საქართველოს მოქალაქე ნიაზ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/490 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - კოლეგიის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
ჯონი ხეცურიანი - წევრი.
სხდომის მდივანი - დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნიაზ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 53-ე ნაწილის ბოლო წინადადების „ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლებზე, მათ შორის, ჩათვლებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა“ - კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასა და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 23 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის№490) მომართა საქართველოს მოქალაქე ნიაზ მიქელაძემ. №490 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას საქმე გადმოეცა 2010 წლის 29 იანვარს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 53-ე ნაწილი ეხება დღგ-ის (დამატებითი ღირებულების გადასახადი) გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის მომსახურების მიმღების მოთხოვნისას, მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისათვის დადგენილი ვადის დარღვევით გამოწერილი და წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის საკითხებს. აღნიშნული ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, ეს წესი არ ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლებზე, მათ შორის, ჩათვლებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა.
4. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოების მიერ გადამხდელთა მხოლოდ მცირე ნაწილის შემოწმება ხერხდება. სადავო ნორმის მოქმედების გამო, საგადასახადო ორგანოების მიერ შემოწმებული გადასახადის გადამხდელები და საგადასახადო ორგანოების მიერ შეუმოწმებელი გადასახადის გადამხდელები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. შემოწმებული გადასახადის გადამხდელებზე, რომელთაც 2010 წლის 1 იანვრამდე გაუუქმდათ კანონის დარღვევით მიღებული დღგ-ის ჩათვლა, აღარ გავრცელდება 281-ე მუხლის 53-ე ნაწილი, განსხვავებით შეუმოწმებელი დღგ-ის გადამხდელებისაგან, რომლებიც შემოწმებული იქნენ საგადასახადო ორგანოების მიერ.
მოსარჩელეს მაგალითისთვის მოჰყავს შპს „აჭარმშენტრანსი“-ს საქმე, რომელსაც გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის 15 აგვისტოს №192 და 16 სექტემბრის №მ-283 ბრძანებების საფუძველზე დაერიცხა 127062 ლარი. მათ შორის, გადასახადის ძირითადი თანხა 30311 ლარი, ჯარიმა 96751 ლარი და საურავი 33152 ლარი.
მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული დარიცხვა გამოწვეულია სწორედ იმ გარემოებით, რომ საქონლის მომწოდებელმა „აჭარმშენტრანსს“ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არა ოპერაციის განხორციელებიდან მე-2 დღეს, არამედ შემდეგ დღეებში. მაგრამ მასზე არ გავრცელდა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება, ვინაიდან შეტანილი ცვლილებით 281-ე მუხლის 53-ე ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, მისი მოქმედება არ ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლებზე, მათ შორის, ჩათვლებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზეც. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
მოსარჩელის აზრით, განსახილველი ნორმით დადგენილი დისკრიმინაციული წესი არ არის დასაბუთებული, არ არის გონივრული, არ არის მიზანშეწონილი, არ აქვს რაიმე ლეგიტიმური მიზანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
5. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ წინადადებას: „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. მისი აზრით, მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. შედეგად, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტს, რომელიც განამტკიცებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. მოსარჩელის თქმით, სადავო ნორმით ხდება მეწარმეების განდევნა ბაზრიდან, ვინაიდან საგადასახადო ორგანოების მიერ შემოწმებული გადასახადის გადამხდელები და საგადასახადო ორგანოების მიერ შეუმოწმებელი გადასახადის გადამხდელები არათანაბარ კონკურენტულ გარემოში ექცევიან. აღნიშნული საფრთხის არსებობას მოსარჩელე კვლავ შპს „აჭარმშენტრანსის“ საქმით ასაბუთებს. მისი განცხადებით, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოს მიმართ განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა გამოიწვია მისი მთლიანად დახურვა და 200-ზე მეტი ადამიანის უმუშევრად დატოვება.
მოსარჩელე, თავისი პოზიციის განსამტკიცებლად, მიუთითებას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილებაზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, რომელშიც დადგენილია, რომ „კომპანიათა თანაბარ პირობებში ჩაყენება ნიშნავს თითოეული მათგანისათვის თანასწორი სამართლებრივი გარანტიების მიცემას. კანონმდებლის ჩარევის ფარგლები მთავრდება იქ, სადაც ბაზრის ბუნებრივი კანონებით წესრიგდება ესა თუ ის ურთიერთობა“.
7. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს და უზღუდავს პირს უფლებას, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ვინაიდან სადავო ნორმის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 53-ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებული დღგ-ის ჩათვლებზე, მათ შორის, ჩათვლებზე, რომლებზეც მიმდინარეობს საგადასახადო დავა.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში განმარტავს, რომ შპს „აჭარმშენტრანსი“ არ დაეთანხმა დღგ-ს დამატებით დარიცხვას, რისთვისაც თავისი უფლებების დასაცავად მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. მოსარჩელის აზრით, თუ სასამართლო იხელმძღვანელებს სადავო ნორმით, მაშინ სასამართლო განხილვას და ჭეშმარიტების დადგენას არანაირი აზრი არ აქვს.
8. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №490 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა 2010 წლის 30 ივნისს.
II
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, რომ ის აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. კერძოდ, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, სარჩელი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ.
2. №492 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელედ დასახელებულია საქართველოს მოქალაქე ნიაზ მიქელაძე.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება საქართველოს მოქალაქეებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტებით უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „...მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება).
3. სადავო ნორმა განსაზღვრავს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ ვადის დარღვევით გამოწერილი და წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის საკითხებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. დღგ-ის გადამხდელის განსაზღვრება მოცემულია ამავე კოდექსის 280-ე მუხლში. აღნიშნული ნორმის თანახმად, ასეთად ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში. ასევე პირი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, მაგრამ ახორციელებს საქონლის დასაბეგრ იმპორტს ან დროებით შემოტანას საქართველოში. ამ შემთხვევაში პირი დღგ-ის გადამხდელად ჩაითვლება მხოლოდ ამ იმპორტთან ან საქონლის შემოტანასთან მიმართებით.
კონსტიტუციურ სარჩელში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელე ნიაზ მიქელაძე მიეკუთვნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა წრეს და მას შეიძლება წარმოეშვას დღგ-ის ჩათვლის უფლება. შესაბამისად, სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულირება, რომელიც ეხება დღგ-ის ჩათვლის საკითხებს, ვერ გავრცელდება მოსარჩელის მიმართ და ვერ წარმოშობს მისი უფლებების სავარაუდო დარღვევის რისკს.
4. მოსარჩელის არგუმენტაცია წარმოდგენილია შპს „აჭარმშენტრანსის“ საქმის მაგალითზე. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული შპს მიეკუთვნება იმ საწარმოთა რიცხვს, რომლებიც ისჯებიან არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირებით, რაც იწვევს მისი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. როგორაც აღნიშნული ნორმა, ისე საქართველოს კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, იურიდიულ პირს ანიჭებს უფლებას, თავად იდავოს მისი უფლების დამრღვევი ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, როგორც სასარჩელო მოთხოვნის დამოუკიდებელმა სუბიექტმა.
საქმის მასალებში წარმოდგენილია სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ნიაზ მიქელაძე წარმოადგენს შპს „აჭარმშენტრანსის“ დირექტორს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუქტის მიხედვით, დირექტორი უფლებამოსილია საწარმოს სახელით გამოვიდეს მესამე პირებთან ურთიერთობაში. №490 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ არ არის დასახელებული შპს „აჭარმშენტრანსი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიაზ მიქელაძე, მოცემული საქმის ფარგლებში ვერ იქნება განხილული როგორც შპს „აჭარმშენტრანსის“ სახელით მოდავე პირი.
5. №490 სარჩელისა და მასზე თანდართული მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ნორმის საგნობრივი მიმართება მოსარჩელის უფლებასთან და იგი გვევლინება არა საკუთარი, არამედ სხვა პირის ინტერესების დამცველად. აღნიშნული ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სამართალწარმოების მოთხოვნებს, რომლებიც გამორიცხავს ე.წ. actio popularis შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიუთითა: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, სხვა პირთა ინტერესების დასაცავად კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის უფლება მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა (ე.წ. აბსტრაქტული კონტროლი)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის №2/3/441). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ასეთი საფუძვლით მიმართვა, სცილდება ფიზიკური პირის სასარჩელო უფლებაუნარიანობის ფარგლებს.
III
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №490 (საქართველოს მოქალაქე ნიაზ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი