საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/469 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 10 ნოემბერი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
ბესარიონ ზოიძე - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 30-ე მუხლებთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №469) მიმართა საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2008 წლის 23 დეკემბრის რეზოლუციით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას.
2. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმას წარმოადგენს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით“. ეს პირობა წარმოადგენს ერთ-ერთ სავალდებულო მოთხოვნას საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის.
3. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ იგი პროფესიით არის იურისტი, იურიდიული განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მიუხედავად ამისა, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის გამო, მას არა აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს საადვოკატო საქმიანობა.
4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დარღვეულია თანასწორობის კონსტიტუციური უფლება. მისი განმარტებით, ეს პრინციპი ერთნაირად მოქმედებს სამართლის ყველა დარგში და დაცულია, თუ კანონი ერთნაირ პირობებში მყოფი სუბიექტების მიმართ ადგენს თანასწორ პირობებს. ადვოკატები, რომლებიც ეწევიან კერძო პრაქტიკას და „ორგანიზაციის იურისტები“, რომლებიც ასევე იძლევიან კონსულტაციებს და იცავენ ორგანიზაციის უფლებებს სასამართლო პროცესებზე, თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. იმავდროულად, ტესტირება სავალდებულოა მხოლოდ კერძო ადვოკატებისათვის და არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას ორგანიზაციის იურისტებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება მოკლებულია გონივრულ საფუძველს და წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის აშკარა დარღვევას.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი შესაძლებელია იყოს კვალიფიციური საადვოკატო მომსახურების უზრუნველყოფა, რაც საზოგადოებრივ და მოქალაქეთა ინტერესებს ემსახურება, თუმცა ისეთი შეზღუდვით, რომელსაც აწესებს ნორმა, ლეგიტიმური მიზანი ვერ მიიღწევა.
5. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ შრომის თავისუფლებას. მისი აზრით, ეს უფლება პირს საშუალებას აძლევს, თავისუფლად აირჩიოს და შეისწავლოს პროფესია, ხოლო მისი დაუფლების შემდეგ შეუზღუდავად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა მას უზღუდავს იურიდიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების უფლებას, რადგანაც საადვოკატო საქმიანობის უფლებას ანიჭებს მხოლოდ იმ იურისტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ტესტირება.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ #469 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე 2009 წლის 16 ოქტომბერს.
II
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანს არ წარმოადგენს თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის შინაარსის სრული განმარტება. არსებული დავის ფარგლებში სადავო ნორმის თანასწორობის პრინციპთან მიმართების საკითხის გასარკვევად, საკმარისია დასახელებული პრინციპის შინაარსის განმსაზღვრელ შემდეგ არსებით გარემოებაზე ყურადღების გამახვილება: იმისათვის, რომ შეფასებადი გახდეს, სადავო ნორმით აქვს თუ არა ადგილი დისკრიმინაციულ მოპყრობას და, შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევას, აუცილებელია, ნორმით განსაზღვრული იყოს დიფერენციული დამოკიდებულება ერთნაირი შემთხვევების (პირთა წრის) მიმართ. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევის დადგენისას ხელმძღვანელობს ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: (ა) დიფერენციული დამოკიდებულება, (ბ) ერთნაირი შემთხვევების მიმართ, (გ) გონივრული და ობიექტური საფუძვლების გარეშე და/ან (დ) თუ არ არის დაცული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და მის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებას შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/213,243).
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადვოკატთა ტესტირების გავლის სავალდებულო მოთხოვნას თანაბრად უყენებს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების მსურველ საქართველოს ყველა მოქალაქეს. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არც ერთი არგუმენტი იმის შესახებ, რომ აღნიშნული ნორმა გამონაკლისს უშვებს საქართველოს მოქალაქეთა რომელიმე კატეგორიის მიმართ, განსხვავებულ მოთხოვნებს ადგენს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების მსურველთათვის, ასეთი კატეგორიის ადამიანთაგან გარკვეულ ჯგუფს (რომელსაც მოსარჩელე არ განეკუთვნება) რაიმე ნიშნით აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში და საშუალებას აძლევს, ადვოკატის სტატუსი მოიპოვოს ტესტირების გავლის გარეშე. მოსარჩელე საერთოდ არ მიუთითებს, თუ კონკრეტულად რა ნიშნით ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას სადავო ნორმა. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე მიუთითებს არა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები სადავო ნორმის მოქმედების გამო განსხვავებული წესით მოიპოვებენ ადვოკატის სტატუსს, არამედ, მისი აზრით, დისკრიმინაციულია ის რეგულირება, რომ ადვოკატი, რომლისთვისაც ტესტირება სავალდებულოა და ორგანიზაციის იურისტი, რომლის მიმართ ასეთი მოთხოვნა არ არსებობს, თანაბარი შესაძლებლობებით არიან აღჭურვილები, წარმოადგინონ მარწმუნებლები სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს შინაარსობრივი ურთიერთმიმართება სადავო და კონსტიტუციურ ნორმებს შორის და საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია ობიექტურ შესაძლებლობას, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მიიჩნიოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შეფასებად ნორმად. შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები სარჩელის დასაბუთებულობასა და მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, რის გამოც, კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე, ადვოკატის სტატუსის მოპოვების მსურველი, საქართველოს მოქალაქისათვის სავალდებულო ტესტირების დაწესებას განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებულ შრომის თავისუფლების უფლების არაპროპორციულ შეზღუდვად.
უნდა აღინიშოს, რომ სადავო ნორმა ამ ნაწილში უდავოდ იწვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის თავისუფლებაში ჩარევას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „მოქალქე იასონ რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 2 დეკემბრის №2/10/256 გადაწყვეტილება) მიუთითა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატთა ტესტირების დაწესება “...არის მინიმალური სტანდარტი იმისათვის, რათა ადვოკატების მიერ კვალიფიციურად იქნეს განხორციელებული ადამიანის ინტერესების დაცვა. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს სახელმწიფოს არა აქვს უფლება, კანონით განსაზღვროს კერძო სამსახურის ძირითადი პირობები, მით უმეტეს, როდესაც საუბარია საადვოკატო საქმიანობაზე, რომლის დროსაც, ე.წ. „თავისუფალი პროფესიის“ სხვა პირებისაგან განსხვავებით, ადვოკატებს უფრო სახელშეკრულებო ვალდებულებების პირობებში უხდებათ საქმიანობის განხორციელება“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი, უკვე იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი და მასთან დაკავშირებით გამოტანილია შესაბამისი გადაწყვეტილება.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, №469 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, რადგანაც მასში მითითებული სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირევლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძის 469-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით“ კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 30-ე მუხლებთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი
2. ვახტანგ გვარამია
3. ქეთევან ერემაძე
4. ბესარიონ ზოიძე