საქართველოს მოქალაქე გივი ქურდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/501 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
ჯონი ხეცურიანი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გივი ქურდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 610-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №501) მომართა საქართველოს მოქალაქე გივი ქურდაძემ. №501 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2010 წლის 31 აგვისტოს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 610-ე მუხლი ეხება სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხებს. 610-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო აღნიშნულ საკითხს წყვეტს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლი არეგულირებს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალიწინებით, შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით.
4. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე გივი ქურდაძე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე და 276-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. მას სასჯელად შეფარდებული აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2002 წლის აგვისტოდან დღემდე სასჯელს იხდის რუსთავის №2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა 2009 წელს მიმართა სასჯელაღსრულების მუდმივმოქმედ კომისიას, სასჯელისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის სასამართლოსათვის წარდგენის შესახებ. ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ გივი ქურდაძეს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებული, ან დასჯილი არ ყოფილა. კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც უარი განაცხადა საჩივრის განხილვაზე. ამის შემდეგ უშუალოდ გივი ქურდაძემ მიმართა სასამართლოს პირობით ვადამდე გათავისუფლების, ან მოუხდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის მოთხოვნით. 2010 წლის 3 თებერვლის რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 610-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება სასამართლოს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სასჯელაღსრულების დაწესებულების მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინება, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ.
6. მოსარჩელის აზრით, არღვევენ მის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მას მტკიცებულებად მოჰყავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე „უნისერვისი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და „რიჟამაძე და მუმლაძე პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლებშიც საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არა მარტო უნდა არსებობდეს, არამედ პრაქტიკულად რეალიზებადი უნდა იყოს“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანია სასამართლომ იმსჯელოს, რამდენად რეალიზებული შეიძლება იყოს სადავო ნორმით დადგენილ პირობებში საქმის საჯარო და სამართლიანი მოსმენის უფლება.
7. კონსტიტუციურ სარჩელში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 610-ე მუხლის პირველი ნაწილის 2009 წლის 11 ივლისის ცვლილებებამდე არსებულ რედაქციაზე, რომლის თანახმადაც, სასჯელისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და მისი მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის უფლება ჰქონდა მსჯავრდებულს, მის დამცველს ან კანონიერ წარმომადგენელს, რაც, მოსარჩელის აზრით, სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას არ არღვევდა.
8. მოსარჩელე თვლის, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებულმა მოიხადა დანიშნული სასჯელის კანონით განსაზღვრული მინიმალური ვადა, ხასიათდება დადებითად, არ აქვს ჩადენილი გადაცდომები, არ არსებობს რაიმე ხელშემშლელი გარემოება მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების, ან დარჩენილი საპატიმრო სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლისთვის და სასჯელაღსრულების მუდმივმოქმედი კომისია მოთხოვნას არ წარადგენს სასამართლოში (უარს აცხადებს წარდგინებაზე) იმ წუთიდანვე ავტომატურად ირღვევა პატიმრისთვის სისხლის სამართლისა და პატიმრობის კოდექსებით გათვალისწინებული უფლება ვადამდე გათავისუფლების, ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ. კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირს უშუალოდ აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სადავო ნორმების მოქმედება, მოსარჩელის აზრით, იწვევს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების გაუქმებას.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №501 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა 2010 წლის 23 დეკემბერს.
II
1. №501 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო აქტს წარმოადგენს 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 610-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1999 წლის საქართველოს კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 73-ე მუხლის პირველი ნაწილის 2010 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით არსებული რედაქცია. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციის დროს სადავო ნორმები ძალაში იყო და მოქმედებდა.
1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მათ შორის მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული ნორმა, 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 329-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, 2010 წლის 9 მარტის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის 2010 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით არსებული რედაქცია ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება, ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ძალადაკარგულია. ამასთან, არ არსებობს საქმის განხილვის გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №501 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №501 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე გივი ქურდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი