პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ და საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ბულბულაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/528 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 31 ოქტომბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ სიჭინავა - წევრი;
3. ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
4. თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ და საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ბულბულაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილების პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებთან „საკუთრება ... აღიარებული და უზრუნველყოფილია“ მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №528) მომართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „თავისუფალმა საქართველომ“ და საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ბულბულაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2012 წლის 29 მაისს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 30 ოქტომბერს.
3. №528 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 და მე–16 მუხლები.
4. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილების პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებთან „საკუთრება ... აღიარებული და უზრუნველყოფილია“ მიმართებით. სადავო ნორმები განსაზღვრავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის გადამხდელთა წრეს, საფასურის ოდენობას, საფასურის გადახდის/ამოღების წესს და ადგენენ ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტების ვალდებულებას, გადაიხადონ „112“-ის მომსახურების გადასახადი (ფიზიკური პირებისათვის 0.2 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისათვის 0.5 ლარი, ყოველ კალენდარულ თვეზე).
5. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების მოქმედებით მათ საკუთრებაში არსებული თანხიდან, ყოველთვიურად, წინასწარი თანხმობის გარეშე, ექვითებათ ერთ შემთხვევაში 20 თეთრი, ხოლო მეორე შემთხვევაში 50 თეთრი ისეთი მომსახურეობის სანაცვლოდ, რომლითაც მათ არ უსარგებლიათ, რაც, მათი აზრით, არალეგიტიმურად ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ კონსტიტუცია ითვალისწინებს საკუთრების შეზღუდვას მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. თუმცა, ამ შემთხვევაშიც საჭიროა ისეთი პროცედურის დაცვა, როგორიცაა საკუთრების შეზღუდვა სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობის დროს და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით. ისინი თვლიან, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას დადგენილების მიღებისას არ ამოძრავებდა ისეთი ლეგიტიმური მიზანი, როგორიცაა საკუთრების შეზღუდვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის.
7. მოსარჩელეთა აზრით, თუ სადავო ნორმის მიმღები მიზნად ისახავდა სახელმწიფო ბიჯეტიდან საჭირო თანხების გამოყენებისგან გვერდის ავლით, საგანგებო სამსახურებისთვის მათი სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაფინანსების გაზრდას, სადავო დადგენილების კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელი იყო მისი იმგვარად ფორმულირება, რომ 112-ის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა ყოფილიყო პირის უფლება და არა ვალდებულება. ან განეხორციელებინა გადასახდის დაწესება არა მსგავსი არაპირდაპირი გზით, არამედ პირდაპირ. კერძოდ, ოფიციალური თანხის დაწესებით, რომელიც ავტომატურად ჩამოეჭრებოდა აბონენტს, თუ ის განახორციელებდა ზარს საგანგებო სამსახურების ნომერზე. მსგავსი ფორმულირება არ შელახავდა სხვა პირთა უფლებებს. ამჟამად მოქმედი დანაწესი კი პირდაპირ არღვევს იმ პირის საკუთრების უფლებას, რომელიც, მაგალითად, უახლოესი 5 წლის მანძილზე საერთოდ არ ისარგებლებს საგანგებო სამსახურების სერვისით, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე ყოველთვიურად ჩამოეჭრება გარკვეული თანხა ანგარიშიდან.
8. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც „გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი“. სადავო შეზღუდვები დაწესებულია არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე აქტით, მთავრობის დადგენილებით. მოსარჩელეთა აზრით, კანონქვემდებარე აქტით მოსაკრებლის შემოღება, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილების პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებთან „საკუთრება ... აღიარებული და უზრუნველყოფილია“ მიმართებით. შესაბამისად, იგი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვები შინაარსობრივად მიემართება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მითითებულ სიტყვებს.
3. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის გარემოება, რომ საკუთრების უფლება იზღუდება საზოგადოებრივი საჭიროების გარეშე, შეზღუდვის სამართლიანი პროცედურის არარსებობის პირობებში. სწორედ ამ ფაქტორებს ეფუძნება მოსარჩელის პოზიცია ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ამ არგუმენტებზე დაყრდნობით ცდილობს სადავო ნორმების მიმართების დასაბუთებას კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სარჩელში მითითებულ სიტყვებთან.
4. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შინაარსი და ერთმანეთისაგან გამიჯნა მათი მოქმედების სფერო და დაცული უფლების ფარგლები. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის ინსტიტუტი და შესაბამისი კონსტიტუციურ–სამართლებრივი რეგულირება მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის მე–2 პუნქტში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ საზოგადოებრივი საჭიროების კონსტიტუციურ შინაარსსა და საკუთრების შეზღუდვის დასაშვებ ფარგლებს, სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი არეგულირებს. შესაბამისად, შეუძლებელია სადავო ნორმებით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვის პროპორციულობა, მისი მიზანშეწონილობა ან, თუნდაც საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის საკითხი მხოლოდ კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე შეფასდეს.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „21-ე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის დამრღვევი ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საკუთრების უფლების შეზღუდვისადმი ან საკუთრების ჩამორთმევისადმი წაყენებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, იმავდროულად წინააღმდეგობაში მოვა ამავე მუხლის პირველ პუნქტთანაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405, II-6), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს 21-ე მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტისა და, შესაბამისად, პირველი პუნქტის დარღვევას იმ შემთხვევაშიც, თუ სასარჩელო მოთხოვნა არ ეხება 21-ე მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებს. „იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს, რამდენად შეესაბამება საკუთრების უფლების შეზღუდვა ან საკუთრების ჩამორთმევა კონსტიტუციის მოთხოვნებს, მას უნდა ჰქონდეს ამ მოთხოვნების მიმართ, რომლებიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, სადავო ნორმის გადამოწმების საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის №2/1/481 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნინო ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13)
6. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს მოსარჩელის არგუმენტაციის საფუძვლიანობას, იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ხდება საკუთრების უფლების შეზღუდვა. თუმცა, ვინაიდან მოსარჩელე არ ითხოვს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სადავო ნორმების შემოღების გარკვეული საზოგადოებრივი საჭიროების არსებობასთან კავშირზე, უფლების შეზღუდვის პროპორციულობასა და სხვა საკითხებზე, რომლებიც კონსტიტუციის აღნიშნული ნორმით რეგულირდება. შესაბამისად, შეუძლებელია საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება, სადავო ნორმის კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან შემოწმების გარეშე. „თუ მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის რომელიმე ნორმის მიმართ, ხოლო მისი არგუმენტაცია შეეხება კონსტიტუციის სხვა ნორმას ან ასეთი არგუმენტაცია საერთოდ არ არსებობს, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია“ (2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
7. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს სადავო ნორმების მიმართებას, კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებთან „საკუთრება ... აღიარებული და უზრუნველყოფილია“. ვინაიდან სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციიდან არ იკვეთება სადავო ნორმისა და სარჩელში დასახელებულ კონსტიტუციის დებულებას შორის შინაარსობრივი ურთიერთკავშირი, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მეორე პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-18 მუხლის „ა“ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №528 (პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ და საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ბულბულაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი