საქართველოს მოქალაქე როინ ხიჯაკაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/505 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 29 დეკემბერი 2011 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე როინ ხიჯაკაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტაციის №505) მომართა საქართველოს მოქალაქე როინ ხიჯაკაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2010 წლის 9 ნოემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები, 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. №505 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინების ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრატორსა და მომსახურების გამწევ სხვა პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ მინიმალური ღირებულების პრინციპით და ხელშეკრულება გააფორმონ არადისკრიმინაციულ და სამართლიან საფუძველზე. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისია. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს ადმინისტრატორის ვალდებულებას ქვითარში ასახული მომსახურების ღირებულების ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა.
4. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ამასთან, აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
5. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმებით იზღუდება თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების კონსტიტუციით აღიარებული თავისუფლება და ხდება სახელმწიფოსადმი დაკისრებული კონსტიტუციური ვალდებულების უხეში დარღვევა. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კონსტიტუციისა და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობები, მათ შორის საფასურის გადახდის ფორმა და წესი, განისაზღვრება მათივე შეთანხმებით, ხოლო სადავო ნორმატიული აქტის თანახმად, ამ ურთიერთობების დარეგულირება ხდება მესამე პირთა ნება-სურვილის შესაბამისად, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველის პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №505 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე 2011 წლის 29 დეკემბერს.
II
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი წინა პირობები. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებს, რომლებიც განსაზღვრავენ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირების წესს.
საქმის არსებითად განხილვის ფორმატში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, აუცილებელია კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ მოყვანილ იქნეს ის არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს ნათლად დაანახვებს შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმებსა და სარჩელში დასახელებულ კონსტიტუციის დებულებას შორის. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ არაორაზროვნად მიუთითა: „იღებს რა კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს შინაარსობრივი მიმართება ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ ნორმებსა და ამ ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხოლო მეორე მხრივ კი - კონსტიტუციის იმ ნორმებს შორის, რომლებთან მიმართებითაც არის დამდგარი კონსტიტუციურობის საკითხი. სწორედ ეს მიმართება აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს საფუძველს, რომ არსებითი განხილვისას მას ექნება ობიექტური შესაძლებლობა იმსჯელოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/2/389 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ თითოეულ სადავო ნორმას შინაარსობრივი მიმართება აქვს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან და ზღუდავს აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით გარანტირებულ მის უფლებას.
3. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევენ კონსტიტუციით განმტკიცებულ მომხმარებელთა უფლებებს და მეწარმეობისა და კონკურენციის თავისუფლებას. მისი აზრით, სადავო ნორმებით სახელმწიფო უხეშად არღვევს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებებს, თუმცა მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს ეყრდნობა აღნიშნული მსჯელობა და რა შინაარსობრივი კავშირი აქვს მას კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან.
4. №505 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არგუმენტაცია ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ იგი ძირითადად იმეორებს გასაჩივრებული ნორმატიული აქტის კონკრეტული დებულებების ტექსტს და არ იკვეთება არც ერთი არგუმენტი (გარდა იმისა, რომ სადავო ნორმები მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია), რომლიც მიუთითებდა სადავო ნორმებისა და კონსტიტუციის იმ დებულების შინაარსობრივ მიმართებაზე, რომლის დარღვევაზეც იგი აპელირებს. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი ის არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა საქმის არსებითი განხილვის ფორმატში ემსჯელა სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხზე.
5. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №505 (საქართველოს მოქალაქე როინ ხიჯაკაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი