საქართველოს მოქალაქეები გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2-527 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
3. ქეთევან ერემაძე – წევრი;
4. მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის №5669–რს კანონის პირველი მუხლის 85–ე პუნქტის, რომლითაც ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391–ე მუხლის მე–5 ნაწილში და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303–ე მუხლის მე–3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 21 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №527) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა გიორგი წაქაძემ, ილია წულუკიძემ და ვახტანგ ლორიამ. №527 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2012 წლის 24 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 24 ოქტომბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი, 31–ე მუხლი, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ" კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი.
3. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის №5669–რს კანონის პირველი მუხლის 85–ე პუნქტს, რომლითაც ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (№1106, 1997 წლის 14 ნოემბერი) 391–ე მუხლის მე–5 ნაწილში და საქართველოს 2009 წლის №1772-ს კანონის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303–ე მუხლის მე–3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით.
4. სადავო ნორმების რეგულირების საგანს წარმოადგენს ქონებრივ და არაქონებრივ სამოქალაქო დავებსა და სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხები. სადავო ნორმების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავო ნორმა დამატებით ითვალისწინებს ასევე დასაშვებობის შემდეგ პირობას: გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საკასაციო საჩივარი აუცილებლად უნდა იყოს დასაშვები, რათა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, როგორც უმაღლესი ინსტანციის ორგანომ, გამოასწოროს წინა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაშვებული შეცდომები და კასატორს აღარ დაუტოვოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, საქართველო არ წარმოადგენს პრეცედენტული სამართლის ქვეყანას და ნებისმიერი მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე. შესაბამისად, სადავო ნორმების მიღებისას კანონმდებელს ისე უნდა ჩამოეყალიბებინა მათი შინაარსი, რომ თავიდან აეცილებინა სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, რაც ეჭვქვეშ დააყენებს მართლმსაჯულების ობიექტურობას და სასამართლო სისტემაში გატარებულ რეფორმებს.
6. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე იზღუდება კონსტიტუციის 42-ე მუხლით განმტკიცებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. მისი აზრით, საკასაციო საჩივრისთვის სადავო ნორმებით განსაზღვრული დასაშვებობის კრიტერიუმების არსებობის პირობებში, საკასაციო საჩივრების უმრავლესობა დაუშვებლად ცხადდება, რითაც საფრთხე ექმნება კონსტიტუციური უფლების ეფექტურ რეალიზაციას. ამასთან, ისინი მიუთითებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც საერთო სასამართლოების სისტემა შედგება სამი საფეხურისგან, მესამე ინსტანციაში საჩივრის დაუშვებლობა გულისხმობს იმას, რომ წინა ინსტანციების მიერ არაკანონიერად და შეცდომით მიღებული გადაწყვეტილებები შედის ძალაში, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და სამართლებრივ წესრიგს.
7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები, თავისი ბუნებით სუბიექტური ხასიათისაა და წარმოადგენს კონკრეტული მოსამართლის შეფასების საგანს. შესაძლებელია, აღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებები, რაც ხელს უშლის ნებისმიერ პირს, დაიცვას თავისი უფლებები და თავისუფლებები უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მეშვეობით და არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებას.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები არ ითვალისწინებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, გაურკვეველია რის საფუძველზე ან რა კრიტერიუმების გათვალისწინებით ცნო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ან დაუშვებლად. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სადავო ნორმებით დადგენილი კრიტერიუმი არ ითვალისწინებს ამგვარ ვალდებულებას, უზენაესი სასამართლოსადმი მიმართვა აზრს მოკლებულია, წარმოადგენს უფლების დაცვის არაეფექტურ საშუალებას და გაუმართლებლად ზღუდავს პირის კონსტიტუციურ უფლებას.
9. მოსარჩელეები დამატებით აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმებით ასევე ირღვევა უშუალოდ მათი, როგორც ადვოკატების კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, ვინაიდან სადავო ნორმების საფუძველზე მათ მიადგათ კონკრეტული მატერიალური ზიანი, რაც აისახა უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის მიზეზით წაგებული საქმეების გამო დაკარგულ ჰონორარში.
10. მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით არსებულ საერთო სტატისტიკას, ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ საერთაშორისო აქტებს, შესაბამის დებულებებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ და ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სარჩელში მითითებული სადავო საკითხები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი უნდა იყოს.
2. მოსარჩელეთა მიერ ერთ-ერთ სადავო ნორმად დასახელებულია "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის №5669–რს კანონის პირველი მუხლის 85–ე პუნქტის, რომლითაც ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (№1106, 1997წლის 14 ნოემბერი) 391–ე მუხლის მე–5 ნაწილში კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით.
3. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშოს, რომ მოსარჩელე კონსტიტუციური სარჩელით მოითხოვს არა ძირითადი ნორმატიული აქტის რომელიმე ნორმის, არამედ იმ ნორმატიული აქტის დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც თვით ეს ძირითადი ნორმატიული აქტი შეიცვალა. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სასამართლოს შინაარსობრივი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს არა ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის ესა თუ ის ნორმა, არამედ ძირითადი (კოდიფიცირებული) კანონის იმ ნორმის მოქმედი რედაქცია, რომელიც ჩამოყალიბდა განხორციელებული ცვლილების შედეგად ... შესაბამისად, მოცემული დავის გადასაწყვეტად მოსარჩელემ უნდა მიუთითოს არა ცვლილებების და დამატებების შესახებ კანონი, არამედ მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს, ვინაიდან ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონი დამოუკიდებლად ვერ შეფასდება როგორც უფლების შემზღუდველი ნორმა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7-9).
შესაბამისად, ამგვარი ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე მსჯელობა სცილდება საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს და, ამდენად, დარღვეულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად სარჩელში მითითებული სადავო საკითხები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი უნდა იყოს.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის “...მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის N1/1/413 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
5. მოსარჩელეები – გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია სადავოდ ხდიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წესი იძლევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის არსებითად განხილვაზე დაუსაბუთებლად უარის თქმის შესაძლებლობას, რაც ართმევს მათ უფლებას, უზენაესი სასამართლოს მეშვეობით მოახდინონ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება.
6. ამასთან, სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან, ისევე როგორც თანდართული მასალებიდან არ იკვეთება, რომ რომელიმე მოსარჩელემ უშუალოდ საკუთარი უფლებების დასაცავად საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სადავო ნორმების საფუძველზე მათი საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. ამაზე მიუთითებს აგრეთვე მოსარჩელეთა მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ ნორმასთან სადავო ნორმების კონსტიტუციურობის მტკიცებისათვის მითითებული ის არგუმენტი, რომ უშუალოდ მათი, როგორც ადვოკატების კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება დაირღვა იმით, რომ სადავო ნორმების საფუძველზე მათ მიადგათ კონკრეტული მატერიალური ზიანი, რაც აისახა უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის მიზეზით წაგებული საქმეების გამო დაკარგულ ჰონორარში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უშუალოდ მოსარჩელეების მიმართ არ მომხდარა სადავო ნორმების გამოყენება და არც ახლო მომავალში (გონივრულ პერსპექტივაში) წარმოეშობათ მათი უფლებების დასაცავად დასახელებული ნორმების გამოყენების რეალური აუცილებლობა. შესაბამისად, მოცემულ მომენტში ვერ იარსებებს სადავო ნორმებით მოსარჩელეთა უფლების სავარაუდო დარღვევის რისკი.
7. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ორი განჩინება. თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ლევან გოგიჩაიშვილის, დავით აბაშიძისა და თამაზ ევგენიძის საკასაციო საჩივრები. მოსარჩელეები აღნიშნულ განჩინებებს განიხილავენ იმის მტკიცებულებად, რომ სადავო ნორმების საფუძველზე ირღვევა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გარანტირებული უფლებები. ამასთან, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ზემოთ დასახელებულმა (ან სხვა) პირებმა შესაბამისი უფლებამოსილება მიანიჭეს მოსარჩელეებს, რათა დავის საგნის ფარგლებში მათი სახელით ედავათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღინიშნავს, რომ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლი „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის N2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საკონსტიტუციო სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის გზით პირს აქვს შესაძლებლობა, იდავოს მხოლოდ უშუალოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე. იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად მათი მხრიდან შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე. შესაბამისად, სარჩელში მოყვანილი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივრების ნაწილი დაუშვებლად არის ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, ისევე როგორც სარჩელზე თანდართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები, არ გამოდგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძვლად. მათ საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს სადავო ნორმებთან მესამე პირთა და არა მოსარჩელეთა შემხებლობა. შესაბამისად, აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელეების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა წარმოადგენს არა საკუთარი, არამედ დაინტერესებულ პირთა (მესამე პირთა) მხრიდან შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე სხვისი უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვას. ასეთი სარჩელი წარმოადგენს ”actio popularis”, რომლის დასაშვებობას საკონსტიტუციო სამართალწარმოება არ ითვალისწინებს.
8. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, სარჩელი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ და სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. შესაბამისად, იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
II
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მეორე პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-18 მუხლის „ბ“ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი #527 (საქართველოს მოქალაქეები გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი