საქართველოს მოქალაქე გევორქ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/508 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 13 ივლისი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ სიჭინავა - წევრი;
3. ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გევორქ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №508) მომართა საქართველოს მოქალაქე გევორქ ბაბაიანმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2010 წლის 17 დეკემბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 12 ივლისს.
3. №508 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. მოსარჩელე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად: „ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე 1977 წლიდან მსახურობდა სამართალდამცავ და სახელმწიფო სტრუქტურებში, მისი ნამსახურობის სტაჟი არის 30 წელი და აქვს მიღებული პოლკოვნიკის წოდება. 2009 წლის 30 აპრილს იგი დაითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თადარიგში, ხოლო 2009 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელემ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურეობის სააგენტოს“. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მას უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცულია პირის უფლება სოციალურ უზრუნველყოფაზე. აღნიშნული უფლება ასევე გარანტირებულია გაეროს საერთაშორისო პაქტის „სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ“, მე-9 მუხლით, რომლის მიხედვით: „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით“. საქართველო აღნიშნულ პაქტს შეუერთდა 1994 წლის 16 დეკემბერს და იკისრა პაქტით განსაზღვრული საერთაშორისო ვალდებულებები.
8. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის არსებული რედაქცია საშუალებას აძლევს კომპეტენტურ ორგანოს ან თანამდებობის პირს, თავად განსაზღვროს იმ ქმედებათა ჩამონათვალი, რომელთა ჩადენის გამო, სამსახურიდან დათხოვნილ მოსამსახურეს შესაძლებელელია, უარი ეთქვას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშნვაზე. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ფართო მიხედულების საფუძველს ქმნის სადავო ნორმა, რომელიც თავისი შინაარსით ბუნდოვანია. კანონი არ განმარტავს სადავო ნორმაში მოცემულ ტერმინს „სხვა არამართლზომიერი ქმედება“, შესაბამისად, ერთი მხრივ, სადავო ნორმა იკითხება იმგვარად, რომ აღნიშნული ტერმინი გულისხმობს როგორც სისხლის სამართლის დანაშაულს, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და დისციპლინურ გადაცდომას, თუმცა ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე ავტონომიურად მითითებას აზრი ეკარგება, ხოლო მეორე მხრივ, ნორმა შეიძლება იმგვარად იქნეს წაკითხული, რომ „სხვა არამართლზომიერი ქმედება“ ასევე მიემართება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას და მხოლოდ ამ საფუძვლით გათავისუფლებული პირი ვერ მიიღებს სახელმწიფო კომპენსაციას.
9. მოსარჩელის მტკიცებით, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ნებისმიერი საფუძვლით გათავისუფლებული პირისთვის (იქნება ეს დანაშაულის ჩადენა, დისციპლინური გადაცდომა თუ ეთიკური ნორმების დარღვევა) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხი წყდება უარყოფითად, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს სადავო ნორმის ბუნდოვანებაზე.
10. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი განსხვავდება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება მხოლოდ სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს. მოსარჩელის აზრით, ამგვარი შეზღუდვა სრულად შეესაბამება კონსტიტუციურ მოთხოვნებს, ვინაიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭიროა ნამსახურეობის ვადა და წოდების არსებობა. ნამსახურეობის ვადა იურიდიულ ფაქტს წარმოადგენს და მისი არსებობა-არარსებობა არც ერთი ორგანოსა და თანამდებობის პირის გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული, ხოლო წოდება მუდმივია და შესაძლებელია, პირს ჩამოერთვას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არ პასუხობს კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის მოთხოვნებს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, იგი შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
მოსარჩელე ფიზიკური პირია. ფიზიკური პირების საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ სასამართლოს, „... თუ მათ მიაჩნიათ, რომ დაირღვა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება).
მოსარჩელე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, მან უნდა დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს უშუალოდ მის უფლებას.
2. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო“. მოსარჩელე აღნიშნულ ნორმას სადავოდ ხდის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2009 წლის 30 აპრილს დათხოვნილ იქნა სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის გამო. შესაბამისად, სადავო ნორმით საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესაძლო დარღვევის წარმოსაჩენად, მან უნდა დაასაბუთოს, რომ დისციპლინური გადაცდომის გამო დათხოვნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ექცევა სადავო ნორმის რეგულირების სფეროში და სწორედ ეს ნორმა გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის გამო დათხოვნილი შსს-ს თანამშრომლების მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს, რომელთაც განეკუთვნებიან: ა) საქართველოს პარლამენტის წევრები, ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, დ1 ) გენერალური აუდიტორი და მის მოადგილე, ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირები, ვ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი მუშაკები, ზ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრები, თ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები, ი) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეები, კ) მეცნიერები, ლ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეები.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ხსენებული კანონით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლებულ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც დათხოვნილი არიან თადარიგში.
4. სადავო ნორმის თანახმად, პირს არ ექნება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, თუ იგი თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.
სადავო ნორმა კომპენსაციის მიღების უფლებას უკრძალავს იმ პირებს, რომელთაც ასეთი უფლება უკვე წარმოშობილი ჰქონდათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, სადავო ნორმა მოსარჩელის მიმართ გამოყენებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გევორქ ბაბაიანი წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის რომელიმე საფუძვლიდან გამომდინარე. მოსარჩელის განცხადებით, იგი წარმოადგენს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირს, ანუ მიუთითებს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველზე.
5. შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნის წესს და საფუძვლებს განსაზღვრავს „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულება. აღნიშნული ბრძანებულების 67-ე მუხლის თანახმად: „უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის პირები შს ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ სამხედრო ძალების თადარიგში: ა) ასაკის გამო - პირები, რომელთაც მიაღწიეს დებულების 61-ე მუხლით დადგენილ ასაკს; ბ) ავადმყოფობის გამო - სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეულები უვარგისად სამხედრო სამსახურისათვის მშვიდობიან დროს (ომის პირობებში - II ხარისხის შეზღუდულად ვარგისები); გ) ჯანმრთელობის გაუარესების გამო - სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მშვიდობიან დროს ვარგისად მიჩნეულები სამხედრო სამსახურისთვის სამწყობრო სამსახურების გარდა (ომის პირობებში - I ხარისხის შეზღუდულად ვარგისები), სათანადო ვაკანტური თანამდებობების უქონლობის გამო მათი სამსახურში გამოყენების შეუძლებლობის დროს; დ) სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო საატესტაციო წესით; ე) სხვა სამსახურში, უწყებაში, სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით; ვ) შტატების შემცირებით; ზ) პირადი პატაკით“.
აღნიშნული ნორმა იძლევა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნის ამომწურავ საფუძვლებს და არ ითვალისწინებს პირის სამსახურიდან გათავისუფლებას დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო. შესაბამისად, პირი, რომელიც შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლებულია დისციპლინური გადაცდომის გამო, ვერ იქნება დათხოვნილი თადარიგში.
სასამართლო მიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ არის შემხებლობაში შინაგან საქმეთა ორგანოების იმ თანამშრომლების სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საკითხთან, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლებული არიან დისციპლინური გადაცდომის გამო.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს და ამასთანავე თანდართული მასალებითაც დასტურდება, რომ იგი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვეს დისციპლინური გადაცდომის გამო. თადარიგში დათხოვნილი შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელი კი არ შეიძლება იმავდროულად სამსახურიდან გათავისუფლებული იყოს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე არ წარმოადგენს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირს და, შესაბამისად, ვერ იქნება განხილული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო კომპენსაციის უფლების მქონე პირად.
6. ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს, მასზე არ ვრცელდება აღნიშული კანონით განსაზღვრული ნორმატიული რეგულირებები და, შესაბამისად, სადავო ნორმა შემხებლობას კარგავს მის მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მეორე პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №508 (საქართველოს მოქალაქე გევორქ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი