საქართველოს მოქალაქე დავით ნატროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/462 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 5 ნოემბერი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი-სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია-წევრი, (მომხსენებელი მოსამართლე);
ქეთევან ერემაძე-წევრი;
ბესარიონ ზოიძე-წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: დავით ნატროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის№462) მიმართა დავით ნატროშვილმა. არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით, კოლეგიას საქმე გადაეცა 2008 წლის 8 ოქტომბერს. განმწესრიგებელი სხდომა ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე 2008 წ. 28 ოქტომბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მეორე პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ დავით ნატროშვილი ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2007 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა რვა წლის ვადით. სასჯელს იხდის ქ. რუსთავის №2 საპყრობილეში. ვინაიდან პატიმარს 2007 წლის 16 ივლისს ჩაუტარდა ალტერნატიული ექსპერტიზა და ექსპერტის დასკვნით დაუდგინდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, იგი იმყოფება საპყრობილის სამკურნალო დაწესებულებაში. 2007 წ. 18 სექტემბრის განმეორებითი ექსპერტიზით მას დაუდგინდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა. ამასთან, იგი დაავადებულია „C“ ჰეპატიტით და ტუბერკულოზით.
4. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ რუსთავის №2 საპყრობილის სამკურნალო დაწესებულება არის არალიცენზირებული. იქ არ არსებობს ფსიქიატრიული განყოფილება და, შესაბამისად, არა ჰყავთ ფსიქიატრი. აქედან გამომდინარე, პატიმარი არ არის უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური მკურნალობით. მისი ჯანმრთელობა კრიტიკულია, დაწესებულების ლიცენზიის არარსებობის გამო, ვერ იღებს საჭირო ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულს ერღვევა აგრეთვე ისეთი მნიშვნელოვანი და ხელშეუვალი კონსტიტუციური უფლება, როგორიცაა სიცოცხლის უფლება. მოსარჩელის აზრით, მისი ასეთი მდგომარეობა განპირობებულია სადავო ნორმით, რომლის თანახმად: „ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით განსაზღვრულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება“.
სარჩელის მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის დასახელებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რადგან სასჯელაღსრულების სისტემაში სამკურნალო დაწესებულებებზე ლიცენზიის გაუცემლობის შედეგად, ამ სფეროზე არ ვრცელდება სახელმწიფო კონტროლი.
II
1. კონსტიტუციურ სარჩელში გამოკვეთილი უნდა იყოს სადავო ნორმის საგნობრივი მიმართება კონსტიტუციის იმ დებულებებთან, რომლებთან მიმართებითაც მოსარჩელე მოითხოვს მის გაუქმებას. 462-ე ნომრით რეგისტრირებულ სარჩელში არ დასტურდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ამგვარი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან. დასახელებული კანონი არეგულირებს, სახელმწიფოს მხრიდან, გარკვეული სახის საქმიანობაზე, მათ შორის სამედიცინო საქმიანობაზე, უფლების მინიჭების საკითხებს. სახელმწიფოს მხრიდან ჯანმრთელობის დაცვის სფეროზე კონტროლო კი ხორციელდება არამარტო ლიცენზირების გზით, ე. ი. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლი არ გულისხმობს მხოლოდ ლიცენზირების შემოღების აუცილებლობას ამ სფეროში.
სამედიცინო დაწესებულება, ლიცენზირებულია თუ არალიცენზირებული, ყველა შემთხვევაში, იგი კონსტიტუციურადაა ვალდებული, განახორციელოს ჯეროვანი სამედიცინო მომსახურობა და დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს „მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას“. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტიც, რომლის მიხედვით „კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“.
კონსტიტუციური სარჩელი არ პასუხობს კანონმდებლობის აღნიშნულ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, „კონსტიტუციური სარჩელი -- განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“.
III
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 271 მუხლით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის დავით ნატროშვილის 462-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
2. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
3. ქეთევან ერემაძე
4. ბესარიონ ზოიძე