მოსარჩელე ფედლი კულაევი და მისი წარმომადგენლები: თამარ კორძაია და ბესარიონ ბოხაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/314 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 9 თებერვალი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (სხდომის თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი -წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა -წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოსარჩელე ფედლი კულაევი და მისი წარმომადგენლები: თამარ კორძაია და ბესარიონ ბოხაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 38-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ფედლი კულაევი და მისი წარმომადგენლები: მოსარჩელის წარმომადგენლები: თამარ კორძაია და ბესარიონ ბოხაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს 2005 წლის 11 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №314) მომართა მოსარჩელე ფედლი კულაევმა და მისმა წარმომადგენლებმა თამარ კორძაიამ და ბესარიონ ბოხაშვილმა. სასამრთლოს თავმჯდომარის რეზოლუციით კოლეგიას საქმე გადაეცა ა.წ. 17 იანვარს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლი, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი.
დავის საგანს წარმოადგენს ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 38-ე მუხლებთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფედლი კულაევი სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის დადგენილების საფუძველზე გადასახლებულ იქნა ყაზახეთში, სადაც 1956 წლამდე აღრიცხვაზე იმყოფებოდა სპეცკომენდატურაში.
1999 წელს სასამართლომ დააკმაყოფილა ფედლი კულაევის მოთხოვნა და ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოსარჩელე რეპრესირებულად სცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფედლი კულაევი 2003 წლის 24 ნოემბრამდე სარგებლობდა რეპრესირებულთათვის დადგენილი სოციალური შეღავათებით. 2003 წელს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის ფილიალმა მიმართა სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, რის საფუძველზეც სასამართლომ ფედლი კულაევი, როგორც მისი წარმომადგენლები მიიჩნევენ, მიაკუთვნა ეთნიკურ ჯგუფს, შეცვალა წინა გადაწყვეტილება და მოსარჩელეს სოციალური შეღავათით სარგებლობის უფლება შეუწყდა.
მოსარჩელის წარმომადგენელთა აზრით, ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებამ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი.
მოსარჩელის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სადავო აქტებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, 21-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლება და აგრეთვე დარღვეულია 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება საქართველოს მოქალაქეთა სოციალური თანასწორობის შესახებ.
მოსარჩელის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც, ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე პოლიტიკური რეპრესია განიცადეს 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე. ხოლო სადავო მუხლი ეთნიკური ნიშნით პირთა წრეს ავიწროებს, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებული პირების რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება.
მოსარჩელის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკითხისადმი მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციულია და არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს.
ზემოთქმულის დასადასტურებლად მოსარჩელის წარმომადგენლებს მოყვანილი აქვთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.
მოსარჩელის წარმომადგენლები თვლიან, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით დადგენილი პირთა ჯგუფებისათვის რეაბილიტაციის ცალკე წესიც რომ არსებობდეს, მაინც დისკრიმინაციული იქნებოდა ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის სოციალური შეღავათებით სარგებლობის უფლება ეთნიკურობის ნიშნით განსხვავდებოდა.
მოსარჩელის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც, ვიანიდან სასამართლოების პრაქტიკის მიხედვით საკუთრებაში მოიაზრება არა მხოლოდ რეალურად არსებული ქონება, არამედ ის მატერიალური სიკეთე, რომელსაც პირი მიიღებდა სამართლებრივი ბარიერის არ არსებობისას. მათი აზრით, მოსარჩელე აკმაყოფილებს ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს რათა აღიარებულიყო რეპრესირებულად და შესაბამისად მიეღო ამავე კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული სოციალური შეღავათი და ფულადი კომპენსაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა განიმარტოს როგორც საკუთრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის წარმომადგენელთა აზრით, ფედლი კულაევი წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, რადგან სადავო აქტით დაირღვა მისი კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლებები.
წარმომადგენლის განმარტებათა საფუძველზე გამოირკვა შემდეგი გარემოებანი:
1. კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 15 ივნისის საარქივო ცნობის შესაბამისად, მოსარჩელე ფედლი კულაევი 1944 წელს გადასახლებული იყო ყაზახეთში, სადაც იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში 1956 წლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქე ფედლი კულაევმა განიცადა პოლიტიკური რეპრესია -იყო გადასახლებული. სადავო კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე. ამრიგად, დასახელებული კანონი გამომდინარე პირველი მუხლის მე-2 პუნქტიდან უნდა გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვინც შესაბამის პერიოდში განიცადა პოლიტიკური რეპრესია განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა.
რაც შეეხება კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმას, რომლის თანახმად: ,,ეს კანონი არ ვრცელდება 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომლეთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება, საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, იგი გულისხმობს სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პოლიტიკური პირობების შექმნას მათი რეპატრიაციის პროცესის დასაწყებად.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა ვერ მოიყვანეს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძვლიანობას. კერძოდ, სადავო აქტის მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 38-ე მუხლებით აღიარებულ მოსარჩელის უფლებებთან ან მათ შესაძლო დარღვევასთან. რაც შეეხება იმ საკითხს თუ რამდენად სწორად მოხდა საერთო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის განმარტება, აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან იგი არ შედის მის კომპეტენციაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მეორე კოლეგია თვლის, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ არის დასაბუთებული და მიუთითებს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში, ასევე არ არის დაცული ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელეთა მიერ. ამავე კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად კი, ,,კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ: ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე, 31-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლო
ადგენს
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად 314-ე ნომრით რეგისტრირებული მოსარჩელე ფედლი კულაევის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 38-ე მუხლებთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ნ. ჩერქეზიშვილი
ო. ბენიძე
ლ. ჩორგოლაშვილი
ზ. ჯინჯოლავა
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის განჩინება, რომლითაც ფედლი კულაევს უარი ეთქვა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე, სწორად მიმაჩნია, მაგრამ არ ვეთანხმები განჩინების სამოტივაციო ნაწილის პირველ პუნქტს, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს ამ პირთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითება სავალდებულოა და შემდგომში უსათუოდ შეზღუდავს საერთო სასამართლოს, რომლის კომპეტენციაში შედის პოლიტიკური რეპრსიების მსხვერპლად აღიარების საკითხის გადაწყვეტა, სადავო კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად.
სადავო კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტმა თვითონ განსაზღვრა, რომ მისი მოქმედება საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება, მაგრამ იმავე მუხლის მე-3 პუნქტში მიუთითა, რომ დეპორტირებულ ჯგუფებს იგი არ შეეხება. განჩინების პირველი პუნქტით არ არის დაძლეული კანონის ამ ორი ნორმის ერთობლივი მოქმედებით გამოწვეული შეუსაბამობა.
გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნა სადავო კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, უპასუხოდ დარჩა. განჩინება არ მიუთითებს არცერთ არგუმენტს, რატომ არ იქნა მიღებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად, სწორედ ნორმის სადავო დებულებასთან მიმართებით.
ამავე დროს, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმა მიმაჩნია მართებულად შემდეგი მოსაზრებებით:
,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებასა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლები ამომწურავად ჩამოთვლის შემთხვევებს, რომლებიც პოლიტიკურ რეპრესიებად და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევა. აქ არ მოაზრება დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებული პირები, რომელთა რეაბილიტაციის წესი კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცალკე უნდა იქნეს განსაზღვრული. კანონმდებელმა ეთნიკური ჯგუფების დეპორტაციის მასშტაბურობისა, თუ სხვა გარემოებათა გამო ამ საკითხის ცალკე კანონით მოწესრიგება მიიჩნია საჭიროდ.
მიმაჩნია, რომ განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად და დისკრიმინაციად. მით უფრო, სადავო კანონი ამ საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ცალკე იმიტომ კი არ გამოყოფს რომ ესა თუ ის პირი ამა თუ იმ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება (ე.ი. გამორიცხულია ეთნიკური დისკრიმინაცია), არამედ დეპორტაციის სპეციფიურობის გათვალისწინებით. ამ პირთა სტატუსის ყველა ასპექტის გადაწყვეტა ქვეყნის ხელისუფლების პრეროგატივაა, მაშინდელი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეობის გათვალისწინებით.
ვინაიდან დეპორტირებულ პირთა რეაბილიტაციის წესის დადგენაზე კანონმდებელს უარი არ უთქვამს, მხოლოდ მისი ცალკე მოწესრიგება სცნო საჭიროდ და სადავო კანონით ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ნორმის კონსტიტუციურობაზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ მომავალში უნდა მიიღოს, თავის კომპეტენციის ფარგლებში და ვერ შეიჭრება პარლამენტის ფუნქციებში.
ამასთან ერთად, ვთვლი, რომ დეპორტირებულ პირთა სოციალური დაცვის საკითხი არ შეიძლება სამართლებრივი მოწესრიგების მიღმა დარჩეს და ვინაიდან საკანონმდებლო ორგანომ აიღო ეს ვალდებულება, იგი უნდა მიუბრუნდეს სადავო ნორმატიული აქტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მითითებას ამ პირთა რეაბილიტაციის ცალკე განსაზღვრის თაობაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო საამართლოს წევრი
ლამარა ჩორგოლაშვილი