საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცხომელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/16/304 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 28 ოქტომბერი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცხომელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონის მე-5 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე: მოსარჩელე ვახტანგ ცხომელიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიის 2004 წლის 11 ოქტომბერს გადმოეცა საქართველოს მოქალაქის ვახტანგ ცხომელიძის 304-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე სასამართლოს ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2004 წლის 21 ოქტომბერს.
მოქალაქე ვახტანგ ცხომელიძემ კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2004 წლის 4 ოქტომბერს. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, ვინაიდან იგი პოლიტიკური და სასამართლო სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის მოტივით გამორიცხავს პასუხისმგებლობას ცილისწამებისათვის. საქართველოს კონსტიტუცია კი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებების გავრცელებას. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს ადამიანის სიტყვის თავისუფლებას, თუ მისი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ცნობების გავრცელება, მოსარჩელის აზრით, ეწინაამღდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს. სადავო პუნქტი ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნას, ვინაიდან წინაამღდეგობაში მოდის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპთან.
მოსარჩელეს ასევე არაკონსტიტუციურად მიაჩნია “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან იგი ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულ სასამართლო დაცვის უფლებას და ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რომლის თანახმად ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონის მე-5 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, გამწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღებისათვის.
სასამართლო კოლეგიის აზრით, მოსარჩელე ვახტანგ ცხომელიძე მოცემულ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი სუბიექტი. არც კონსტიტუციურ სარჩელში არ არის აღნიშნული (ნაჩვენები) და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ დაასაბუთა მოსარჩელემ, რომ სადავო ნორმებით ირღვევა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მისი კონსტიტუციური უფლებები. გამწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ სადავო ნორმები არღვევენ მოქალაქეთა უფლებებს ზოგადად, რაც მას, როგორც ადვოკატს, საფუძველს აძლევს შეიტანოს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. სასამართლო კოლეგია ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის ასეთ სუბიექტს არ იცნობს მოქმედი კანონმდებლობა. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის ძალით, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს მოქალაქეს, თუ მას მიაჩნია, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებანი და თავისუფლებანი.
ამგვარად, მოქალაქე ვახტანგ ცხომელიძე 304-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან მიმართებით უფლებამოსილ სუბიექტად ვერ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიუთითებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ “შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ”.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის “ბ” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის ვახტანგ ცხომელიძის 304-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონის მე-5 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებასან გადასინჯვასარ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე);
ვ. გვარამია;
ი. ფუტკარაძე;
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე);