საქართველოს მოქალაქე ივანე პეტრიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/414 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 4 აპრილი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვახტანგ გვარამია _ წევრი (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
ქეთევან ერემაძე _ წევრი;
ბესარიონ ზოიძე _ წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ივანე პეტრიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების - „25 წლის ასაკს მიღწეული...“ - კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - ივანე პეტრიაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №414) მომართა მოქალაქე ივანე პეტრიაშვილმა. არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით, პირველ კოლეგიას საქმე გადმოეცა ა. წ. 19 თებერვალს. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა ამავე წლის 22 მარტს.
კონსტიტუციური სარჩელი შემოიტანა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონის მე-15 პუნქტით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდა ცვლილება, კერძოდ, თუ მანამდე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ჰქონდა 23 წლის ასაკს მიღწეულ პირს, აღნიშნული ცვლილებებით, ეს ასაკი გაიზარდა 25 წლამდე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას ჩაბარებული აქვს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებული „საკვალიფიკაციო-სასერთიფიკაციო გამოცდები”. შემდეგ მოსარჩელემ გადაწყვიტა, ჩაებარებინა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, მაგრამ რადგან ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე გაიზარა და იგი არის 23 წლის, შესაბამისად, მან ვერ შეძლო მიეღო მონაწილეობა ამ გამოცდებში. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმით განხორციელებული ასაკობრივი ზღვარის მატება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის აღიარებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
ეს გარემოება კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, უზღუდავს მას საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ განათლების მიღებისა და მისი ფორმის თავისუფალი არჩევის უფლებას.
მოსარჩელე თვლის, რომ მოსამართლის თანამდებობის დაკავების ასაკობრივი ზღვარის შემცირების ფონზე, არაგონივრულად და ყოვლად დაუსაბუთებლად გამოიყურება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა ასაკის მკვეთრი მომატება (23-დან 25 წლამდე).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „ ,,25 წლის ასაკს მიღწეულ...“ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელის, მასზე თანდართული დოკუმენტებისა და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე, გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
1. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში კონკრეტული უფლებით სარგებლობისათვის დადგენილია ასაკობრივი ზღვარი, რაც უზრუნველყოფს უფლების სწორად და სრულყოფილად რეალიზაციისთვის ადეკვატური შესაძლებლობების, ცოდნის, უნარის და გამოცდილების მინიმალურ არსებობას. შესაბამისად, ამ გარემოებებთან უნდა იყოს დაკავშირებული ახალი ასაკობრივი ზღვრის დადგენა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლებით სარგებლობისთვისაც.
ვინაიდან გამოცდის მიზანს წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობის დაკავების უფლების წარმოშობა, ის გამოიხატება კონკრეტული კანდიდატის პროფესიული განათლებისა და უნარ-ჩვევების შემოწმებაში და არა ცოდნის ან განვითარების დონის ამაღლებაში. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს არ დაუსახელებია არცერთი არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ მოსამართლის თანამდებობის დაკავება, რასაც ემსახურება საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან თუნდაც მხოლოდ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, მოსამართლის თანამდებობის დაკავების სურვილის გარეშე, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცვის ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ არის დასაბუთებული.
2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით, გაზრდილი ასაკობრივი ცენზის გამო, მას ეზღუდება არა მარტო მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდებში, არამედ იუსტიციის უმაღლესი სკოლის კონკურსში მონაწილეობის უფლებაც, რადგან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება საამისოდ ერთერთი აუცილებელი კრიტერიუმია. ამის საფუძველზე, მოსარჩლე თვლის, რომ მას დაერღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელიდან უნდა გამოჩნდეს მოსარჩელის უფლების რეალური ხელყოფა ან მისი უშუალოდ დარღვევის კონკრეტული შესაძლებლობა. მოსარჩელემ ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ დაასაბუთა, როგორ ხელყოფს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ მის უფლებას განათლების მიღებასა და მისი ფორმის არჩევაზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კონკურსში დროებით, 25 წლამდე მონაწილეობის მიღების შეუძლებლობა. მოსარჩელემ ვერ აჩვენა საკმარისი დამაჯერებლობით რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მისთვის აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიუღებლობას. შესაბამისად, სასამართლო კოლეგიის აზრით, კონსტიტუციური სარჩელი, ამ ნაწილშიც, მისი საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და სამართლებრივად ანგარიშგასაწევი მოთხოვნის არარსებობის გამო არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. . . , ხოლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს „მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას“. კანონმდებლობის ამ მოთხოვნაში იგულისხმება, რომ სარჩელის დასაბუთება და ამ მიზნით მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათის, არამედ საგნობრივი და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე მიმანიშნებელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის.
იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე ივანე პეტრიაშვილის 414-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების _“25 წლის ასაკს მიღწეულ . . . „ კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება
ვახტანგ გვარამია (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)
ქეთევან ერემაძე
ბესარიონ ზოიძე