საქართველოს მოქალაქეები გიორგი წაქაძე და ნონა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/315 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 3 თებერვალი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები გიორგი წაქაძე და ნონა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“ 2001 წლის 20 ივნისის საქართველოს კანონის და ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ 2003 წლის 2 ივნისის საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე გიორგი წაქაძე და მოპასუხის წარმომადგენლები სალომე მეზვრიშვილი და იოსებ ლომაშვილი.
საქართველოს მოქალაქეების გიორგი წაქაძისა და ნონა ხაზარაძის 315 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2005 წლის 12 იანვარს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით იგი გადმოეცა 17 იანვარს, 27 იანვარს კი ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 39-ე მუხლები, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
განმწესრიგებელ სხდომაზე საქმის განხილვის დროს, მოსარჩელე გიორგი წაქაძემ გამოიყენა რა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება, უარი თქვა თავის სასარჩელო მოთხოვნაზე და განაცხადა, რომ იგი რჩება მხოლოდ მოსარჩელე ნონა ხაზარაძის წარმომადგენლად, რის თაობაზეც სასამართლოს გადასცა შესაბამისი რწმუნებულება. ამასთან ერთად, გიორგი წაქაძემ, როგორც ნონა ხაზარაძის წარმომადგენელმა დააზუსტა დავის საგანი და მოითხოვა მხოლოდ ერთი სადავო აქტის - ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2003 წლის 2 ივნისის საქართველოს კანონის კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით ყოველ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით მას გარანტირებული აქვს დაცვის უფლება. ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ძალით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით მხარეებს მინიჭებული აქვთ უფლება სასამართლოში საქმე აწარმოონ წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო 94-ე მუხლით დადგენილია, რომ სასამართლოში მხარეების წარმომადგენლად შეიძლება იყვნენ როგორც ადვოკატები, ასევე ნებისმიერი ქმედუნარიანი პირები. სადავო ნორმატიული აქტით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 440-ე მუხლში შეტანილი ცვლილება კი სერიოზულად ზღუდავს წარმომადგენლის ინსტიტუტს. კერძოდ, პირებს, რომელთაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება, 2006 წლის 1 ივნისიდან ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატასა და საოლქო სასამართლოში. სადავო ნორმის არსებობის პირობებში, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა დარჩება კონსტიტუციური გარანტიების დაცვის გარეშე, რადგანაც მათ არ ექნებათ საშუალება დაიქირავონ ადვოკატი.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენლების განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნით, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონისა და ამ კანონის (ე.ი. ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის) დებულებები, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლია მითითებული მთლიანად და არა მისი კონკრეტული დებულება, კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი.
გარდა ამისა, სარჩელში სადავო აქტის სახელწოდებაც არასწორად არის მითითებული. კერძოდ, ნაცვლად ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2003 წლის 2 ივნისის საქართველოს კანონისა, მითითებულია ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ 2003 წლის 2 ივნისის საქართველოს კანონი, ეს კი არ პასუხობს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ,,კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ... აზრით, ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას“. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს ,,მტკიცებულებანი, რომლებიც მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას.“ სასამართლო კოლეგიის აზრით კანონმდებლის აღნიშნული მოთხოვნა კონსტიტუციურ სარჩელში არ არის შესრულებული და ამიტომ იგი დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებები არ მიანიშნებენ, რომ სადავო აქტით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მოსარჩელის ის უფლებები, რომლებიც განმარტებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებით. სარჩელში ზოგადადაა საუბარი იმ მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის ამოქმედების შემდგომ, არ ექნებათ საშუალება სასამართლოში თავიანთი უფლებების დასაცავად მიმართონ ადვოკატს მათთვის მიუწვდომელი დიდი გადასახადების დაწესების გამო.
ამგვარად, ირკვევა, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი არ შეესაბამება საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ამის გამო კი იგი, ამავე კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტების ძალით, ვერ იქნება განსახილველად მიღებული.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების გიორგი წაქაძისა და ნონა ხაზარაძის 315-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2003 წლის 2 ივნისის საქართველოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი