საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/473 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე _ სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა _ წევრი;
ლალი ფაფიაშვილი _ წევრი.
სხდომის მდივანი:
დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება:
საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ
დავის საგანი:
„ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებისა და „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 24 ივლისის №73 ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 31-ე მუხლებთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა ბიჭიკო ჭონქაძემ, კახა ფოცხვერაშვილმა, სიმონ პაპუაშვილმა, იოსებ სამხარაძემ, თამაზ პაპუაშვილმა, ჯამბულ შელუტაშვილმა და ფრიდონ არჩვაძემ. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 473-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2009 წლის 25 თებერვლის რეზოლუციით, №473 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. სადავო ნორმატიული აქტებია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანება „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 24 ივლისის №73 ბრძანება „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”.
3. მოსარჩელეები არიან პირები, რომლებმაც თავიანთი ბინების გაზიფიცირება მოახდინეს 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ პერიოდში. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სახეზეა ბუნებრივი გაზის აბონენტების 2 ნაწილად გაყოფა: 1) აბონენტები 2008 წლის 1 აგვისტომდე, რომლებიც იხდიან ბუნებრივი გაზის 1მ3 მოხმარებისათვის 0.50 ლარს (დადგენილი ზღვრული ტარიფი) და 2) აბონენტები 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ, რომლებიც იხდიან ბუნებრივი გაზის 1მ3 მოხმარებისათვის 0.75 ლარს (ზღვრული ტარიფის დადგენის გარეშე).
4. „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანების მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებულად გამოცხადებას. გარდა ამისა, ნაწილობრივ დერეგულირებულად ცხადდება ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისათვის, გარდა იმ პირებისა, რომლებისთვისაც ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა დარეგულირებულ იქნა 2008 წლის აგვისტომდე.
5. №69 ბრძანება დღეისათვის მოქმედი შინაარსით ჩამოყალიბდა „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 24 ივლისის №73 ბრძანების გამოცემის შემდეგ. №73 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა №69 ბრძანების მე-2 პუნქტში, რომელიც აწესრიგებს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის ნაწილობრივი დერეგულირების საკითხებს. შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე №69 ბრძანების მე-2 პუნქტის თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის ნაწილობრივ დერეგულირებას ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში საცალო მომხმარებლისათვის და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული საცალო მომხმარებლისათვის.
6. მოსარჩელე მხარე ამახვილებს ყურადღებას №69 ბრძანების თავდაპირველ რედაქციაზეც და აცხადებს, რომ ამ ნორმატიული აქტით ბუნებრივი გაზის მომხმარებელი არის გაყოფილი ორ ნაწილად – ქ. თბილისში მცხოვრები მომხმარებელი და ქ. თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მომხმარებელი.
7. მოსარჩელე მხარე დარწმუნებულია, რომ სადავო ბრძანებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც ადგენს კანონის წინაშე თანასწორობას. სახეზეა ბუნებრივი გაზის მომხმარებლების დაყოფა სხვადასხვა ნიშნებით და მათი ჩაყენება განსხვავებულ, არათანაბარ პირობებში. აბონენტთა ნაწილი ისჯება იმის გამო, რომ არ ცხოვრობს ქალაქ თბილისში ან ბუნებრივი გაზი გაიყვანა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ.
8. მოსარჩელე მხარის აზრით, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. №69 ბრძანებით, სახელმწიფო არათუ ზრუნავს ქვეყნის თანაბარ განვითარებაზე და ადგენს შეღავათებს მაღალმთიანი რაიონებისათვის, არამედ, პირიქით, აყენებს ქ. თბილისის გარეთ მცხოვრებ პირებს გაცილებით არახელსაყრელ მდგომარეობაში.
9. მართალია, კონსტიტუციური სარჩელის დასაწყისში მითითებულია, რომ სადავო აქტებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი, თუმცა სარჩელის ტექსტში აღარ არის ყურადღება გამახვილებული ამ ნორმაზე. სასარჩელო მოთხოვნაც საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მე-14 და 31-ე მუხლების მიმართ სადავო აქტების კონსტიტუციურობის დადგენას ითვალისწინებს.
10. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე მხარე მოითხოვს: 1) კონსტიტუციური სარჩელის მიღებას წარმოებაში და 2) სადავო ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 31-ე მუხლებთან მიმართებით.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №473 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე 2009 წლის 8 ივნისს.
II
1. „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 24 ივლისის №73 ბრძანებით ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანების მე-2 პუნქტი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცვლილებების შემტანი ნორმატიული აქტი არის იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილი, რომელშიც ხდება ცვლილებების შეტანა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის №73 ბრძანება №69 ბრძანების მოქმედი რედაქციის განუყოფელი ნაწილია და ის არ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელი მსჯელობის საგანი.
2. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს №69 ბრძანების მე-2 პუნქტის პირველად რედაქციაზე, რომელიც ითვალისწინებდა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის ნაწილობრივ დერეგულაციას ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში საცალო მომხმარებლისათვის და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე №69 ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული საცალო მომხარებლისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმა №73 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების შემდეგ მოქმედებს განსხვავებული შინაარსით და მისი ძველი რედაქცია ძალადაკარგულია. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, “...იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად იმსჯელოს ნორმის კონსტიტუციურობაზე, ნორმა უნდა მოქმედებდეს.” (განჩინება №2/17/399; II-2). ანალოგიურ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს: „იქედან გამომდინარე, რომ გასაჩივრებული ნორმა ... აღარ მოქმედებს, აზრს არის მოკლებული ნებისმიერი არგუმენტაცია მის მიერ რომელიმე ძირითადი უფლების დარღვევის თაობაზე. ნორმით, რომელიც არ მოქმედებს, კონსტიტუციის დარღვევა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი, მიუხედავად იმისა, რომ მასში მოყვანილია გარკვეული მტკიცებულებები, დაუსაბუთებლად შეიძლება ჩაითვალოს.“ (განჩინება №2/6/418; II-2). ამდენად, კოლეგია არ იმსჯელებს №69 ბრძანების მე-2 პუნქტის ძალადაკარგულ რედაქციასთან დაკავშირებით და ამ ნაწილში №473 კონსტიტუციურ სარჩელს დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
3. ყველა მოსარჩელე არის ქ. თბილისში მცხოვრები პირი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს შეიტანოს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც მიიჩნევს, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მისი უფლებები და თავისუფლებები. როგორც ვხედავთ, კანონმდებლობა არ უშვებს აცტიო პოპულარის შესაძლებლობას. ამდენად, ქ. თბილისის მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ვერ იდავებს ქ. თბილისის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრები საქართველოს სხვა მოქალაქეების უფლებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, კოლეგია არ იმსჯელებს სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მიმართ.
4. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩამოაყალიბა თავისი მიდგომა საქმეში „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: “საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი ძირითად უფლებას კი არ ადგენს, არამედ ერთი მხრივ სახელმწიფო სოლიდარობისა და მეორე მხრივ კი - სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის გამოხატულებაა.” (გადაწყვეტილება №2/1-392; II-21). აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო არ იმსჯელებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, როგორც ძირითადი უფლების დამდგენი ნორმის დარღვევაზე. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით.
5. როგორც აღინიშნა, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისას actio popularis-ს. ამგვარი ტიპის სარჩელების თავიდან აცილებისათვის და კანონმდებლობის მოთხოვნების დასაცავად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მოახდინოს სადავო ნორმის განმარტება იმის გასარკვევად, თუ რამდენად აქვს მას და რა ნაწილში სავარაუდო შეხება მოსარჩელის უფლებებთან. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ისეთ ნორმაზე ან ნორმის ნაწილზე, რომელიც აშკარად არ არის კავშირში მოსარჩელის უფლებებთან.
6. №69 ბრძანების პირველი პუნქტი დერეგულირებულად აცხადებს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, გარდა მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. როგორც №473 კონსტიტუციური სარჩელიდან ჩანს, მოსარჩელეები პრობლემატურად მიიჩნევენ არა, ზოგადად, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულაციის რეჟიმს, არამედ იმას, რომ 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული აბონენტებისაგან განსხვავებით, მათ სხვა, არახელსაყრელ რეჟიმში უწევთ ბუნებრივი გაზის მიღება და შესაბამისი საფასურის გადახდა. ბუნებრივი გაზის მიწოდების განსხვავებულ რეჟიმს ადგენს №69 ბრძანების მე-2 პუნქტი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის გავრცელება სადავო ბრძანების პირველ პუნქტზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შეუსაბამობის თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია.
7. „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანების პირველი პუნქტისაგან განსხვავებულ რეგულირებას ითვალისწინებს მისი მე-2 პუნქტი. ამ ნორმით ნაწილობრივ დერეგულირებულად ცხადდება ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისათვის. ამავდროულად, ნაწილობრივი დერეგულირება არ შეეხებათ პირებს, რომლებისთვისაც ბუნებრივი გაზის მიწოდება 2008 წლის 1 აგვიტომდე იქნა დერეგულირებული. აქ იგულისხმება ის პირები, რომლებიც ბუნებრივი გაზის მომხმარებლები გახდნენ 2007 წლის 1 სექტემბრიდან. ამ კატეგორიის პირთა და მოსარჩელეთა სამართლებრივი მდგომარეობა ანალოგიურია – მომხმარებელთა ორივე ჯგუფი ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირების რეჟიმშია მოქცეული. სადავო ნორმატიული აქტის ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა, განსხვავებული მოპყრობის აშკარად არარსებობის გამო, დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, მოსარჩელეები არ არიან უფლებამოსილი სუბიექტები და ვერ იდავებენ იმ პირთა უფლებების გამო, რომლებისთვისაც გაზის მიწოდების საქმიანობა დერეგულირებული იქნა 2008 წლის 1 აგვისტომდე.
8. მოსარჩელეები, ასევე, არ წარმოადგენენ მტკიცებულებებს იმის თაობაზე, რომ ნაწილობრივი დერეგულირების რეჟიმი და მისი გავრცელება მომხმარებელთა გარკვეულ ჯგუფზე არაკონსტიტუციურია. კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა ამოცანა სწორედ ის არის, რომ ისინი მოექცნენ ანალოგიურ სამართლებრივ რეჟიმში. ბუნებრივი გაზის მიწოდების ნაწილობრივი დერეგულირების რეჟიმიდან მოსარჩელეები გამოჰყავს სადავო აქტის მე-2 პუნქტის სიტყვებს - „2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული“. ეს ჩანაწერი აყენებს მათ განსხვავებულ პირობებში კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ იმ მომხარებლებთან, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2008 წლის 1 აგვისტომდე.
9. №69 ბრძანების მე-3 პუნქტი ადგენს ამ ბრძანების ამოქმედების წესს და განსაზღვრავს, რომ მისი მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 სექტემბრის შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობებზე. მოსარჩელეებს კონსტიტუციურ სარჩელში არ მოჰყავთ არგუმენტაცია 2007 წლის 1 სექტემბრამდე არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ რეგულირებასა და მისგან მომდინარე განსხვავებულ მოპყრობასთან მიმართებით. შესაბამისად, მათი სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №473 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
ხელმძღვანელობს რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით და მე-18 მუხლის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №473 (საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანების მე-2 პუნქტის სიტყვების „2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №473 (საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 24 ივლისის №73 ბრძანების კონსტიტუციურობას;
ბ) „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანების მე-2 პუნქტის 2008 წლის 1 აგვისტომდელი რედაქციის კონსტიტუციურობას;
გ) „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან მიმართებით;
დ) „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, გარდა ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის სიტყვებისა „2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული“.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი