საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/6/475 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: “სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქემ ა. ძიმისტარიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 475-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით №475 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. დავის საგანს წარმოადგენს “სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან. სადავო ნორმის თანახმად, “თუ გადავადების უფლების გამოყენება ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, პირს შეუწყდება გადავადებით სარგებლობის უფლება და გაწვეული იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურში.” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ, მაგრამ არა უმეტეს 25 წლის ასაკისა.
3. მოსარჩელე 2008 წლის თებერვალში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მან ისარგებლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის 18 თვით გადავადების უფლებით, რისთვისაც გადაიხადა მოსაკრებელი 2000 ლარი. აღნიშნული ვადა გადიოდა 2009 წლის აგვისტოში. თუმცა, 2009 წლის 26 იანვარს მოსარჩელე დაიბარეს რაიონის სამხედრო განყოფილებაში და განუმარტეს, რომ 28 თებერვლის შემდეგ, როდესაც მას შეუსრულდებოდა 25 წელი, გაიწვევდნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მიუხედავად იმისა, რომ გადავადების 18 თვიანი ვადა არ იქნებოდა ამოწურული.
4. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომლითაც აღიარებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. მე-16 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო არ ერევა პირის საქმიანობის წარმართვაში ნეგატიური კუთხით. კონსტიტუციის ეს ნორმა ნებისმიერი ადამიანისათვის უზრუნველყოფს უფლებას, დაგეგმოს მომავალი საქმიანობა და ცხოვრება სახელმწიფო ჩარევის გარეშე.
5. კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებულია ის ძირითადი არგუმენტები, რომლებიც მოსარჩელის აზრით, ამტკიცებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას: 1. კანონის მიზანია წვევამდელებს აღუდგინოს თავისუფალი განვითარების უფლება 18 თვით. სადავო ნორმა ეწინააღმდეგება ამ მიზანს და ამცირებს თვეთა დადგენილ რაოდენობას; 2. პირი გადავადებისათვის იხდის 18 თვისათვის გათვალისწინებულ მოსაკრებელს, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან თავისუფლდება 18 თვეზე ნაკლები ვადით; 3. პირს არ უბრუნდება გადავადების ვადის იმ ნაწილისათვის გადახდილი თანხა, რომლითაც მას არ უსარგებლია; 4. კანონმდებელი არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, თუ რა საშუალებით მოახერხა პირმა გადავადებისათვის საჭირო მოსაკრებლის გადახდა.
6. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეუჩერებლობით დადგება გამოუსწორებელი შედეგები. შეუძლებელი იქნება სამხედრო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამსახურის შეწყვეტა, რადგანაც მას უკვე დაწყებული აქვს გარკვეული პროგრამების შესრულება. მოსარჩელემ აიღო საბანკო კრედიტი გადავადების მოსაკრებლის გადასახდელად და თუ სადავო ნორმის მოქმედება არ შეჩერდება, მას შეექმნება პრობლემა კრედიტის დაფარვასთან დაკავშირებით. კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ის პირები, რომლებმაც ამ პერიოდში იმსახურეს სამხედრო სამსახურში, მიმართავენ საერთო სასამართლოებს და სახელმწიფოსაგან მოითხოვენ კომპენსაციას. ამდენად, მოსარჩელის დასკვნით, სადავო ნორმის შეჩერება, ასევე, შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებსაც.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №475 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2009 წლის 9 ივნისს.
8. მოსარჩელის წარმომადგენლის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ, 25 წლის ასაკის მიღწევამდე. მას მიაჩნია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლება არის არა კონსტიტუციით გარანტირებული, არამედ კანონმდებლობით მინიჭებული უფლება.
II
1. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე.
2. მოსარჩელემ უნდა შესძლოს სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმას შორის, რომლის მიმართაც აყენებს კონსტიტუციურობის საკითხს, შინაარსობრივი ურთიერთმიმართების წარმოჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ დარღვეულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა (განჩინება №2/15/398; II-1). სადავო ნორმა ითვალისწინებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობის უფლების შეწყვეტას გარკვეულ შემთხვევებში. უფლების შეწყვეტას მოსარჩელე განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევად. მან უნდა დაასაბუთოს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობის უფლება შედის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროში და წარმოადგენს თავისუფალი განვითარების უფლების ერთერთ გამოხატულებას. კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი და მოსარჩელის მიერ განმწესრიგებელ სხდომაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
3. იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნიოს დასაბუთებულად, მოსარჩელემ უნდა განმარტოს, თუ რაში გამოიხატება წინააღმდეგობა მის მიერ მითითებულ სადავო ნორმასა და კონსტიტუციის კონკრეტულ ნორმას შორის (განჩინება N2/3/412; II-8). მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლება არ არის კონსტიტუციური უფლება და კანონით მინიჭებული უფლებაა. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მსჯელობას მხოლოდ მაშინ ექნებოდა საფუძველი და სადავო ნორმასა და კონსტიტუციის ნორმას შორის შესაძლო წინააღმდეგობა მაშინ გამოიკვეთებოდა, თუ იგი შეეცდებოდა დასაბუთებას, რომ გადავადების უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებაა. მაგრამ, თუ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების საკითხის გადაწყვეტა კანონმდებლის დისკრეციაა და არა კონსტიტუციური ნორმით განპირობებული აუცილებლობა, მაშინ მოსარჩელის მსჯელობა სადავო ნორმისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის შესაძლო წინააღმდეგობის თაობაზე უსაფუძვლოა. როდესაც კონსტიტუცია კანონმდებელს არ ავალებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების მინიჭებას ახალწვეულებისათვის და ეს კანონმდებლის ნებაზეა დამოკიდებული, გაუგებარია ნებისმიერი მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი აღნიშნული უფლების ჩამორთმევას უზღუდავს კანონმდებელს. თუ გადავადების უფლების მინიჭება კანონმდებლის დისკრეციაა, მაშინ მისი გადასაწყვეტია რა ფარგლებში, რა ასაკამდე და რა ვადით მიენიჭება დაინტერესებულ პირებს აღნიშნული უფლება. საკანონმდებლო უფლების ფარგლების დადგენა კანონმდებლის გადასაწყვეტია და საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცდება.
4. გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმა მიუთითებს “სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულ გარემოებებზე, როგორც გადავადების უფლებით სარგებლობის შეწყვეტის საფუძვლებზე. მოსარჩელე მხარემ გარკვევით აღნიშნა, რომ აქ მოცემული არც ერთი საფუძველი არ არის ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში. შესაბამისად, გაუგებარია მოსარჩელის მოსაზრებები ძირითად უფლებაში ჩარევასა და მის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მსჯელობა აშკარად წინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობაზე (განჩინება N2/8/448; II-6).
5. კოლეგიის აზრით, ზემოთმოყვანილი გარემოებები განაპირობებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ძირითადი თუ დამატებითი არგუმენტების უსაფუძვლობას. სადავო ნორმისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის შეუსაბამობის დასაბუთების ნაცვლად, მოსარჩელის მსჯელობა “სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის სხვადასხვა ნორმებს შორის შეუსაბამობის მტკიცების ფორმას იღებს. ამგვარი საკითხების გადაწყვეტა სცილდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას.
6. იქედან გამომდინარე, რომ არ ხდება №475 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება, კოლეგია საჭიროდ აღარ თვლის იმსჯელოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №475 (საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი