შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/313 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 26 იანვარი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე -თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი -მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლისა და ,,სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 16 აგვისტოს №3 ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 94-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი კონსტანტინე ნიკურაძე, მოპასუხის -საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები მარინე რობაქიძე და იოსებ ლომაშვილი, მოპასუხის -საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თეიმურაზ შარიქაძე და ზურაბ შინჯიაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2004 წლის 28 დეკემბერს გადმოეცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჯორჯიან ეარვეისის“ 313-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2005 წლის 17 იანვარს.
შპს ,,ჯორჯიან ეარვეისმა“ სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2004 წლის 21 დეკემბერს შემოიტანა. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პიველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
მოსარჩელის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი: სასამართლოსაგან პირველ რიგში მოითხოვა ეცნო სადავო აქტები ძალადაკარგულად კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ან, თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა -მიეღო სარჩელი არსებითი განხილვისათვის და შემდგომ ეცნო იგი არაკონსტიტუციურად.
პირველი მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიიჩნევს იმას, რომ სადავო აქტები, მისი აზრით, შინაარსით არსებითად იდენტურია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2003 წლის 10 იანვრის №2/1/187-188 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმებისა, რომლებსაც შეიცავდა საქართველოს კანონი ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №109 ბრძანებით დამტკიცებული დებულება ,,სამოქალაქო ავიაციის სფეროში ავიასაწარმოების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად უნდა ცნოს სადავო აქტები საქმის არსებითად განხილვის გარეშე.
მეორე მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიიჩნევს იმას, რომ სადავო ნორმები, მისი აზრით, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 94-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან.
მოსარჩელე ასევე ითხოვს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, შეჩერდეს სადავო აქტების მოქმედება, ვინაიდან ამ აქტებით დადგენილი გადასახდელის გადახდა გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს, კერძოდ, ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისის“ კანონიერ ინტერესებს მიაყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს, უკანონოდ შეზღუდავს მის უფლებას.
მოპასუხეების -საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, სადავო აქტები არ არის იდენტური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმებისა. მოპასუხეთა წარმომადგენლები ეთანხმებიან მოსარჩელე მხარის მოთხოვნას კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის წარმომადგენლისა და მოპასუხეთა წარმომადგენლების განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის უპირველესი, თანაც კატეგორიული მოთხოვნაა - ,,კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელეთა მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული წესით)“. განსახილველი (313-ე ნომრით რეგისტრირებული) კონსტიტუციური სარჩელი კი ხელმოწერილი არ არის შპს ,,ჯორჯიან ეარვეისის“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამდებობის პირის მიერ -მას ხელს აწერს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კ. ნიკურაძე, რომელიც თავს მიიჩნევს შპს ,,ჯორჯიან ეარვეისის“ მინდობილობით წარმომადგენლად, მაგრამ მისი რწმუნებულება გაცემულია არა მოსარჩელე იურიდიული პირის (,,ჯორჯიან ეარვეისის“), არამედ უკვე არარსებული ,,აირზენა საქართველოს ავიახაზების“ მიერ. მაშასადამე, კონსტიტუციური სარჩელი არ შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის ზემოთ მოყვანილ დებულებას და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთვოდეს მოსარჩელის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელს არ ერთვის შპს ,,ჯორჯიან ეარვეისის“ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ასეთ ვითარებაში მოსარჩელე შპს ,,ჯორჯიან ეარვეისი“ ვერც საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებამოსილ სუბიექტად ვერ ჩაითვლება.
ამგვარად, შპს ,,ჯორჯიან ეარვეისის“ 313-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ფორმით არ შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტების ძალით კი, ,,კონსტიტუციური სარჩელი ... განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“ და ,,შემოტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ“.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, მე-18 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჯორჯიან ეარვეისის“ კონსტიტუციური სარჩელი ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლისა და ,,სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 16 აგვისტოს №3 ბრძანების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)