შპს ,,ჟინერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/312 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 5 იანვარი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: შპს ,,ჟინერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2004 წლის 15 ივნისის კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე: შპს ,,ჟინერის“ წარმომადგენელი გიორგი ყავლაშვილი.
შპს ,,ჟინერის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოში 2004 წლის 13 დეკემბერს შემოვიდა (რეგისტრაციის ნომერი 312). საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი ამავე წლის 20 დეკემბერს გადმოეცა არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2004 წლის 29 დეკემბერს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო აქტი - 2004 წლის 15 ივნისის კანონი ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ ზღუდავს საქართველოს კერძო სამართლის იურიდიული პირის, შპს ,,ჟინერის“, უფლებებს, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით. სადავო აქტით ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლს დაემატა მე-9 და 10-ე პუნქტები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებსა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს: საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს (ელექტრობაზარს) უფლება ეძლევა ქონდეს საკუთარი სრულფასოვანი ანგარიშსწორების ანგარიში და ქვეანგარიშების დაწესებით შეზღუდოს მისი წევრების ანგარიშზე რიცხული თანხების საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენების უფლება, რაც არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს, კონკურენციის წესებსა და საკუთრების უფლებას.
მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც, აღიარებული და გარანტირებულია საკუთრების უფლება. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები საკუთრების ობიექტით თავისუფალი სარგებლობისათვის. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კანონით დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის განმარტებით, არ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება ელექტრობაზარის წევრთა საკუთრების უფლების შეზღუდვისათვის.
მოსარჩელე მოითხოვს, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად და ამასთან ერთად, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეჩერდეს გასაჩივრებული აქტის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე: სადავო აქტი შეიძლება გამოცხადდეს ძალადაკარგულად, რაც არ ნიშნავს ბათილად ცნობას - მას არ ექნება გავლენა ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილ ვალდებულებებსა და სამართლებრივ შედეგებზე. ამასთან, კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ექვსთვიანი ვადის გათვალისწინებით, შპს ,,ჟინერს“ შეიძლება დიდი ხნით შეეზღუდოს საკუთრების უფლება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გააანალიზა შპს ,,ჟინერის“ 312-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, თანდართული მასალები და მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებები განმწესრიგებელ სხდომაზე, რის შედეგადაც გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჟინერის“ მიერ 2004 წლის 27 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილი იყო სხვა - 297-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი. ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით (№1/13/297) არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ შპს ,,ჟინერის“ ახალშემოტანილი - 312-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი შეადარა მისსავე წინანდელ - 297-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელს და მოსარჩელის წარმომადგენლის სათანადო განმარტებების გათვალისწინებით გამოავლინა მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებანი.
1. განსხვავება გამოიხატება იმით, რომ 312-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში აღარაა 297-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში არსებული და საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 6 ოქტომბრის №1/13/297 განჩინებაში მითითებული ცალკეული დარღვევები. სახელდობრ, წინა სარჩელს ხელს აწერდნენ მინდობილობით წარმომადგენლები, ამჯერად კი კონსტიტუციურ სარჩელს ხელს აწერს შპს ,,ჯინერის“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამდებობის პირი; გასაჩივრებული აქტის გამომქვეყნებელ ორგანოდ ახლა მართებულადაა მითითებული ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ და არა ,,საქართველოს პარლამენტის უწყებანი“; ასევე, ახლა კონსტიტუციურ სარჩელში აღარ იხსენიება საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის გამგეობის 1993 წლის 26 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული №5 ინსტრუქცია ,,საქართველოს რესპუბლიკის საბანკო დაწესებულებებში საანგარიშსწორებო, საკორესპოდენტო, სავალუტო, მიმდინარე, საბიუჯეტო და დროებითი ანგარიშების გახსნის შესახებ“, რომელსაც ადრე უმართებულოდ ეყრდნობოდა მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად.
სხვა მხრივ, შპს ,,ჟინერის“ 2004 წლის 27 ივლისის №297 და ამავე წლის 13 დეკემბრის №312 კონსტიტუციური სარჩელები იდენტურია.
2. ახალ სარჩელშიც, ისევე როგორც ადრინდელში (იხ. პირველი კოლეგიის 2004 წლის 6 ოქტომბრის №1/13/297 განჩინება), კვლავ არასწორადაა ჩამოყალიბებული მოთხოვნის არსი. შპს ,,ჟინერი“ არის საქართველოს ენერგეტიკის საბითუმო ბაზრის (ელექტრობაზრის) წევრი-ლიცენზიატი, სადავო აქტი კი პირდაპირ მომხმარებლებსაც შეეხება. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე ახლაც სადავო აქტის მთლიანად ძალადაკარგულად გამოცხადებას მოითხოვს.
312-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელშიც, №297-ე სარჩელის მსგავსად, არ არის დაცული კანონმდებლის მოთხოვნა კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობის დასაბუთების თაობაზე. როგორც პირველ, ისე მეორე საქმეში არსებული მასალები არ მიანიშნებენ, რომ სადავო აქტით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებები. შესაბამისად, არ დასტურდება სადავო აქტის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის სათანადო დებულებებთან.
ამგვარად, შპს ,,ჟინერის“ 312-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელსაც თანაბრად მიესადაგება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 6 ოქტომბრის განჩინება იმ მხრივ, რომ 297-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი შინაარსით არ შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც იგი, ამავე კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ პუნქტის ძალით, არ იქნა მიღებული არსებითი განხილვისათვის.
3. №312 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია იმავე საფუძვლით, როგორითაც 297-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი. ორივე შემთხვევაში დავის საგანი ერთი და იგივეა - ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ 2004 წლის 15 ივნისის კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას 312-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, როცა 2004 წლის 6 ოქტომბერს გამოიტანა განჩინება (№1/13/297) 297-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიუღებლობის შესახებ. 312-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი კი განმეორებითია -არსებითად იგივეა, რაც 297-ე ნომრით რეგისტრირებული ადრინდელი კონსტიტუციური სარჩელი.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმადაც ,,საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ... განსახილველად მიუღებლობა გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებითი ან სხვა კონსტიტუციური სარჩელის ... განსახილველად მიღებას“.
ორგანული კანონის ამ მოთხოვნის ძალით, შპს ,,ჟინერის“ 312-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლითა და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, მე-18 მუხლის ,,ა“ პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვისათვის შპს ,,ჟინერის“ 312-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2004 წლის 15 ივნისის კანონის კონსტიტუციურობის საკითხზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ვ. გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი