საქართველოს მოქალაქე გერონტი აშორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/523 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გერონტი აშორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ’’ 2006 წლის 27 დეკემბრის #4133 კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის #523) მიმართა საქართველოს მოქალაქე გერონტი აშორდიამ. #523 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2012 წლის 28 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 20 სექტემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. მოსარჩელე სადავოდ ხდის „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ’’ 2006 წლის 27 დეკემბრის #4133 კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“, ხოლო სადავო მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“.
5. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლითა და 70-ე მუხლით განსაზღვრული პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის კონსტიტუციური ვადები. კერძოდ, პარლამენტისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების ოთხწლიანი ვადის 2012 წლის მაისში ამოწურვის მიუხედავად, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება 2012 წლის ოქტომბერში და კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით პრეზიდენტისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების ხუთწლიანი ვადის 2013 წლის იანვარში ამოწურვის მიუხედავად, პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება 2013 წლის ოქტომბერში. შესაბამისად, კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს პარლამენტს 5 თვით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს 9 თვით გაუხანგრძლივდა უფლებამოსილების ვადა, რითაც საქართველოს მოქალაქეებს აღეკვეთათ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის ფუნდამენტური უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა, ამ უფლებასთან დაკავშირებული ნების თავისუფალი გამოვლინების გარანტია და სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს კონსტიტუციური ფუნქცია.
6. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ იგი არის 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული საარჩევნო უფლებით. სადავო ნორმების საფუძველზე იგი ვერ ახერხებს თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას, ვერ იღებს მონაწილეობას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში, რაც წარმოადგენს მის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, ის აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით მისთვის დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სარჩლში მითითებული სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი უნდა იყოს.
2. N523 სარჩელით სადავოდაა გამხდარი „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნტი. სადავო ნორმების თანახმად, კონსტიტუციას დაემატა პარლამენტის არჩევნების თარიღის განმსაზღვრელი ნორმა, ხოლო პრეზიდენტის არჩევნების თარიღის განმსაზღვრელი ნორმა ახლებურად ჩამოყალიბდა.
3. კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შემტანი კონსტიტუციური კანონი, თავად კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ N523-ე კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის 21 პუნქტისა და კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის იდენტურია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თავად კონსტიტუციის ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“. საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია შემოიფარგლება საქართველოს კონსტიტუციაზე იერარქიულად ქვემოთ მდგომი ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმებით. კონსტიტუციის ნორმა, ,,...თავად ქმნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და იგი შინაარსობრივი თვალსაზრისით, ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების ობიექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნებოდა კონსტიტუციის ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებასთან’’ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის N2/2/486 განჩინება, II,2).
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნის სახით დაყენებული საკითხის გადაწყვეტა სცილდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, N523 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი N523 (საქართველოს მოქალაქე გერონტი აშორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი