საქართველოს მოქალაქე თარხუჯ ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/470 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 6 მაისი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე თარხუჯ ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქემ თ. ჯავახიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 470-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით №470 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. სადავო ნორმა არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ“.
3. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიერ 1998 წლის 30 სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება მას ჩაბარდა მხოლოდ 2005 წლის 2 მარტს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩათვალა და გასცა სააღსრულებო ფურცელი. 2005 წლის 25 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა განცხადება, რადგანაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასული იყო 5 წლიანი ვადა.
4. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების მიმართ არ არის დაწესებული შეზღუდვის შესაძლებლობა. სადავო ნორმა წარმოადგენს კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას დროში, რაც არაკონსტიტუციურია და მისი გამართლება არაფრით არ შეიძლება.
5. მოსარჩელე, ასევე, აპელირებს იმ საერთაშორისო აქტებზე, რომლებიც ითვალისწინებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას. კონკრეტულად, იგი მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-8 მუხლს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველის პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №470 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე 2009 წლის 6 აპრილს.
II
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 30 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. დავის საგანს აღნიშნულ საქმეზე წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. მოსარჩელე მხარე №161 კონსტიტუციურ სარჩელზე, მსგავსად №470 კონსტიტუციური სარჩელისა, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პირის კონსტიტუციური უფლება, სასამართლოს საშუალებით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები, დროში არ უნდა ყოფილიყო შეზღუდული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების ოლღა სუმბათაშვილისა და იგორ ხაპროვის კონსტიტუციური სარჩელი და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
3. როგორც ირკვევა, №470 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან უკვე გახდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი და ამასთან დაკავშირებით გამოტანილია შესაბამისი გადაწყვეტილება.„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, №470 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, რადგანაც მასში მითითებული სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და კოლეგიას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით განსაზღვრული შემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №470 (საქართველოს მოქალაქე თარხუჯ ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი