საქართველოს მოქალაქე ცისანა კოტაევა და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/420 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 5 ოქტომბერი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე- სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე
ოთარ სიჭინავა- წევრი
ჯონი ხეცურიანი- წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ცისანა კოტაევა და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს მოქალაქეების ცისანა კოტაევას, ციალა მუმლაძის, გულიკო მჟავანაძისა და ლუარა გორდაძის 420-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2007 წლის 22 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2007 წლის 5 აპრილს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლი.
3. სადავო ნორმა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტი, შემდეგი შინაარსისაა: „პირველად არჩეულმა დირექტორმა რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
4. მოსარჩელეები ც. კოტაევა, ლ. გორდაძე და გ. მჟავანაძე არიან მასწავლებლები ქ. ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლებში, ხოლო მოსარჩელე ც. გორდაძე 1994 წლიდან 2007 წლის 9 იანვრამდე მუშაობდა ქ. ბათუმის №6 საჯარო სკოლაში მასწავლებლად და მასთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
5. მოსარჩელეების აზრით, სადავო ნორმამ უთანასწორო პირობებში ჩააყენა მასწავლებლები, ახლად არჩეული დირექტორები ვალდებული არიან გაათავისუფლონ ყველა პედაგოგი და გაუფორმონ მათ ვადიანი ხელშეკრულებები, რაც აუარესებს პედაგოგთა სოციალურ მდგომარეობას, ლახავს მათ უფლებებსა და თავისუფლებებს.
არც კანონით და არც კანონქვემდებარე აქტით არ არის განსაზღვრული, მასწავლებელთა შერჩევის კრიტერიუმები და მათთან დასადები ხელშეკრულების ვადა. ირღვევა მასწავლებლის (პროფესიული) უფლება იყოს კანონის წინაშე თანასწორი. მას არ ეძლევა საშუალება, რომ კვალიფიციისა და გამოცდილების მიხედვით იქნეს შერჩეული და კანონით განსაზღვრული ვადით დანიშნული. გაურკვეველია, თუ რა სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა მასწავლებლის სტატუსი და გაუგრძელდება თუ არა მას შრომითი ხელშეკრულება მომდევნო დირექტორების არჩევის შემდეგ, აქედან გამომდინარე, დარღვეულია კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო ნორმით ილახება კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცული მათი და 72 000 პედაგოგის პატივი და ღირსება. თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს, სარჩელში არგუმენტირებული არ არის.
დარღვეულია კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული თავისუფალი შრომის უფლება. შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსარჩელეებს აღარ ეძლევათ შრომის უფლება. ადრე მოქმედი კანონით მასწავლებლები დანიშნული იყვნენ საშტატო თანამდებობებზე უვადოდ, სადავო პუნქტმა კი შეცვალა ეს ურთიერთობა. სადავო ნორმა ასევე უგულებელყოფს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტსაც, რომლის მიხედვითაც შრომის უფლება დაცულია.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ „მასწავლებელთა დათხოვნა და მათი ხელშეკრულებით აყვანა ნიშნავს საქართველოს მიერ რატიფიცირებულ და მიერთებულ საერთაშორისო ხელშეკრულებების, პაქტების და ოქმების დარღვევასა და უგულვებელყოფას“. ამის გამო, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტიცაა დარღვეული, რადგანაც სავსებით შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულება იყოს ისეთი სტანდარტის ან მოკლე ვადის, რომლის შემდგომაც მოსარჩელეებს აღარ გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება. ამით გაუარესდება მათი როგორც სოციალური პირობები, ასევე ეკონომიური მდგომარეობა.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №420 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე 2007 წლის 22 ივნისს.
II
1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები. ერთ-ერთი მოსარჩელე, ც. მუმლაძე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კონსტიტუციური სარჩელით მომართვის დროს არ იყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი. ის ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვაზე უფლებამოსილი სუბიექტი- კონსტიტუციური სარჩელიდან და თანდართული მასალებიდან ჩანს, რომ სადავო ნორმით არ მომხდარა მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევა და მომავალშიც არ არსებობს უფლებების პოტენციური დარღვევის რეალური და გარდაუვალი საფრთხე.
2. კონსტიტუციის მე-14 მუხლი იცავს არა რომელიმე პროფესიის წარმომადგენლების, მათ შორის მასწავლებლის „პროფესიულ უფლებებს“, არამედ ადგენს, რომ „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერიას, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. სარჩელში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად როგორ, ვისთან მიმართებით და რა ნიშნით განხორციელდა მოსარჩელეთა არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება ან მათი თავისუფლების ხელყოფა. გარდა ამისა, სადავო ნორმის მოქმედება ვრცელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელზე. ამ თვალსაზრისით, ნორმის შინაარსი სრულიად ნათელია და ვარაუდის დონეზეც კი ვერ მოხდება იმის დაშვება, რომ მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი კანონმა განსხვავებულ პირობებში ჩააყენა.
3. რაც შეეხება სადავო ნორმის მიმართებას კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი არ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ მათი აზრით, რაში გამოიხატება ამ მუხლის დარღვევა.
4. სადავო ნორმის შინაარსიდან აშკარად ჩანს, რომ ის ვერ იქნება გამოყენებული მასწავლებლების თანამდებობიდან გასათავისუფლებლად ან მათი უფლებების შესაზღუდად. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტი არათუ მასწავლებლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ან უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, არამედ პირიქით, ავალებს ახალი წესით პირველად არჩეულ დირექტორს რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ყველა მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. შრომითი ხელშეკრულებების დადება მასწავლებლებთან ნიშნავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მათი შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას, რამდენადაც ამ ურთიერთობის სამართლებრივ საფუძველს სწორედ ეს ხელშეკრულებები წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ შრომითი ურთიერთობის ფორმა არსებითად იგივე დარჩა- „განათლების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის 31-ე მუხლის (საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგი) მე-3 პუნქტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგის სამუშაოზე მიღებას ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელეთა მსჯელობა ამ მიმართებით აშკარად მცდარია.
5. ასევე არ არის არგუმენტირებული მოსარჩელეთა მოთხოვნა კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით. გაურკვეველია, თუ რატომ არღვევს სადავო ნორმა კონსტიტუციის ამ მოთხოვნას. კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და არა შრომითი უფლებების დაცვას, რომელსაც კონსტიტუციის 30-ე მუხლი აწესრიგებს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციასთან და არა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან.
6. შრომით უფლებებს ასევე არ შეეხება კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმტკიცებულია მოქალაქეთა თანასწორობა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. მოსარჩელეებს არც იმის დასაბუთება წარმოუდგენიათ, თუ როგორ დაარღვია სადავო ნორმამ მათი უფლება თავისუფლად, დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე, განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.
7. როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელეებს არასწორად აქვთ გაგებული არა მხოლოდ სადავო ნორმის, არამედ კონსტიტუციის იმ ნორმების შინაარსიც, რომლებთან მიმართებითაც აყენებენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს. არგუმენტაცია ზოგ შემთხვევაში არ არსებობს, ხოლო ძირითადად კი- მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და აშკარად არ არის კავშირში სადავო ნორმისა და კონსტიტუციური ნორმების შინაარსთან. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილ მსჯელობას და თანდართულ მასალას ვერ ჩათვლის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულებებად და კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №420 (საქართველოს მოქალაქე ცისანა კოტაევა და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი