მოქალაქე მზია ჯღარკავას 305-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/9/305 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 22 ოქტომბერი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: მოქალაქე მზია ჯღარკავას 305-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მზია ჯღარკავა.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 332-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან, აგრეთვე 42-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
მოქალაქე მზია ჯღარკავას 305-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2004 წლის 5 ოქტომბერს. განმწესრიგებელი სხდომა დაინიშნა მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს.
წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი და მე-16 მუხლები.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი – “პირს, რომელმაც შეიტყო მისთვის გამოგზავნილი ან მის მიერ გაგზავნილი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შესახებ, უფლება აქვს ამ მოქმედების უკანონობის ან უსაფუძვლობის გამო საჩივრით მიმართოს შესაბამისად აფხაზეთისა და აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებს, სადაც მის საჩივარს ერთპიროვნულად განიხილავს მოსამართლე მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით. თუ საჩივარი საფუძვლიანად ცნეს, მომჩივანს წერილობით უნდა მოუხადოს ბოდიში ბრძანების გამცემმა მოსამართლემ. მომჩივანს აგრეთვე უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული მორალური ზიანის მატერიალური ანაზღაურება და დამნაშავე პირის დასჯა” – ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ 332-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციაზე და შესაბამისად ვერ ისარგებლებენ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან – კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მე-7 და მე-12 მუხლებით და “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით და 26-ე მუხლით აღიარებული თანასწორობისა და სამართლებრივი დაცვის უფლებებით; აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი, მესამე და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით.
განმწესრიგებელ სასამართლოს სხდომაზე კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა დააზუსტა დავის საგანი და მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის მხოლოდ სიტყვების – “პირს, რომელმაც შეიტყო...” არაკონსტიტუციურად ცნობა.
მოსაჩრელის აზრით, იმისათვის, რათა აღმოფხვრილი იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი პუნქტის დისკრმინაციული ხასიათი,, პირის საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღების, დათვალიერების და ამოღების შემთხვევაში, აღნიშნული ღონისძიებების გამტარებელ ორგანოებს უნდა დაეკისროს ვალდებულება აცნობოს პირს ამ ფაქტის შესახებ მისაღები ვადის განმავლობაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 305-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღება-არმიღების საკითხთან დაკავშირებული გარემოებანი.
1. მოსარჩელე მ. ჯღარკავა მოითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნული სადავო დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი მოიცავს ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, ანალოგიურ უფლებას მოიცავს აგრეთვე მოსარჩელის მიერ დასახელებული “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მე-7 მუხლი და “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის 26-ე მუხლი. ამრიგად, აღნიშნულ ნორმებში საუბარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილისაგან განსხვავებულ, კანონის წინაშე თანასწორობის უფლებებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც გამწესრიგებელ სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ ვერ მოიყვანა იმ მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძვლიანობას, კერძოდ სადავო აქტის მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, ასევე “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მე-7 და “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის 26-ე მუხლებთან.
2. მოსარჩელე ასევე მოითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 322-ე მუხლის სადავო დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-9 პუნქტებთან, აგრეთვე “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მე-12 მუხლთან, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ძირითადად დაეთანხმა სადავო მუხლის დებულებებს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი დისკრიმინაციულად მიიჩნევს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმამ არ გადაწყვიტა დაინტერესებული პირისათვის საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილების დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შესახებ შეტყობინების გაგზავნის საკითხი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლში, ისე მოსარჩელის მიერ დასახელებულ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში ძირითადად საუბარია სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის და მიყენებული ზიანის ანაზღაურების ეფექტური საშუალებების უზრუნველყოფაზე.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი მოცემული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში იძლევა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან პირის საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილების უკანონო ან უსაფუძვლო დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღებისაგან დაცვის საშუალებას. აქვე სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის შესაბამისად, ყოველი ადამიანის პირადი მიმოწერის ასევე გზავნილების ხელშეუხებლობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი “საკონსტიტუო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ: ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს...”
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის “ა” პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 22-ე მუხლით
საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე მზია ჯღარკავას 305-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-9 პუნქტთან მიმართებით;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
ოთარ ბენიძე (წევრი)
ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი)
ზაურ ჯინჯოლავა (წევრი)