საქართველოს მოქალაქეები – კახაბერ ძაგანია და პაატა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/504 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 29 დეკემბერი 2011 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - კახაბერ ძაგანია და პაატა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ 2010 წლის 1 ოქტომბრის №3650 - IIს საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტაციის №504) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა კახაბერ ძაგანიამ და პაატა ჯიბლაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2010 წლის 8 ნოემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი და მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. №504 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლს დაემატა 11 პუნქტი, რომლის მიხედვით, „კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სალიცენზიო პირობების დარღვევა და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას“.
სადავო კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა 496 მუხლი, რომელიც, თავის მხრივ, 5 პუნქტისაგან შედგება. პირველი პუნქტი აწესებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინების ადმინისტრირებას ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით. მე-2 პუნქტი ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ადმინისტრირების ერთიანი სისტემის გავრცელების არეალი (ტერიტორიული ფარგლები), ამ სისტემით მომსახურების გამწევი პირები და მათ შორის განსაზღვროს პირი, რომელიც ადმინისტრირების ერთიანი სისტემით მოახდენს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირებას. მე-3 პუნქტის თანახმად „ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრატორსა და მომსახურების გამწევ სხვა პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ მინიმალური ღირებულების პრინციპით და ხელშეკრულება გააფორმონ არადისკრიმინაციულ და სამართლიან საფუძველზე. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისია“. ხოლო მე-4 პუნქტი ადგენს ადმინისტრატორის ვალდებულებას, ქვითარში ასახული მომსახურების ღირებულების ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა. მე-5 პუნქტის შესაბამისად, „მომსახურების გამწევი პირები ვალდებულნი არიან მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზები შესაბამისობაში მოიყვანონ სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზებთან“.
სადავო კანონის მე-2 მუხლი მომსახურების გამწევ პირებს თავიანთი ბაზების სამოქალაქო რეესტრის ბაზებთან შესაბამისობაში მოსაყვანად განუსაზღვრავს ვადას 2011 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მე-3 მუხლი კი განსაზღვრავს აღნიშნული კანონის ძალაში შესვლის საკითხს და ადგენს, რომ კანონი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ამასთან, აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
5. მოსარჩელეთა აზრით, სადავო კანონის მიზანია, ოთხი სახეობის სხვადასხვა პროდუქტის ანგარიშსწორების ერთიან ფორმატში მოქცევა, რაც გულისხმობს ერთი სახეობის პროდუქტზე დავალიანების არსებობის ან ანგარიშსწორების დაგვიანების შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული საერთო საჯარიმო სანქციების ამოქმედებას. აღნიშნული პროდუქტები საციცოცხლო მნიშვნელობისაა და მათზე მოცემული რეგულირების გავრცელება უხეშად არღვევს მომხმარებელთა უფლებებს. მოსარჩელეები ასევე მიიჩნევენ, რომ თითოეული მომსახურების გამწევი პირი (კომპანია) ბაზარზე ბუნებრივი მონოპოლისტია, ისინი განსხვავებული სამართლებრივი ფორმით არსებობენ და მომხმარებლებთან ორმხრივი ვალდებულებითი ხელშეკრულებებიც კი არა აქვთ გაფორმებული, რაც ასევე არღვევს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველის პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №504 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე 2011 წლის 29 დეკემბერს.
II
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაერთხელ განიმარტა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი წინა პირობები. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ 2010 წლის 1 ოქტომბრის №3650 - IIს საქართველოს კანონს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმატიული აქტი არეგულირებს სამართლებრივი ურთიერთობის სამ განსხვავებულ ასპექტს. კერძოდ, იგი განსაზღვრავს კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგს (პირველი მუხლის პირველი პუნქტი), ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების გაწევისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირების წესს (პირველი მუხლის მე-2 პუნქტი), მომსახურების გამწევ პირთა ვალდებულებას, მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზები შესაბამისობაში მოიყვანონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზებთან (მე-2 მუხლი).
საქმის არსებითად განხილვის ფორმატში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, აუცილებელია კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ მოყვანილ იქნეს ის არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს ნათლად დაანახვებს შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმებსა და სარჩელში დასახელებულ კონსტიტუციის დებულებას შორის. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ არაორაზროვნად მიუთითა: „იღებს რა კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს შინაარსობრივი მიმართება ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ ნორმებსა და ამ ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხოლო მეორე მხრივ კი - კონსტიტუციის იმ ნორმებს შორის, რომლებთან მიმართებითაც არის დამდგარი კონსტიტუციურობის საკითხი. სწორედ ეს მიმართება აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს საფუძველს, რომ არსებითი განხილვისას მას ექნება ობიექტური შესაძლებლობა იმსჯელოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება #2/2/389 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს სადავო კანონის თითოეული ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან შინაარსობრივი მიმართებისა და მათი უფლების შეზღუდვის არსებობა.
3. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო კანონით მომხმარებლისთვის განსაზღვრული ოთხი სახეობის სხვადასხვა პროდუქტის ანგარიშსწორების ერთიან ფორმატში მოქცევა გულისხმობს ერთ-ერთ მათგანზე დავალიანების არსებობისას კანონით გათვალისწინებული საერთო საჯარიმო სანქციების ამოქმედებას. მოსარჩელეები ასევე სადავო ნორმას უკავშირებენ და პრობლემატურად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ მომსახურების გამწევი პირები ბაზარზე ბუნებრივი მონოპოლისტები არიან და სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით არსებობენ, რაც ასევე იწვევს მომხმარებელთა უფლებების დარღვევას.
კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ეფუძნება გასაჩივრებული ნორმების მცდარ ინტერპრეტაციას. მათ არასწორად ესმით სადავო კანონით განსაზღვრული რეგულირებების არსი და სამართლებრივი ბუნება. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო კანონის ნორმები სამართლებრივი ურთიერთობის სამ განსხვავებულ ასპექტს აწესრიგებს და მათგან არც ერთი არ უკავშირდება ბუნებრივი მონოპოლიების განსაზღვრისა და მომხმარებლის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენების საკითხებს. შესაბამისად, სარჩელში მოყვანილ არგუმენტაციას და სადავო ნორმებს შორის კავშირი არ იკვეთება.
4. №504 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არგუმენტაცია ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ იგი ძირითადად იმეორებს გასაჩივრებული ნორმატიული აქტის კონკრეტული დებულებების ტექსტს და არ იძლევა რაიმე დამატებით ინფორმაციას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებას მისცემდა, დაენახა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და იმ კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ მომხმარებელთა უფლებებს შორის, რომელთა დარღვევაზეც აპელირებენ მოსარჩელეები. კონსტიტუციურ სარჩელში არ იკვეთება არც ერთი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა საქმის არსებითი განხილვის ფორმატში ემსჯელა სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. ამასთანავე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეების მიერ მითითებული სარჩელის შემოტანის საფუძვლები, შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის ნაცვლად, სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, ხოლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რომელზედაც აპელირებენ მოსარჩელეები, აღნიშნულ კანონში საერთოდ არ გვხვდება.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №504 (საქართველოს მოქალაქეები კახაბერ ძაგანია და პაატა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი