საქართველოს მოქალაქეები გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/507 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 29 დეკემბერი 2011 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტაციის №507) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა გიორგი თარგამაძემ, გიორგი ლეკიშვილმა, ინგა გრიგოლიამ და ჯაბა სამუშიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2010 წლის 17 დეკემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. №507 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების და დასუფთავების მომსახურების და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირების ერთიანი სისტემის გავრცელების არეალი (ტერიტორიული ფარგლები), ამ სისტემით მომსახურების გამწევი პირები და მათ შორის განსაზღვროს პირი, რომელიც ადმინისტრირების ერთიანი სისტემით მოახდენს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირებას. მე-3 პუნქტის მიხედვით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრატორსა და მომსახურების გამწევ სხვა პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ მინიმალური ღირებულების პრინციპით და ხელშეკრულება გააფორმონ არადისკრიმინაციულ და სამართლიან საფუძველზე. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისია. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს ადმინისტრატორის ვალდებულებას ქვითარში ასახული მომსახურების ღირებულების ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა.
4. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ამასთან, აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
5. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმებით იზღუდება თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების კონსტიტუციით აღიარებული თავისუფლება და ხდება სახელმწიფოსადმი დაკისრებული კონსტიტუციური ვალდებულების უხეში დარღვევა. ამასთან, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულირება ზღუდავს მომხმარებლსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულების თავისუფლად დადებისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპს. მხარის აზრით, სახელმწიფოს როლი მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებში უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მომხმარებლის უფლების დაცვის განმტკიცებით, ამავე დროს იგი უთითებს, რომ მონოპოლიზაცია ამა თუ იმ სფეროში დასაშვებია მხოლოდ იმგვარად, რომ მან არ ხელყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა, თუმცა სრულიად საპირისპირო მიმართულებით ავითარებს ურთიერთობას სადავო ნორმები. ხსენებულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველის პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №507 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე 2011 წლის 29 დეკემბერს.
II
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი წინა პირობები. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებს, რომლებიც განსაზღვრავენ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინების ადმინისტრირების წესს.
საქმის არსებითად განხილვის ფორმატში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, აუცილებელია, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ მოყვანილ იქნეს ის არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს ნათლად დაანახვებს შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმებსა და სარჩელში დასახელებულ კონსტიტუციის დებულებას შორის. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ არაორაზროვნად მიუთითა: „იღებს რა კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს შინაარსობრივი მიმართება ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ ნორმებსა და ამ ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხოლო მეორე მხრივ კი - კონსტიტუციის იმ ნორმებს შორის, რომლებთან მიმართებითაც არის დამდგარი კონსტიტუციურობის საკითხი. სწორედ ეს მიმართება აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს საფუძველს, რომ არსებითი განხილვისას მას ექნება ობიექტური შესაძლებლობა იმსჯელოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/2/389 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ თითოეულ სადავო ნორმას აქვს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან. ამასთან, დასაბუთებული უნდა იყოს სადავო ნორმებით კონსტიტუციის ამ დებულებით დაცული მათი უფლებების დარღვევის ან დარღვევის უშუალო და რეალური საფრთხის არსებობის ფაქტი.
3. აღსანიშნავია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“.
კანონის აღნიშნული დებულება, ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში actio popularis შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „...მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განჩინება №1/1/413). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს სადავო ნორმასა და კონსტიტუციის დებულებას შორის შინაარსობრივი კავშირის დადგენასთან ერთად იმის დასაბუთებაც მოეთხოვება, რომ იგი არა სხვის, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს.
4. №507-ე კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ დასახელებულ საქართველოს მოქალაქეებს გიორგი თარგამაძეს, გიორგი ლეკიშვილს, ინგა გრიგოლიას და ჯაბა სამუშიას მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, ვინაიდან ზღუდავს მეწარმე პირთა არჩევანის თავისუფლებას. კონსტიტუციის დასახელებული დებულება ერთმანეთისგან განსხვავებულ რეგულირებებს შეიცავს. კერძოდ, მისი პირველი წინადადების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ამ უფლების სუბიექტი არის პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებაზე დაყრდნობით, შესაძლებელია, პირმა იდავოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმატიული აქტით დაირღვა ან შესაძლებელია დაირღვეს მისი, როგორც მეწარმე სუბიექტის უფლებები.
მოსარჩელეები არიან ფიზიკური პირები, სარჩელში არ იკვეთება, რომ ისინი ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვერ იდავებს თავისუფალი მეწარმეობის უფლების დარღვევაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებმა უნდა დაასაბუთონ, რომ სადავო ნორმები შინაარსით მიემართება და ზღუდავს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ მომხმარებელთა უფლებებს.
გარდა სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვისა, მოსარჩელე მხარე სარჩელში უთითებს, რომ სადავო რეგულირება ზღუდავს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულების თავისუფლებისა და საბაზრო თავისუფლების პრინციპებს, იგი აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას სახელმწიფო მომხმარებელს უნდა იცავდეს და გარკვეული სფეროების მონოპოლიზაცია მხოლოდ მომხმარებელთა უფლებების ხელყოფის გარეშეა დასაშვები. მოსარჩელის არგუმენტაცია ძირითადად ზოგად თეზისებს მოიცავს, რომლიდანაც არ იკვეთება სადავო ნორმების კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან შინაარსობრივი მიმართებისა და მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვის საკითხები. შესაბამისად, სარჩელი ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციის ანალიზი არ იძლევა შესაძლებლობას, განისაზღვროს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომლის დარღვევაზეც მოსარჩელე აპელირებს. მხარე არ უთითებს არც ერთ ისეთ არგუმენტს, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა, საქმის არსებითი განხილვის ფორმატში ემსჯელა სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხზე.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №507 (საქართველოს მოქალაქეები გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი