ლენა სვანიძე, ზურაბ ინაშვილი, ნელი ნებიერიძე, თამარ შანიძე, კონსტანტინე სააკაშვილი და ''ხელისუფლების დანაშაულობათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა კავშირი'' საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/463 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 10 ივნისი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი-სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია-წევრი;
ქეთევან ერემაძე-წევრი;
ბესარიონ ზოიძე-მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: ლენა სვანიძე, ზურაბ ინაშვილი, ნელი ნებიერიძე, თამარ შანიძე, კონსტანტინე სააკაშვილი და „ხელისუფლების დანაშაულობათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა დაცვის კავშირი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2006 წლის 13 ივლისის საქართველოს კანონის პირველი მუხლის 83-ე პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 41-ე და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით.
I
1. 2008 წლის 22 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მოსარჩელეებმა, ლენა სვანიძემ, ზურაბ ინაშვილმა, ნელი ნებიერიძემ, თამარ შანიძემ, კონსტანტინე სააკაშვილმა და „ხელისუფლების დანაშაულობათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა დაცვის კავშირმა“. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარიაში 2008 წლის 8 ოქტომბერს რეგისტრირებული იქნა 463-ე ნომრად. 2008 წლის 7 ნოემბერს სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა პირველ კოლეგიას. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2009 წლის 10 ივნისს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. მოსარჩელეთა აზრით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლში სადავო ნორმით შევიდა ცვლილება, რითაც გაუქმდა მათი უფლება იმ იურიდიული ფაქტების დადგენასთან დაკავშირებით, რომელთა სხვაგვარად მოწესრიგებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. კერძოდ კი, ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2006 წლის 13 ივლისის საქართველოს კანონის პირველი მუხლის 83-ე პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებული იქნა ,,ი“ ქვეპუნქტი. ამით კი მათ შეელახათ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 41-ე, და 42-ე მუხლების პირველი პუნქტებით გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები. კერძოდ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ, დუშეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატმა მოსამართლემ, 2008 წლის 27 ივნისის განჩინებით, წარმოებაში არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთი ავტორის, ლენა სვანიძის განცხადება. სასამართლოს განჩინებით, მას უარი ეთქვა წინა რიგის მემკვიდრეთაა არარსებობის შესახებ იურიდიული ფაქტის დადგენის თაობაზე. სასამართლომ უარი დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლში არსებული იურიდიული ფაქტების ამომწურავი ჩამონათვლით, კერძოდ იმით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ იძლევა საშუალებას, დადგინდეს სხვა სახის იურიდიული ფაქტი, გარდა 312-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულისა. ნოტარიუსი კი სამკვიდრო მოწმობის გასაცემად ითხოვს წინა რიგის მემკვიდრეთა არარსებობის ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის მოპოვებასაც მოსარჩელე ვერ ახერხებს ადმინისტრაციული ორგანოების მეშვეობით.
4. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეთა ნაწილმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე, მათი აღიარება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ 2008 წლის 18 თებერვლის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ და 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, უარი განაცხადეს მათი განცხადებების განხილვაზე, რასაც საფუძვლად დაედო მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
II
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების ერთ-ერთი ძირითადი პირობა ის არის, რომ სასარჩელო განცხადებაში სწორად იყოს განსაზღვრული როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე სუბიექტი. მოსარჩელე უნდა წარმოადგენდეს უფლებამოსილ სუბიექტს და ეს სასარჩელო განცხადებაში მოტანილი მტკიცებულებიდან უნდა ჩანდეს. მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელში კი, საერთოდ არ ჩანს მოსარჩელეთა ერთი ნაწილის რაიმე უფლებრივი კავშირი სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებასთან. კერძოდ, არ ჩანს თუ რაში გამოიხატება სადავო ნორმის გავლენა მოსარჩელეების - თამარ შანიძის, კონსტანტინე სააკაშვილისა და იურიდიული პირის „ხელისუფლების დანაშაულობათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა დაცვის კავშირის“ კონსტიტუციიით დაცულ უფლებებთან. ეს გარემოება ამ კონკრეტულ მოსარჩელეებს გამორიცხავს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მოქმედების სფეროდან.
გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელეთა მიერ არასწორადაა განსაზღვრული მოპასუხე სუბიექტი. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის გარდა, რომელიც სადავო აქტის მიმღები ორგანოა, სარჩელში მოპასუხეებად დასახელებული არიან საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
2. მოსარჩელე ლენა სვანიძე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილიდან „ი“ ქვეპუნქტის ამოღებით მას წაერთვა უფლება, სასამართლოს გზით დაადგინოს წინა რიგის მემკვიდრის არარსებობის იურიდიული ფაქტი, რაზედაც დამოკიდებულია მისი მემკვიდრეობის უფლების რეალიზაცია. საქმეში არსებული მრავალრიცხოვანი დოკუმენტური მასალები მეტყველებენ იმაზე, რომ აქ ადგილი აქვს სამართალგამოყენების პრაქტიკაში წამოჭრილ პრობლემებს. სასარჩელო განცხადებიდან საკმარისი დამაჯერებლობით არ ჩანს, თუ რატომ უნდა მოიაზრებოდეს აღნიშნული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა სადავო აქტით გაუქმებულ ნორმაში და რატომ არ იძლევა მისი დადგენის შესაძლებლობას 312-ე მუხლის მეორე ნაწილის სხვა ქვეპუნქტები, რომლებიც ეხება პირთა ნათესაური კავშირის, ქორწინების, განქორწინების, მემკვიდრეობის მიღებისა და მისი გახსნის ადგილის შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას. ასევე მოსარჩელის მხრიდან პასუხგაუცემელია, თუ რატომ უნდა მოხდეს მის მიერ დასახელებული ფაქტის დადგენა აუცილებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და არა სხვა გზით. ყოველივე ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ მოსარჩელეთა მოცემული მოთხოვნა დაუსაბუთებელია. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს „მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას“. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტიც.
3. რაც შეეხება სადაო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებასთან დაკავშირებით, მასზე საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი პოზიცია გამოხატა 2008 წლის 2 აპრილის განჩინებაში №440 სარჩელთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2006 წლის 13 ივლისის საქართველოს კანონის პირველი მუხლის 83-ე პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ №1/2/440 განჩინებაში აღნიშნა, რომ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან „ი“ ქვეპუნქტის ამოღება ვერ ჩაითვლება იმ პირთა სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების დარღვევის საფუძვლად, რომლებიც ითხოვენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას. №463-ე სარჩელშიც ნაწილობრივ ანალოგიური მოთხოვნაა, რაც გამორიცხავს მასთან დაკავშირებით სასამართლოს განმეორებით მსჯელობას. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს სარჩელს არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“. თუკი ყველა სადავო საკითხიდან რომელიმე უკვე გადაწყვეტილია სასამართლოს მიერ, სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში. ამ საქმეზე თანდართული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან ჩანს, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეთა ხელშეუვალი და მოქმედი უფლებაა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვისათვის.
III
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტებით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების _ ლენა სვანიძის, ზურაბ ინაშვილის, ნელი ნებიერიძის, თამარ შანიძის, კონსტანტინე სააკაშვილისა და `ხელისუფლების დანაშულობათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა დაცვის კავშირის~ 463-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 2006 წლის 13 ივლისის საქართველოს კანონის პირველი მუხლის 83-ე პუნქტის ,,ბ.გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 41-ე და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი
2. ვახტანგ გვარამია
3. ქეთევან ერემაძე
4. ბესარიონ ზოიძე