საქართველოს მოქალაქეები - ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/489-498 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 30 ივლისი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის III ნაწილის მე-6 და მე-7 მუხლებთან, ევროპის სოციალური ქარტიის I ნაწილის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 11 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №489) მიმართა საქართველოს მოქალაქე ოთარ კვენეტაძემ, ხოლო 2010 წლის 31 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (№498) - საქართველოს მოქალაქე იზოლდა რჩეულიშვილმა. შესაბამისად, 2010 წლის 15 იანვარს და 2 ივნისს კონსტიტუციური სარჩელები, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. №489 და №498 კონსტიტუციურ სარჩელებს აქვთ ერთი და იგივე დავის საგანი, რის გამოც სასამართლომ, განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში, ერთობლივად განიხილა დასახელებული კონსტიტუციური სარჩელები. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2010 წლის 30 ივლისს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელებში მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი და მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი.
3. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი განსაზღვრავს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას. სადავო ნორმით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისას, პირველ რიგში, უნდა დაიფაროს საპროცესო ხარჯები.
4. კონსტიტუციურ სარჩელებში მითითებულია, რომ 2007 წელს სახელმწიფომ კომპანია „ენერგოპროს“ მიჰყიდა ენერგოსისტემის რვა ობიექტი. 2007 წლის 10 ოქტომბრის №1-3/736 ბრძანების შესაბამისად, აღნიშნული ობიექტები გაერთიანდა და შეიქმნა სს „ენერგია XXI“. აღნიშნული სააქციო საზოგადოების 91.4%-ის მფლობელია სახელმწიფო, ხოლო 8.6%-ის მფლობელია სს „რელასის“ შრომითი კოლექტივი. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 313 231 ლარს, კრედიტორული დავალიანება - 1 144 599 586 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანება - 405 423 964 ლარს. სს „ენერგია XXI“-ის შექმნით სახელმწიფომ თავის თავზე აიღო შერწყმული ორგანიზაციების დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების უზრუნველყოფა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ საქმის განხილვისას დადგენილ იქნა კრედიტორული დავალიანების წარმოშობის კანონიერება სუბიექტების მიხედვით, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის „საგადასახადო ინსპექციას“ დაუდგინა 255 781 091 ლარი, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს 491 629 454 ლარი, ფიზიკურ პირებზე კი დადგენილ იქნა დავალიანება 1 200 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეთა აზრით, ხელფასების, პენსიების, მიყენებული ზარალის ანაზღაურებით წარმოშობილი კრედიტორული დავალიანებების, ასევე საწარმოო ტრავმით მარჩენალდაკარგულებისა და დაზარალებულების ყოველთვიური სარჩო გაუსტუმრებელი დარჩება, ვინაიდან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ რიგში, გასტუმრებულ უნდა იქნეს საგადასახადო დავალიანებები და უზრუნველყოფილი კრედიტორების დავალიანებები.
6. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რომლითაც უზრუნველყოფილია შრომითი უფლებების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან.“ მითითებული პრინციპები კი ჩამოყალიბებულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტსა და ევროპის სოციალურ ქარტიაში.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლებით, აღიარებულია შრომის უფლება, ე.ი. ადამიანის უფლება, საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დასთანხმდება, ასევე, ადამიანის უფლება, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის ანაზღაურება, რომელიც ყველა მშრომელისათვის უზრუნველყოფს სამართლიანი ხელფასის მიღებას.
ევროპის სოციალური ქარტიის I ნაწილის მე-4 პუნქტის მიხედვით, „ყოველ მშრომელს აქვს უფლება მიიღოს სამართლიანი გასამრჯელო, რომელიც საჭიროა მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ნორმალური დონის შენარჩუნებისათვის“.
მოსარჩელეებს ასევე მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, „ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან“.
7. კონსტიტუციურ სარჩელებში მითითებულია, რომ მოსარჩელეებს მათ მიერ გაწეული შრომისათვის წლების მანძილზე არ მისცემიათ გასამრჯელო, რის გამოც მიმართეს სასამართლოს. თუმცა ისინი კვლავ სამართლიანი გასამრჯელოს გარეშე დარჩნენ, ვინაიდან კანონით, პირველ რიგში, შესრულებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანებები. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მიერ მათ მიმართ არსებული სახელფასო, საპენსიო, მიყენებული ზიანით წარმოშობილი დავალიანებების გასტუმრება ევალებოდა სახელმწიფოს. თუმცა აღნიშნული ვალდებულების შესრულების ნაცვლად, შეცვლილ იქნა იმ დროს მოქმედი „გაკოტრების საქმის წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც, პირველ რიგში, უნდა მომხდარიყო სოციალური დავალიანებების გადახდა, ე.ი. მათი დაკმაყოფილება. 2007 წლის 28 მარტს კი მიღებულ იქნა ახალი კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, პირველ რიგში, გადახდილ უნდა იქნეს „ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნა“.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, ასევე, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის III ნაწილის მე-6 და მე-7 მუხლებთან და ევროპის სოციალური ქარტიის I ნაწილის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
II
1. №489 და №498 კონსტიტუციური სარჩელების დავის საგნის იდენტურობის გამო, მათზე საერთო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია №489 და №498 კონსტიტუციური სარჩელების ერთ საქმედ გაერთიანება.
2. საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გარკვევისთვის აუცილებელია, მოსარჩელემ საფუძვლიანად წარმოაჩინოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა, თუ რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს სადავო ნორმას და შესაბამისი კონსტიტუციური ნორმით დაცულ მის უფლებრივ სფეროს შორის.
კონსტიტუციური სარჩელების მიხედვით, სადავო ნორმით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებული შრომითი უფლებების დაცვა და უფლება შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეები სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას ითხოვენ კონსტიტუციის დასახელებულ ნორმასთან მიმართებით, მაგრამ რეალურად დავობენ მიუღებელ შემოსავალზე, რომლის მიღებაზეც კანონიერი მოლოდინი გააჩნდათ. ანუ, მოითხოვენ, რომ გადაეცეთ განხორციელებული სამუშაოს შედეგად მისაღები (საერთო სასამართლოს აქტებით აღიარებული) შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ შრომითი საქმიანობით მიღებული (მისაღები) კონკრეტული შედეგი (უფლება მიუღებელ შემოსავალზე - საკუთრებაზე) საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცული არ არის. კონკრეტული დავის განხილვის მიზნებისათვის სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლება მიუღებელ შემოსავალზე - საკუთრებაზე განმტკიცებულია საკუთრების უფლებით. საკუთრების ცნება ავტონომიური შინაარსისაა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დგინდება სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან.
3. მოსარჩელეები ასევე ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც პირდაპირ არ არიან მოხსენიებული კონსტიტუციაში, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან დაკავშირებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებით გარანტირებული უფლების შინაარსი არის უფრო ფართო, ვიდრე ამას კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს. მოსარჩელეს შეუძლია 39-ე მუხლზე აპელირება იმ შემთხვევაში, როდესაც უფლება არ არის მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში ან კონსტიტუციური უფლების ფარგლები არის უფრო ვიწრო, ვიდრე ეს საერთაშორისო ვალდებულებებით არის გათვალისწინებული (განჩინება №1/2/458, დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, 2009 წლის 10 ივნისი).
როგორც უკვე აღინიშნა, მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალზე არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართების გარკვევის საჭიროების წინაშე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, “ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან. როგორც ვხედავთ, კონსტიტუციის მითითებული ნორმა გარკვევით გამოყოფს იმ პირთა წრეს, რომელთა უკანონო ქმედების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაა გარანტირებული. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სს „ენერგია XXI“ არ განეკუთვნება დასახელებულ პირთა წრეს. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელებში არ არის მოყვანილი სათანადო არგუმენტაცია სადავო ნორმის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტთან მიმართების შესახებ.
5. მოსარჩელეები მოითხოვენ სადავო ნორმის შესაბამისობის შემოწმებას უშუალოდ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6, მე-7 მუხლებთან და ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის მე-4 პუნქტთან. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის სადავო ნორმების საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება (იხ. განჩინება №2/4/420, ცისანა კოტაევა და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2007 წლის 5 ოქტომბერი). ანალოგიურად აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლომ, როდესაც მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის I პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი „სპეციალური ნორმაა და არ ითვალისწინებს ნორმატიული აქტების საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადგენას. ერთადერთი აქტი, რომლითაც ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არის საქართველოს კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანაა, მოახდინოს კონსტიტუციის და არა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განმარტება“ (იხ. მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2-389, 2007 წლის 26 ოქტომბერი).
№489 და №498 კონსტიტუციურ სარჩელებში არ არის მოცემული სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართება კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელები - №489 და №498 არ პასუხობენ კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, „კონსტიტუციური სარჩელი ... განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 271 მუხლის I პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე მუხლით და 33-ე მუხლის I პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელები - №489 და №498 გაერთიანდეს ერთ საქმედ.
2. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად №489 და №498 კონსტიტუციური სარჩელები (საქართველოს მოქალაქეები - ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი