საქართველოს მოქალაქე სულიკო მაშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/460 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 5 მაისი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ჯონი ხეცურიანი – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე სულიკო მაშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე, საქართველოს მოქალაქე სულიკო მაშია; მოპასუხის წარმომადგენლები ბათარ ჩანქსელიანი და ლევან კასრაძე.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 1 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქე სულიკო მაშიამ. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 460-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2008 წლის 6 აგვისტოს რეზოლუციით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებისა და 457-ე კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. სადავო ნორმატიული აქტია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის (აქციათა სავალდებულო მიყიდვა) პირველი პუნქტი, რომელიც მოქმედი რედაქციით მიღებულია 2008 წლის 14 მარტს. სადავო ნორმა შემდეგი შინაარსისაა: „თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის - „მყიდველს“) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები.“
3. მოსარჩელე, რომელიც არის რამოდენიმე სააქციო საზოგადოების მინორიტარი აქციონერი, მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის ანალოგიური შინაარსისაა. მისი აზრით, ეს ეწინააღმდეგება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტს. აქედან გამომდინარე, თუ სასამართლო განმწესრიგებელ სხომაზე მივა მსგავს დასკვნამდე, 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, სადავო ნორმა განჩინებით უნდა იქნეს ცნობილი ძალადაკარგულად.
4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მისი მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილებიდან ცალსახად ირკვევა, რომ აქციების იძულებითი გამოსყიდვა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურია და აქციების გამოსყიდვის ფასის სამართლიანობაზე აქცენტი არ კეთდება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მინორიტარ აქციონერს უფლება აქციათა სავალდებულო მიყიდვისას მიმართოს სასამართლოს, სადავო ნორმა მაინც არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. მოსარჩელე, ასევე, მოითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რადგანაც მის მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით №460 კონსტიტუციურ სარჩელზე გაიმართა 2009 წლის 18 მარტს.
7. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ კვლავ დაადასტურა, რომ მისი აზრით, თავად აქციების სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტია თავისი არსით არაკონსტიტუციური. სადავო ნორმა იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, მიუხედავად იმისა, რომ ის, შესაძლოა, ითვალისწინებდეს განსხვავებულ პროცედურებს. მოსარჩელისათვის მნიშვნელოვანია არა პროცედურები, არამედ ინსტიტუტის არსი.
8. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე კვლავ მოითხოვა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მას არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ იმ სააქციო საზოგადოებებში, რომლის მინორიტარ აქციონერსაც მოსარჩელე წარმოადგენს, დაწყებულია აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურა.
9. მოპასუხე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ აქციათა სავალდებულო მიყიდვის მოქმედი პროცედურა, რომელიც მოწესრიგებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებით, არსებითად განსხვავდება იმ წესისაგან, რაც დადგენილი იყო აქციათა სავალდებულო მიყიდვისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის არაკონსტიტუციურად ცნობილი 533 მუხლით.
10. მოპასუხე მხარის მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილებაში არ არის მითითება აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტის არაკონსტიტუციურობაზე. ის მიზეზები, რომელთა გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ჩათვალა `მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს კანონის 533 მუხლი, კანონმდებელმა გაითვალისწინა და ახლებურად ჩამოაყალიბა აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურა.
II
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა: „საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობის განხილვისას უნდა შემოიფარგლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის მხოლოდ მოქმედი წესის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასებით“ (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405; II-1).
2. შეაფასა რა კონსტიტუციურსამართლებრივი თვალსაზრისით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლით დადგენილი წესი, საკონსტიტუციო სასამართლო არ მისულა იმ დასკვნამდე, რომ აქციების სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტი თავისი არსით იყო არაკონსტიტუციური. პირიქით, დაინახა რა შესაძლებლობა, რომ ეს პროცედურა შეიძლება განპირობებული იყოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405; II-23,24,25,26), შეამოწმა რა სადავო ნორმა თანაზომიერების თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამით გამორიცხა თავად ინსტიტუტის, მისი არსიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურობა.
3. არასწორია მოსარჩელის მოსაზრება, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისას, საკონსტიტუციო სასამართლომ აქცენტი არ გააკეთა აქციათა გამოსყიდვის ფასის სამართლიანობაზე და მინორიტარი აქციონერის ინტერესების სამართლებრივი დაცვის მნიშვნელობაზე. სწორედ ეს ორი მომენტი, აქციების სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტის არსისაგან განსხვავებით, იყო მნიშვნელოვანი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის.
4. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მინორიტარ აქციონერს „უნდა ჰქონდეს თავისი პოზიციის გამოხატვისა და დაცვის სამართლებრივი საშუალება“ (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405; II-26). ამის შემდეგ სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს: „როდესაც ვახდენთ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შეფასებას თანაბარზომიერების თვალსაზრისით, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ამ პროცედურის არც ერთი არსებითი კომპონენტი. ამ მხრივ გამოსაყოფია და შესაფასებელია ორი მომენტი – პირველ რიგში, რამდენად შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცედურა და მეორე, რამდენად უზრუნველყოფს მინორიტარი აქციონერების სამართლიან ანაზღაურებას აქციათა სავალდებულო მიყიდვისას აქციის ფასის დადგენის პროცედურა. ამ ორი უმნიშვნელოვანესი გარემოების გათვალისწინების გარეშე, თვით ლეგიტიმური საზოგადოებრივი მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, ამ მიზნის მიღწევის საშუალება არაადექვატური და არაპროპორციული იქნება.“ (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405; II-27).
5. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფდა მინორიტარ აქციონერს სამართლებრივი დაცვის საშუალებით: „ამგვარ პირობებში მინორიტარ აქციონერს არათუ არ აქვს სამართლებრივი საშუალება თავი დაიცვას მაჟორიტარი აქციონერის მიერ ეკონომიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან, არამედ მას იმის შესაძლებლობაც არ აქვს, მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია აქციათა სავალდებულო მიყიდვის მიზეზების თაობაზე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით.„ (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405; II-28).
6. საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე, დიდი ადგილი დაუთმო აქციათა მიყიდვის სამართლიან ფასს (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405; II-29,30,31,32) და განაცხადა: „სურათი იცვლება იმ შემთხვევაში, როდესაც სამართლიანი ფასის დადგენის პროცედურა საზოგადოების წესდებითაა განსაზღვრული. ამ დროს ბალანსი ისევ მინორიტარი აქციონერის საზიანოდ ირღვევა და მას სამართლებრივი დაცვის საშუალებებიც არ აქვს.“ (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405; II-32).
7. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელის მოსაზრება, რომ აქციების სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტია, თავისი არსიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციური, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილებასთან საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
8. №460 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელის მიერ წამოჭრილი სადავო საკითხი, აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტის არსის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. შეუძლებელია ვიმსჯელოთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველ პუნქტზე და მის შინაარსობრივ მსგავსებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილ 533 მუხლის რომელიმე ნაწილთან, აქციების სავალდებულო მიყიდვის მარეგულირებელი სხვა ნორმების გათვალისწინების გარეშე და ზოგადი კონტექსტიდან მოწყვეტით. აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურა გათვალისწინებულია არა მხოლოდ გასაჩივრებული ნორმით, არამედ მთლიანად 534 მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით.
10. სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სრულყოფილად მოახდინოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის მოქმედი და არაკონსტიტუციურად ცნობილი წესების შინაარსობრივი შედარება. თუმცა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტი, მიუხედავად სიტყვასიტყვითი შინაარსისა, სხვა ლოგიკურ დატვირთვას იძენს, თუნდაც შემდეგი გარემოების გამო - არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისაგან განსხვავებით, აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა მაჟორიტარი აქციონერი, არამედ სასამართლო.
11. იმდენად, რამდენადაც არ ხდება №460 კონსტიტუციური სარჩელის მიღება არსებითად განსახილველად, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას აღარ გაამახვილებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რადგანაც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №460 (საქართველოს მოქალაქე სულიკო მაშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი