საქართველოს მოქალაქე ვაჰაგან ჩახალიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/485 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 30 ივლისი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვაჰაგან ჩახალიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2009 წლის 19 ივნისის №1284 საქართველოს კანონის სიტყვების „ამოღებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-5 ნაწილი“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-18 მუხლის მე-5 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №485) მიმართა მოქალაქე ვაჰაგან ჩახალიანმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2009 წლის 28 დეკემბრის რეზოლუციით 485-ე კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2010 წლის 29 ივლისს.
2. სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 და მე-16 მუხლები.
3. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2008 წლის 14 ნოემბერს მოქალაქე გაიანე ჩახალიანმა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს თხოვნით, ჩახალიანების (მათ შორის მოსარჩელის) მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე დამცველად პარიზის ადვოკატთა კოლეგიის წევრის პატრიკ არაპიანის დაშვების თაობაზე. მოსარჩელის განცხადებით, გ. ჩახალიანს უარი ეთქვა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის №214 ბრძანებით საქმეზე დამცველად დაშვებული იქნა სომხეთის რესპუბლიკის ადვოკატთა პალატის ადვოკატი სტეფანე ვოსკანიანი და ხელმეორედ დამცველის დანიშვნა პროცედურების გაჭიანურებას ემსახურებოდა. მოსარჩელის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ ისარგებლა რა თავისი დისკრეციული უფლებამოსილებით, უხეშად დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და მოქალაქე დაცვის უფლების გარეშე დატოვა.
4. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2009 წლის 19 ივნისის №1284-Iს საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, გაუქმდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, დამცველად უცხოელი ადვოკატების დაშვების შესაძლებლობას. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, საერთოდ გაუქმდა სისხლის სამართლის საქმეებზე უცხოელი დამცველის მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება დაცვის უფლების კონსტიტუციურ გარანტიებს.
5. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმით შეილახა მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე_5 პუნქტით გარანტირებული უფლება, რომლის თანახმად, „დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს“ და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე_3 პუნქტით გარანტირებული დაცვის უფლება, რომელიც არ ზღუდავს პირს, მოიწვიოს მისთვის სასურველი რაოდენობის და კვალიფიკაციის ადვოკატები.
6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაცვის უფლების გარანტიაში დომინირებს დასაცავი პირის სურვილის უზენაესობა, ჰყავდეს მის მიერ არჩეული დამცველი, რომელსაც იგი ენდობა. ამიტომ, საკუთარი სახსრებით დამცველის მოწვევისას, დასაცავი პირი თავისუფალი უნდა იყოს დამცველის არჩევანში, რაც გულისხმობს არამარტო დამცველთა რაოდენობას, არამედ მათ მოქალაქეობრივ კუთვნილებასაც.
7. მოსარჩელის აზრით, პირის შეზღუდვა, საკუთარი უფლებების დასაცავად მოიწვიოს უცხოელი ადვოკატი, წარმოადგენს ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებულ პირთა თანასწორობის ფუნდამენტური უფლების უხეშ დარღვევას ეროვნული კუთვნილების მიხედვით. მოსარჩელე თვლის, რომ დისკრიმინაციის აკრძალვა, მართალია არ არის აბსოლუტური უფლება და უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება დაექვემდებაროს დასაბუთებულ უფლებრივ შეზღუდვებს, არ მიეცეს თუნდაც ისეთი პოლიტიკური უფლება, როგორიცაა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ დაუშვებელია ეროვნების მიხედვით პირის შეზღუდვა მის პროფესიულ საქმიანობაში. მით უმეტეს, თუ ამაზე თანხმობა გამოთქვა „დაცვის უფლების“ ინსტიტუტის უმთავრესმა ფიგურამ - დასაცავმა პირმა.
8. მოსარჩელე თვლის, რომ არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებს სადავო ნორმით დაწესებულ შეზღუდვას. იგი თავისი არგუმენტების გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გაწყვეტილებაზე „საქართველოს მოქალაქეები ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშერიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებთა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, „ადვოკატებთან დაკავშირებული ძირითად პრინციპების შესახებ“ გაეროს 1990 წლის კონვენციაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე.
II
1. 2010 წლის 29 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელე ვაჰაგან ჩახალიანის წარმომადგენელმა ნინო ჯინჭარაძემ. განცხადებაში მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სარგებლობს რა, საქართველოს კანონმდებლობით და მოსარჩელის მიერ მინიჭებული უფლებით, უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. მოსარჩელის უარი სასარჩელო მოთხოვნაზე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იწვევს საქმის შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოში.
III
ხელმძღვანელობს რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. შეწყდეს წარმოება №485 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ვაჰაგან ჩახალიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი