ბესიკ გვაჯავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/419 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 15 ივნისი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვახტანგ გვარამია - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
ბესარიონ ზოიძე - მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: ბესიკ გვაჯავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ბესიკ გვაჯავა.
სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
მოსარჩელე ბესიკ გვაჯავა ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, რომელსაც შეეფარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების – უკანონო განაჩენისა და გადაწყვეტილების გამოტანისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი უკანონო განაჩენის გამოტანა, თუ სასჯელის სახით დანიშნულია თავისუფლების აღკვეთა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვით სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. მოსამართლის სამსახურებრივი პირობები კი განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“
ორგანული კანონით. ამ კანონის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. არავის არა აქვს უფლება მოსამართლეს მოთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა შესაძლებლობას იძლევა უკანონო გადაწყვეტილების გამოტანისათვის სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს იმ პირობებში, როდესაც განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების უკანონობა არ დაუდგენია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს და შესაძლებელია იგი კანონიერ ძალაშია შესული. ეს კი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საჯარო სამსახურის პირობებს.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ხარვეზიანია იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში გათვალისწინებულ ქმედებას არა აქვს ობიექტი, რადგანაც უკანონო გადაწყვეტილების ცნება არ არსებობს. სანამ გადაწყვეტილება ძალაშია იგი კანონიერად ითვლება, ხოლო როდესაც ზემდგომი ინსტანციის მიერ გაუქმდება უკვე გადაწყვეტილებად აღარ შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ, მოსარჩელის მიერ განზრახ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა ობიექტურად შეუძლებელია.
მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმა მოითხოვს გარკვეულ კორექტირებას იმაზე ხაზგასმით, რომ განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით უშუალოდ შეილახა მისი უფლება, რადგან ამ ნორმის საფუძველზე შეეფარდა სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
მოსარჩელე მოითხოვს, რომ მისი სარჩელი მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად და გადაწყდეს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი.
II
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების და მოსარჩელე მხარის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებული გარემოებები.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად მოსარჩელემ უნდა მოიყვანოს მტკიცებულებანი, რომლებიც მისი აზრით ადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. ამგვარად, კანონმდებლობის თანახმად, მოსარჩელეს უპირველეს ყოვლისა ეკისრება ვალდებულება ამტკიცოს სადავო ნორმის მიმართება კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ უფლებასთან. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. აღნიშნული გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი, თანამდებობის დაკავების წესი, მოხელეთა უფლება–მოვალეობები, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები უნდა განისაზღვროს კანონით. სისხლის სამართლის კოდექსის სადავო მუხლი კი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკანონო გადაწყვეტილების გამოტანისათვის, რასაც არ ეხება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ დაასაბუთა სადავო ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი, ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
III
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7, მე-8 პუნქტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30, 31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად ბესიკ გვაჯავას 419-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ვ. გვარამია;
ქ. ერემაძე;
ბ. ზოიძე.