არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/486 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 12 ივლისი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ჯონი ხეცურიანი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2004 წლის 6 თებერვლის №3272-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის და „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2006 წლის 27 დეკემბრის №4133-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №486) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა „კონსტიტუციის დაცვის ეროვნულმა ლიგამ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2009 წლის 15 დეკემბერს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2010 წლის 28 ივნისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 30-ე, 31-ე და 39-ე მუხლები, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-13, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმატიული აქტები, სახელდობრ, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2004 წლის 6 თებერვლის საქართველოს კონსტიტუციური კანონი და „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2006 წლის 27 დეკემბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონი მიღებულია არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, თანაც საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი კონსტიტუციის გადასინჯვის წესების დარღვევით, რითაც შეილახა საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მისი „თანასწორობის უფლება პოლიტიკურ ცხოვრებაში“ და აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მასზე დაკისრებული ვალდებულება.
II
1. №486 სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა გაირკვეს, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას.
2. მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული ორივე საკანონმდებლო აქტი საქართველოს კონსტიტუციური კანონებია, რომლებითაც ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური კანონი მიიღება კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში (მათ შორის კონსტიტუციის გადასინჯვისას) და წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს. შესაბამისად, მას ისეთივე იურიდიული ძალა გააჩნია, როგორიც ძირითადი კანონის ნორმებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური კანონი, როგორც კონსტიტუციის განუყოფელი და ორგანული ნაწილი, თავად ქმნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და იგი შინაარსობრივი თვალსაზრისით, ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების ობიექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნებოდა კონსტიტუციის ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებასთან.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნის სახით დაყენებული საკითხის გადაწყვეტა სცილდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
III
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №486 (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ჯონი ხეცურიანი
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი