ტოლია. მოსარჩელეების მტკიცებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, მესაკუთრე გადასახადის დასაფარავად იძულებულია მოიცილოს კანონიერი გზით შეძენილი ქონება. მოსარჩელეები ასევე თვლიან, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგებიან სოციალურ–ეკონომიკური თანასწორობის პრინციპებს. მოსარჩელეების აზრით, აღნიშნული არგუმენტაციიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 272–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი შეიძლება ჩაითვალოს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 38–ე მუხლის პირველ პუნქტთან და 21–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. გამწესრიგებელი სხდომის მომზადების ეტაპზე მომხსენებელი მოსამართლის მიერ წერილობითი მიმართვა გაუგზავნა მოსარჩელეებს, რათა მათ წარმოედგინათ მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ,რომ ისინი მართლაც არიან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების გადასახადის გადამხდელები. ამ მიმართვის საპასუხოდ სასამართლოს არ მიუღია მოსარჩელეთაგან შესაბამისი დოკუმენტები არც განმწესრიგებელ სხდომამდე და არც განმწესრიგებელ სხდომაზე.
მომხსენებელმა მოსამართლემ ასევე წერილობით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას მოსარჩელეების ქონების გადასახადის გადამხდელებად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გამოგზავნილი წერილებიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, ფიზიკურ პირებს გიორგი გუგავას და შალვა ნათელაშვილს ქონების გადასახადის დეკლარაცია საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით წარდგენილი არა აქვთ და საგადასახადო ორგანოებისთვის ცნობილი არ არის ინფორმაცია მოსარჩელეების საგადასახადო ვალდებულებათა შესახებ.
მომხსენებელი მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ქ. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩა 88–ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა–ნაგებობების მესაკუთრეთა და მიწის ნაკვეთის ფუნქციის თაობაზე. როგორც ირკვევა, დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულებისაა და ის წარმოადგენს მოქალაქე შალვა ნათელაშვილისა და სახელმწიფოს საერთო საკუთრებას. ხოლო შენობა–ნაგებობა, არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენს მოქალაქე შალვა ნათელაშვილის საკუთრებას.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2007 წლის 13 და 14 მარტს. სასამართლომ მოისმინა მოსარჩელეების საქართველოს მოქალაქეების–გიორგი გუგავასა და შალვა ნათელაშვილის განმარტება კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ნაწილობრივ დაზუსტდა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძველი და დავის საგანი, ასევე ზოგიერთ ფორმალური საკითხი. მოსარჩელე გიორგი გუგავამ დააკონკრეტა, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე შალვა ნათელაშვილიც.
მოსარჩელე გიორგი გუგავამ თავის განმარტებაში მიუთითა, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მიწის გადასახადს, კონკრეტულად კი არასასოფლო–სამეურნეო მიწაზე დადგენილ გადასახადს, დაბეგვრის ობიექტებსა და ფორმას. მოგვიანებით მოსარჩელეს განემარტა, რომ მის მიერ გასაჩივრებული საგადასახადო კოდექსის ნორმები აწესრიგებს არა მიწის, არამედ ქონების გადასახადს. მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ როგორც ფორმალურ, ასევე შინაარსობრივ მოთხოვნებს. მან განმარტა, რომ სარჩელში საქართველოს კონსტიტუციის 38–ე მუხლის პირველი პუნქტის მითითება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ერთნაირ საყოფაცხოვრებო პირობებში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც ცხოვრობენ სართულების განსხვავებული ფორმის მქონე საცხოვრებელ კორპუსებში, უწევთ სხვადასხვა სიდიდის გადასახადის გადახდა. მოსარჩელე ამაში ხედავს დისკრიმინაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუმცა მოგვიანებით მან ვერ დააკონკრეტა , თუ 38–ე მუხლის პირველი პუნქტის რომელი ნორმა კრძალავს დისკრიმინაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოსარჩელე თვლის, რომ გადასახადი უნდა იყოს გონივრული და მისი გადახდა უნდა შეძლოს მოქალაქემ. თუ მოქალაქე გადასახადის გადახდას ვერ შეძლებს, მის მიმართ ამოქმედდება სანქციები, ქონებას დაედება ყადაღა და მოხდება მისი რეალიზაცია. მოსარჩელის აზრით, ეს რომ იყოს სასოფლო–სამეურნეო მიეის გადასახადი, რომელსაც პირი შეიძლება მოგებისათვის იყენებდეს, გადასახადის დაწესება ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ აქ საუბარია საცხოვრებელ ფართზე. მას მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის გაუქმება, რომელის ზოგად ნორმას წარმოადგენს და ფიზიკური პირების გარდა, იურიდიულ პირებზეც ვრცელდება, შედეგად მოიტანს 272–ე მუხლის მეოთხე ნაწილის გაუქმებასაც, რომელიც ადგენს დაბეგვრის ობიექტებს კონკრეტულად ფიზიკურ პირთათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მიმართოს კანონმდებელს და მისცეს რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ესა თუ ის ურთიერთობა გადამხდელსა და სახელმწიფოს შორის. სასამართლომ მოსარჩელეს მიუთითა ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების იმ შემთხვევებზე, რასაც ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 276–ე მუხლის შესაბამისი ნორმა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ეს შეღავათები მასზე სავარაუდოდ ვრცელდება, მაგრამ მომავალში შეიძლება გადასახადის გადახდის მოვალეობა მასაც დაეკისროს. გარდა ამისა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სართულების რაოდენობიდან გამომდინარე, გადასახადისაგან განთავისუფლება შეიძლება არ გავრცელდეს სოციალურად დაუცველ ოჯახებზე. მოსარჩელე თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ უნდა იმსჯელოს ზოგადად საკითხზე, სადაო ნორმის კონსტიტუციურობაზე და მხოლოდ შემდეგ იმაზე, თუ სადაო ნორმით რამდენად ირღვევა უშუალოდ მოსარჩელის უფლებები. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მისი უფლება მართალია არ დარღვეულა, მაგრამ შეიძლება მომავალში დაირღვეს, რადგანაც ის შეიძლება გახდეს მესაკუთრე.
მოსარჩელე შალვა ნათელაშვილის განმარტებიდან გაირკვა, რომ გადასახადის არსებობის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2006 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის დიდუბე–ჩუღურეთის განყოფილებიდან საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოფისის მისამართზე საგადასახადო მოთხოვნის მიღების შემდეგ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გადასახადი ვრცელდება ქალაქ თბილისში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანზე. თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა კი იმაში გამოიხატება, რომ პირები, მიუხედავად მათი ქონებრივი მდგომარეობისა, იხდიან თანაბარ გადასახადს. მოსარჩელე თვლის, რომ პირისათვის მაღალი გადასახადების დაწესება იწვევს მის დისკრიმინაციას პოლიტიკურ, ეთნიკურ, ენობრივი და რელიგიური ნიშნით. მოსარჩელემ განმარტა, რომ მას არ ევალებოდა ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება, რადგანაც მისი შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს, არც მას და არც პარტიას არანაირი ქონება არ გააჩნიათ და არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას კანონით ნებადართულ ფარგლებშიც კი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საგადასახადო მოთხოვნა მან გაასაჩივრა საერთო სასამართლოში, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მოსარჩელე თვლის, რომ რამდენადაც იურიდიული პირი ფიზიკურ პირთა გაერთიანებაა, ფიზიკურ პირებს შეუძლიათ დავა იურიდიული პირის უფლებებისათვის. უფრო მეტიც, ის თავის კონსტიტუციურ მოვალეობად მიიჩნევს იდავოს ყველაზე და ყველაფერზე, რაც უკანონოდ მიაჩნია. მოსარჩელეს განემარტა საგადასახადო კოდექსის 276–ე მუხლით გათვალისწინებული გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას უშუალოდ, საცხოვრებელ მისამართზე არ მისვლია საგადასახადო მოთხოვნა, მაგრამ მას აქვს ინფორმაცია, რომ მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებ არაერთ პირს მიუვიდა საგადასახადო მოთხოვნა. მოსარჩელემ განმარტა, რომ მას ისევე როგორც სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებს, აქვს ანალოგიური პრობლემები გადასახადის გადახდის თვალსაზრისით.
II
1. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მიუთითოს ყველა სადავო ნორმა, რომელიც მისი აზრით, არ შეესაბამება კონსტიტუციას. მოსარჩელის ვარაუდი, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში, ასევე მოხდება ამ ნორმასთან დაკავშირებულ სხვა ნორმებთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონმდებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო კონკრეტული მითითების მიცემა, მცდარია. ასეთი უფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონმდებლობით მონიჭებული არ აქვს.
2. საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მაშინ, როდესაც მას საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში ან ლიზინგით აქვს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. საგადასახადო კოდექსის ეს ნორმა თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ზოგადი ხასიათისაა. შეუძლებელია პირთა წრისა სა შესაბამისად იმის გარკვევა, ვრცელდება თუ არა საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი მოსარჩელეებზე, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული საგადასახადო კოდექსის სხვა ნორმები, რომლებიც კონკრეტულად განსაზღვრავენ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტებს ფიზიკური პირებისათვის, ასევე ადგენენ ქონების გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევებს. მათი გათვალისწინების გარეშე, სადავო ნორმა დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებს და ყოველგვარ აზრს იქნება მოკლებული. თუ დადგინდება, მოსარჩელე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან ლიზინგით არ აქვს აღებული გადასახადით გადაბეგვრის ობიექტი ან მას აქვს ასეთი ობიექტი, მაგრამ თავისუფლდება გადასახადის გადახდისაგან, მივიღებთ იმგვარ მდგომარეობას, როდესაც ფიზიკური პირი არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კონსტიტუციური სარჩელით მომართვაზე უფლებამოსილ სუბიექტს და დავობს სხა პირთა უფლებებისათვის, რომლებიც გადასახადის გადამხდელები არიან. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარმოდგენილი საბუთებიდან და განმწესრიგებელი სხდომიდან გაირკვა, მოსარჩელეებს საკუთრებაში აქვთ საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის მე–4 და მე–6 ნაწილებით განსაზღვრული, ქონების გადასახადით დაბეგვრის ზოგიერთ ობიექტი. თუმცა, მოსარჩელეები ამავდროულად ექცევიან საგადასახადო კოდექსის 276–ე მუხლის მე–18 ნაწილის ოქმედების ქვეშ, რაც ათავისუფლებს მათ ქონების გადასახადის გადახდისაგან.
3.საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, მიუხედავად მომხსენებელი მოსამართლის მიერ მოსარჩელეთათვის გაგზავნილი მოთხოვნისა, არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ რომელიმე მოსარჩელე ფიზიკური პირი არის ქონების გადასახადის გადამხდელი. მოსარჩელეთა მიერ ერთადერთი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ერთერთი მოსარჩელისათვის გაგზავნილი საგადასახადო დავალება თარიღდება 2006 წლით და შეეხება არასასოფლო–სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადს. გარდა იმისა, რომ არ არის წარმოდგენილი ქონების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და საგადასახადო ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციაც მიუთითებს, რომ მოსარჩელეები არ არიან ქონების გადასახადის გადამხდელები, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ქონების გადასახადით დაბეგვრის მოქმედი რეჟიმი ფიზიკური პირების მიმართ არსებითად განსხვავდება 2006 წლისათვის მოქმედი სამართლებრივი რეჟიმისაგან. საქართველო საგადასახადო კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რეზიდენტი პირის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთებისა), სრულიად თავისუფლდება ქონების გადასახადის გადახდისაგან. კონსტიტუციურ სარჩელზე დართული დოკუმენტაციიდან, ასევე განმწესრიგებელ სხდომაზე, წარმოდგენილი განმარტებებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეებზე ვრცელდება აღნიშნული ნორმა.
4. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციითა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა მიერ გაკეთებული განმარტებებით, მძიმე სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო მესაკუთრე ვერ ახერხებს გადასახადის გადახდას, რის გამოც მას ეკისრება საგადასახადო სანქციები. საქმე მიდის საკუთრების მეალიზაციამდე მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ და ამაში გამოიხტება საკუთრების უფლების შეზღუდვა. ასე ესმით მოსარჩელეებს მათი კონსტიტუციური უფლების დარღვევა. მოსარჩელეები აქცენტს აკეთებენ არა უფლებების სავარაუდო დარღვევაზე, როგორც შემდგარ ფაქტზე, არამედ მომავალში უფლების პოტენციურ დარღვევაზე. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა თავისთავად კი არ არღვევს საკუთრების უფლებას, არამდე იგი გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქცია, რაც საბოლოო ჯამში იწვევს საკუთრების გასხვისებას მესაკუთრის ნების გარეშე. აქედან გამომდინარე, გარდა ქონების გადასახადის გადამხდელად ყოფნის დამადასტურებელი საბუთისა, უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელეებს ასევე ესაჭიროებოდათ სარჩელში და განმწესრიგებელ სხდომაზე აღწერილი მოვლენების განვითარების დამამტკიცებელი საბუთების წარმოდგენაც. შესაბამისი მტკიცებულებები სარჩელთან ერთად ან განმწესრიგებელ სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი.
5. ის, რომ ფიზიკური პირი არის მესაკუთრე ან მომავალში გახდება მესაკუთრე თავისთავად არ გამოიწვევს მოვლენათა იმგვარ განვითარებას, როგორიც მოსარჩელეებს წარმოუდგენიათ. გქონდეს საკუთრებაში ქონება, არ ნიშნავს, რომ ის არის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, ხოლო მისი მესაკუთრე ქონების გადასახადის გადამხდელი. თუნდაც ქონება გადასახადით დაბეგვრის ობიექტი იყოს, საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეთა პოტენციურ მსხვერპლად მისაჩნევად უნდა დაუშვას რამდენიმე ალბათობა. პირმა, საქართველოს კონსტიტუციისა და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, არ უნდა გადაიხადოს გადასახადი. გადასახადის გადაუხდელობის შედეგად ქონებას უნდა დაედოს ყადაღა და მოხდეს მისი რეალიზაცია. მოვლენათა ასეთი განვითარება, თუ გავითვალისწინებთ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ გადასახადის გადამხდელებს, გადასახადით დაბეგვრის ობიექტებს, გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების შემთხვევებსა და საგადასახადო განაკვეთების ფარგლებს, ფაქტიურად გამორიცხულია და არ არსებობს მოსარჩელეებზე მომავალში სადავო ნორმების გავრცელებისა და მათ მიერ ნავარაუდები შედეგების დადგომის უშუალო, რეალური და გარდაუვალი საფრთხე. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაუშვებს პირის მომავალი არამართლზომიერი ქცევის ვარაუდს.
6. ვერ იქნება გაზიარებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ფიზიკური პირი არა თუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა იდავოს სხვათა უფლებების, მათ შორის იურიდიული პირების უფლებების დასაცავად. როგორც კონსტიტუციური სარჩელის ტექსტიდან, ასევე განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა მიერ გაკეთებული განმარტებებიდან, ირკვევა, რომ მათი მიზანია მესამე პირთა, მათ შორის იურიდიულ პირთა, უფლებების დაცვა. იურიდიული პირი დამოუკიდებელი სამართლებრივი სუბიექტია, როგორც ზოგადად საქართველოს კანონმდებლობით, ასევე კონკრეტულად საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონმდებლობით. ის უფლებამოსილია დამოუკიდებლად დაიცვას თავისი უფლებები მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოშიც. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ფიზიკურ პირებსაც აქვთ თავიანთი უფლებების საკონსტიტუციო სასამართლოში დაცვის საკმარისი სამართლებრივი შესაძლებლობები. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მესამე პირთა უფლებების დასაცავად ფიზიკური პირის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის პრეცედენტს დაუშვებდა, პრაქტიკულად სახეზე გვექნებოდა actio popularis. აბსტრაქტული კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება ფიზიკური პირის მიერ, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი სტატუსისა და მოსაზრებებისა, დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონმდებლობით.
7. პრინციპულად არასწორია მოსაზრება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის პირველი რიგის ამოცანაა გაარკვიოს, თუ რამდენად უზრუნველყოფს სადავო ნორმა კონსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში და მხოლოდ შემდეგ უნდა იმსჯელოს რამდენად ირღვევა მოსარჩელეების უფლება. მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების მკაფიო და თანამიმდევრული პროცედურა. განმწესრიგებელი სხდომის ინსტიტუტის ერთ–ერთი უმთავრესი დანიშნულებაა, დადგინდეს, არის თუ არა საკმარისი საფუძვლები დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მოსარჩელის უფლებები მომავალში უშუალოდ დაირღვევა. მხოლოდ ამ და კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების გარკვევისა და კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგაა უფლებამოსილი საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელოს, თუ რამდენად შეესაბამება სადავო ნორმა კონსტიტუციის მოთხოვნებს.
8. იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნიოს დასაბუთებულად, მოსარჩელემ უნდა მოიყვანოს არგუმენტები, თუ რაში გამოიხატება წინააღმდეგობა მის მიერ მითითებულ სადავო ნორმასა და კონსტიტუციის კონკრეტულ ნორმას შორის. ამასთანავე, თუ მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის რომელიმე ნორმის მიმართ, ხოლო მისი არგუმენტაცია შეეხება კონსტიტუციის სხვა ნორმას ან ასეთი არგუმენტაცია საერთოდ არ არსებობს, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
საქართველოს კონსტიტუციის 38–ე მუხლის პირველი პუნქტი, მართალია თანასწორობის პრინციპს შეეხება, მაგრამ აქ არ არის საუბარი თანასწორობაზე საცხოვრებელი ადგილისა და ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად. ეს ნიშნები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლში. რაც შეეხება 38–ე მუხლის პირველ პუნქტს, მისი მიზანია უმცირესობების დაცვა და უთანასწორობის დაუშვებლობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეები უმცირესობას განეკუთვნებიან და სადავო ნორმები, რომელიმე მითითებული ნიშნის მიხედვით, აყენებენ მათ უთანასწორო მდგომარეობაში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან შედარებით.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმებით ხდება საკუთრების უფლების შეზღუდვა. ამავდროულად, მათი დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა შეეხება სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის ინსტიტუტი და შესაბამისი კონსტიტუციურ–სამართლებრივი რეგულირება მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის მე–2 პუნქტში, რომელიც მოსარჩელეებს სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული არა აქვთ.
9. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული არგუმენტაცია შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას. როგორც სარჩელიდან და განმწესრიგებელი სხდომიდან გაირკვა, არ არსებობდა ნათელი წარმოდგენა ქონების გადასახადის თაობაზე. სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე იმ საკითხების განმარტებაც მოუწია მოსარჩელისათვის, რომ სადავო ნორმები შეეხებოდა ქონების გადასახადს და არა მიწის გადასახადს, როგორც ეს მოსარჩელეს მიაჩნდა. მოსარჩელეების არგუმენტაციიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქონების გადასახადი ვრცელდება ყველა მოქალაქეზე ყოველგვარი შეღავათის გარეშე და განსაკუთრებით ეს შეეხება მოსახლეობის ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფენებს. საგადასახადო კოდექსის შესაბამისი თავის ანალიზი კი ცხადყოფს, რომ გადასახადის გადამხდელები არიან სოლიდარული შემოსავლისა და ქონების მქონე პირები, ასევე პირები, რომლებიც ქონებას იყენებენ სამეწარმეო მიზნებისათვის ან მოგების სხვაგვარად მიღებისათვის. მსგავს შემთხვევებში გადასახადის დაწესების აუცილებლობა განმწესრიგებელ სხდომაზე თვით მოსარჩელემაც აღიარა. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში და განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი დასაბუთება აშკარად არ შეესაბამება იმას, რასაც სადავო ნორმა რეალურად ითვალისწინებს.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონს 21–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „ საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე–17 მუხლის მე–5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი N412 ( საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი