საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/1/474 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 28 ივნისი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი;
3. ვახტანგ გვარამია – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვის ”მე-6” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №474) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2010 წლის 28 ივნისს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, ,,სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლში მოცემულია ეკონომიკური საქმიანობის ის სახეები, რომელთა განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. სადავო ნორმის მიხედვით, აღნიშნული შეზღუდვის მოქმედება ვრცელდება 1990 წლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
4. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ 2008 წლის 19 დეკემბრის კანონით “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 322² მუხლი, რომლითაც დასჯად ქმედებად გამოცხადდა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.
5. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, რომელიც კანონით დაწესებული შეზღუდვის მოქმედებას ავრცელებს 1990 წლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, სისხლის სამართლის კანონს ანიჭებს უკუქცევით ძალას, რის გამოც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
II
1. №474 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო სამართლებრივ აქტს წარმოადგენს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვა “მე-6”-ის 2008 წლის 23 ოქტომბრის რედაქცია. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტში სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა.
„„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 2010 წლის 26 თებერვლის №2676 საქართველოს კანონით, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი, სადავო ნორმის ჩათვლით, ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “ამ კანონის მე-5, მე-6 და მე-8 მუხლების მოქმედება გავრცელდეს 1990 წლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. უკუძალა არ აქვს ამ მუხლების არც ერთ დებულებას, რომელიც მიუთითებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე”.
დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, №474 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის, სადავო ნორმამ იურიდიული ძალა დაკარგა.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
III
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №474 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი