საქართველოს მოქალაქე მაკა კარტოზია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/476 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 7 დეკემბერი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
ჯონი ხეცურიანი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მაკა კარტოზია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. 2009 წლის 5 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №476) მომართა მოქალაქე მაკა კარტოზიამ. მოპასუხედ კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულია საქართველოს პარლამენტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 2009 წლის 11 მაისს №476 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის გადმოსცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტს და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტს.
3. სადავო ნორმას წარმოადგენს “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი - “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე.” მოსარჩელის აზრით, გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს - “ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.”
4. მოსარჩელემ 2007 წლის 10 აგვისტოს შეიძინა საკუთრების უფლება ბინაზე მრავალბინიან სახლში. ვინაიდან ამ დროისათვის უკვე მოქმედებდა “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონი, იგი საკუთრების უფლების შეძენისთანავე გახდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ისე, რომ არ გამოუხატავს ამ გაერთიანებაში გაწევრიანების ნება.
5. მოსარჩელის პოზიციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაერთიანებათა კატეგორიას. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული გაერთიანების უფლება პირის უფლებაა და არა ვალდებულება. ეს უფლება გულისხმობს პირის არჩევანის თავისუფლებას, გაწევრიანდეს ან არ გაწევრიანდეს სხვა პირებთან ერთად რაიმე მიზნის მისაღწევად ან საქმიანობის განსახორციელებლად.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილია ამონარიდი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-20 მუხლიდან. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მსგავსად, დეკლარაცია მიუთითებს პირის იძულების დაუშვებლობაზე გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა გამორიცხავს არჩევანის თავისუფლებასა და შესაძლებლობას. ის ნების გამოვლენის გარეშე, ავტომატურად მიიჩნევს ინდივიდუალური ბინების მესაკუთრეებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებად.
7. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველის პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №470 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე 2009 წლის 6 აპრილს.
II
1. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წარმოადგენს „საზოგადოებრივ გაერთიანებას“ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოაყალიბა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გარკვევით აღნიშნა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის მისი წევრების თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგი. ამხანაგობის წევრობა ელემენტარული საყოფაცხოვრებო და საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ობიექტური გარემოებით განპირობებული რეალობაა (გადაწყვეტილება №2/2/439; II-18,19).
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ აკმაყოფილებს გაერთიანების იმ ნიშანსაც, რომ გაერთიანება გარკვეული მიზნის მისაღწევად შექმნილი ერთობაა. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს: “..არასაკმარისია მიზნებისა და ამოცანების ფორმალური ჩამოთვლა, მათი განსაზღვრა უნდა იყოს გაერთიანების შემქმნელთა თავისუფალი ნების ნაყოფი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას აქვს მისი ბუნებიდან ობიქეტურად გამომდინარე ამოცანები და არა მიზნები, ზემოთმოყვანილი თვალსაზრისით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ამოცანები განპირობებულია საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობის აუცილებლობით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები ვერ დასახავენ სხვა მიზნებს მათი სუბიექტური მისწრაფებების განსახორციელებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფარგლებში, ან ვერ შეამცირებენ ამხანაგობისათვის დასახულ ამოცანებს, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება თავად ამხანაგობის ბუნებას. ამისთვის მათ სხვა ტიპის გაერთიანების შექმნა მოუწევთ. აქედან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვერ აკმაყოფილებს გაერთიანებისათვის წარდგენილ ამ მოთხოვნასაც – ის არ არის დამოუკიდებელი თავისი მიზნების ფორმირებაში და მიზნების განსაზღვრა არ ხდება წევრთა თავისუფალი ნების საფუძველზე.” (გადაწყვეტილება №2/2/439; II-21).
4. იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ პირთა რაიმე ერთობა არ არის გაერთიანება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ ახორციელებს მსჯელობას ძირითად უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რადგანაც თვით ჩარევა არ არის სახეზე (გადაწყვეტილება №2/2/439; II-24).
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისა და მისი წევრობის საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამხანაგობა არ ხვდება 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების არეალში. რამდენადაც მოსარჩელე აყენებს იდენტურ საკითხს გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ვერ მიიღებს №476 კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №476 (საქართველოს მოქალაქე მაკა კარტოზია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი