საქართველოს მოქალაქე ლუდმილა კვეკვესკირი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/464 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 18 მარტი 2011 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე-სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა-წევრი;
ლალი ფაფიაშვილი-წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ჯონი ხეცურიანი-წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლუდმილა კვეკვესკირი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის წინადადების „ის თანამშრომლები, რომელთა გადაყვანა შემოსავლების სამსახურში ვერ ხერხდება სამსახურის ან ფინანსური პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების ნაწილის რეორგანიზების შედეგად შექმნილი ერთეულის საშტატო რიცხოვნობიდან ან შესაბამისი თანამდებობრივი რანგიდან გამომდინარე, ითვლებიან სამსახურიდან განთავისუფლებულებად“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის წინადადების „აღნიშნულ დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ ვრცელდება დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ წაყენებული მოთხოვნები კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №464) მომართა საქართველოს მოქალაქე ლუდმილა კვეკვესკირმა. №464 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2008 წლის 15 ოქტომბერს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2009 წლის 6 მაისის 2/5/464 საოქმო ჩანაწერით, №464 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის წინადადების „ის თანამშრომლები, რომელთა გადაყვანა შემოსავლების სამსახურში ვერ ხერხდება სამსახურის ან ფინანსური პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების ნაწილის რეორგანიზების შედეგად შექმნილი ერთეულის საშტატო რიცხოვნობიდან ან შესაბამისი თანამდებობრივი რანგიდან გამომდინარე, ითვლებიან სამსახურიდან განთავისუფლებულებად“კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის წინადადების „აღნიშნულ დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ ვრცელდება დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ წაყენებული მოთხოვნები“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-16 მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტები.
3. სადავო ნორმები მოცემულია „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტში. ეს პუნქტი აწესრიგებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ახლად შექმნილ შემოსავლების სამსახურში იმ პირების გადაყვანას, რომლებიც მუშაობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულ/რეორგანიზებულ თანამდებობებზე.
4. პირველი სადავო წინადადება შეეხება ზემოაღნიშნულ პირებს და ითვალისწინებს, რომ „ის თანამშრომლები, რომელთა გადაყვანა შემოსავლების სამსახურში ვერ ხერხდება სამსახურის ან ფინანსური პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების ნაწილის რეორგანიზების შედეგად შექმნილი ერთეულის საშტატო რიცხოვნობიდან ან შესაბამისი თანამდებობრივი რანგიდან გამომდინარე, ითვლებიან სამსახურიდან განთავისუფლებულებად“.
5. მეორე სადავო წინადადება არეგულირებს შემოსავლების სამსახურში სამსახურის უფროსის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ პირების დანიშვნას. ამ წინადადების შესაბამისად, „აღნიშნულ დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ ვრცელდება დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ წაყენებული მოთხოვნები“.
6. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ იგი იყო რუსთავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე. ინსპექციის რეორგანიზაციის შედეგად, 2007 წლის პირველი დეკემბრიდან განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. განთავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი იყო „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გააჩნდა უფლებამოსილება, რეორგანიზაციის პირობებში ის პირები დაესაქმებინა, რომელთა დანიშვნაც უფრო მიზანშეწონილად მიაჩნდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება.
7. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების თანაბარი შანსი და შესაძლებლობა. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე შერჩევის კრიტერიუმები მაქსიმალურად გამორიცხავდეს სუბიექტივიზმს და თვითნებობას. ამისათვის, მოსარჩელის აზრით, კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი და განჭვრეტადი.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, სადავო დებულება, რომლის მიხედვითაც თანამშრომელთა გადაყვანასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე არ ვრცელდება დისკრეციული გადაწყვეტილებების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, უფლებამოსილ პირს ათავისუფლებს დისკრეციული გადაწყვეტილების დასაბუთების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნისგან. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიღების კრიტერიუმები არ იქნა კანონში გათვალისწინებული. ამის გამო, მოსარჩელისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა იმის განსაზღვრა, თუ რა ობიექტური მოთხოვნების დაკმაყოფილებისას შეეძლო მას შემოსავლების სამსახურში სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.
9. იმის დასაბუთებისათვის, რომ კანონი სიცხადისა და განსაზღვრულობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „სილვერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ეკატერინე ლლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმის სიცხადე და განჭვრეტადობა ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას.
10. მოსარჩელე აგრეთვე აპელირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „მელონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ და ამტკიცებს, რომ სადავო დებულება არ ადგენს რა დისკრეციული გადაწყვეტილების მიღების მანერასა და ფარგლებთან დაკავშირებულ რაიმე მოთხოვნას, გზას უხსნის ამ პროცესში თვითნებობასა და სუბიექტივიზმს, რაც შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის პრინციპთან.
11. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში განმარტავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს და მიიჩნევს, რომ აქ მითითებული „სახელმწიფო სამსახურის პირობები“ გულისხმობს არა მხოლოდ მოსამსახურის უფლება-მოვალეობებს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების პროცესში, არამედ, აგრეთვე მოიცავს სამსახურში მიღების ან განთავისუფლების საფუძვლებსაც. იმისათვის, რომ კანონმდებელმა უზრუნველყოს სახელწიფო სამსახურში თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, ის ვალდებულია, დაადგინოს სამსახურიდან განთავისუფლების ობიექტური კრიტერიუმები.
12. სადავო დებულება, რომლის მიხედვითაც, ის თანამშრომლები, რომელთა გადაყვანა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ერთეულში ვერ მოხერხდება, ითვლებიან სამსახურიდან განთავისუფლებულებად, არღვევს ზემოხსენებულ ვალდებულებას. განსაზღვრული არ არის, თუ როგორ, რა ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოხდეს სამსახურის რეორგანიზაციის გამო „შესამცირებელი თანამშრომლების“ ნუსხის დადგენა. ამდენად, ეს მთლიანად დამოკიდებულია დამსაქმებლის ნებაზე და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
13. მიუხედავად იმისა, რომ სადავო დებულებები მოქცეულია გარდამავალი დებულებების თავში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „საქართველოს მოქალაქეები-ირაკლი ლეკვეიშვილი, კობა გოცირიძე, კობა კობახიძე და სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ დაყრდნობით, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ კონსტიტუციის მოთხოვნებს ამგვარი საგამონაკლისო ნორმებიც უნდა შეესაბამებოდეს და შესაბამისად, სადავო საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
II
1. №464 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო სამართლებრივ აქტად მითითებულია „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ 2006 წლის 29 დეკემბრის საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისი წინადადებები. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების დროს სადავო ნორმები ძალაში იყო და მოქმედებდა.
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ 2010 წლის 23 თებერვლის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მათ შორის მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული ნორმები, ძალადაკარგულად გამოცხადდა.
შესაბამისად, საქმის არსებითად განხილვის დროისთვის, სადავო ნორმები გაუქმებულია და ძალა აქვთ დაკარგული.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ძალადაკარგულია. ამასთან, არ არსებობს საქმის განხილვის გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახე“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახე“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №464 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. შეწყდეს საქმე №464 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ლუდმილა კვეკვესკირი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი