საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/526 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 31 ოქტომბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს არანაირ პენსიას ან სოციალურ დახმარებას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №526) მომართა საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2012 წლის 11 მაისს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 30 ოქტომბერს.
3. №526 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. მოსარჩელე სადავოდ ხდის „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს არანაირ პენსიას ან სოციალურ დახმარებას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-14 მუხლთან მიმართებით.
5. სადავო ნორმის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირმა, პენსიის დანიშვნისათვის, საჭირო საბუთებთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრების შესახებ (აღნიშნული არ ვრცელდება მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში, მშობელზე (მეურვეზე) საპენსიო საქმის გახსნისათვის). ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს არანაირ პენსიას ან სოციალურ დახმარებას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.
6. მოსარჩელე არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელსაც ერთდროულად აქვს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეობა. 2010 წლის 10 ნოემბერს მან განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს. განცხადებაში თამარ ჯავახაძე მიუთითებდა, რომ ქალაქ თბილისში მუშაობდა 1978 წლიდან 1994 წლამდე. 1994 წელს მიენიჭა უმუშევრის სტატუსი და ამავე წელს დაენიშნა პენსია. 2011 წლის 1 ივლისიდან შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემი. განცხადებაში თამარ ჯავახაძე ითხოვდა კანონის იმ ნორმაზე მითითებას, რის საფუძველზეც მას შეუჩერდა პენსია.
2011 წლის 24 ნოემბრის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის წერილის თანახმად, თამარ ჯავახაძეს შეუჩერდა პენსია, ვინაიდან მას მიენიჭა ორმაგი მოქალაქეობა, ხოლო სადავო ნორმის საფუძველზე, ვალდებული იყო წარმოედგინა ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი არ იღებდა რაიმე სახის სახელმწიფო გასაცემელს რუსეთის ფედერაციაში. აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენამდე, მოსარჩელისთვის პენსიის განახლება ვერ მოხერხდებოდა.
7. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის საფუძველზე ხდება ადამიანის საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევა, ვინაიდან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს არა აქვს უფლება, საშემოსავლო გადასახადის სახით, საქართველოს ბიუჯეტში განხორციელებული შენატანი პენსიის სახით მოითხოვოს. შესაბამისად, სახეზეა ქონებრივი სიკეთის ტოტალური უარყოფა და ჩამორთმევა.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი იწვევს პირის ქონებრივი სიკეთის ჩამორთმევას, მაგრამ არ წარმოადგენს საკუთრების ჩამორთმევას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში სახეზეა საკუთრების უფლების შეზღუდვა, რაც უნდა შემოწმდეს ამავე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებული წესით აუცილებელი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა, ისევე როგორც გასაჩივრებული აქტი, პირდაპირ არ უთითებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ინტერესზე, შესაძლებელია, ასეთ ინტერესად მოაზრებულ იქნეს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მართლზომიერი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც მოსარჩელისთვის მისაღებ შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს.
9. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირებით ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები პენსიას მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვიან პენსიის მიღებაზე სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირებული მოპყრობის საფუძველს წარმოადგენს პირის ამა თუ იმ ქვეყნისადმი კუთვნილება. მოსარჩელის აზრით, ეს ნიშნავს პირის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას ეროვნული ნიშნის საფუძველზე, რომელიც თავისი არსით მოქალაქეობის სინონიმია და აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით.
10. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობისას თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენოს თავის იურისდიქციაში მყოფი ნებისმიერი პირი. მოქალაქე გამომუშავებული ხელფასიდან იხდის რა საშემოსავლო გადასახადს, სახელმწიფოს მიმართ წარმოეშობა მოთხოვნის უფლება პენსიის მიღებაზე. ადამიანები პრინციპულად ერთსა და იმავე მდგომარეობაში არიან მაშინ, როდესაც გააჩნიათ ერთი და იგივე სამუშაო სტაჟი, რომლის განმავლობაშიც გამოიმუშავებენ ერთსა და იმავე შრომით ანაზღაურებას და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში შეაქვთ თანაბარი ოდენობის გადასახადები. სადავო ნორმა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, იდენტურ მდგომარეობაში მყოფ პირთა ჯგუფიდან გამოყოფს სხვა ქვეყნის მოქალაქეს და უარს ეუბნება მის კუთვნილ პენსიაზე, ანუ იმ ფულადი მოთხოვნის უფლებაზე, რაც მას სახელმწიფო ბიუჯეტში გაღებული ფულადი შენატანით წარმოეშვა.
11. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ სახელმწიფოს საპენსიო ვალდებულება ძალაშია იმ ინდივიდის მიმართ, რომელიც წელთა ნამსახურობის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში განახორციელებს შენატანს, იმის მიუხედავად, იმყოფება თუ არა აღნიშნული ინდივიდი ფინანსურად შეჭირვებულ მდგომარეობაში. სახელმწიფო თავის ვალდებულებას, უზრუნველყოს ადამიანის საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაზე დაფუძნებული პენსიის მოთხოვნის უფლება, ვერ დაუკავშირებს იმ ფაქტს, რომ პირი მსგავს დახმარებას იღებს სხვა ქვეყანაში. სადავო ნორმის ამგვარი მითითება უსაფუძვლოდ ახდენს იმ ფულადი სახსრების დაზოგვას, რაც მოქალაქეობის ნიშნის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფოს საპენსიო ვალდებულების შესრულებას უნდა მოხმარებოდა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
13. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად ასევე იშველიებს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №526 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო აქტს წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ №46/ნ ბრძანების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციის დროს სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ №01-48/ნ ბრძანების საფუძველზე, სადავო მე-15 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნა.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა გაუქმებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №526 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №526 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი