საქართველოს მოქალაქეები გიორგი გოცირიძე და მერაბ ჭიქაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/491 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 28 ივნისი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია - მომხსენებელი მოსამართლე;
3. ქეთევან ერემაძე - წევრი;
4. მაია კოპალეიშვილი- წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები გიორგი გოცირიძე და მერაბ ჭიქაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 116-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციის, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილის სანქციის, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციის, 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის, 166-ე მუხლის სანქციის, 173-ე მუხლის სანქციის, 1741 მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციის სიტყვების „90 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი №491) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა გიორგი გოცირიძემ და მერაბ ჭიქაშვილმა. აღნიშნული სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. სადავო ნორმები ადგენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რიგი ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომებისთვის ადმინისტრაციული სახდელის ზომას, ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღის ვადით.
4. მოსარჩელეების აზრით, სადავო ნორმებით დადგენილი 90 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტს და იწვევს პირის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ ადეკვატური მოპყრობის გარანტიებს. მოსარჩელეების განმარტებით, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მასში მოცემული გარანტიები ვრცელდება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალიწინებული სასჯელის აღსრულების შემთხვევებზე და, შესაბამისად, მისი მოქმედების სფეროდან ამორიცხულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული პატიმრობის რეგულირება.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია ის კონკრეტული საკანონმდებლო აქტები, რომელთა მიხედვითაც, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილი და პატიმრობის მოხდის პირობები ნაწილობრივ დარეგულირებულია. კერძოდ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანების მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, შსს-ს ადმინისტრაციის უფლებამოსილებას განეკუთვნება დროებითი ყოფნის იზოლატორებში კანონმდებლობის შესაბამისად დაკავებულთა დროებითი განთავსების უზრუნველყოფა; „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 მაისის №731 ბრძანების პირველი მუხლი, რომლის მიხედვითაც, ბრძანების მოქმედება შემოსაზღვრულია სპეციალური სუბიექტით, ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურით. მოსარჩელეების აზრით, აღნიშნული ნორმატიული აქტების მოქმედება და მათში მოცემული გარანტიები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თაობაზე, მიეკუთვნება მხოლოდ უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას. შესაბამისად, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისაგან დაცვის პირობები საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტით უნდა იყოს გათვალისწინებული და არა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ნორმატიული აქტით.
6. მოსარჩელეები თვლიან, რომ 90 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა, თავისთავად არ წარმოადგენს არაადამიანურ და დამამაცირებელ მოპყრობას, თუ ეს უკანასკნელი შეპირობებულია პატიმრობის პირობების ადეკვატურ საკანონმდებლო გარანტიებთან, ხოლო ასეთი გარანტიების არსებობის აუცილებლობა განპირობებულია პატიმრობის ხანგრძლივობით.
მოსარჩელეების აზრით, მოქმედ კანონმდებლობაში ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული რეგულირებების არარსებობა იძლევა შესაძლებლობას, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირი დარჩეს სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლების გარეშე, მისი მოთავსება მოხდეს გადატვირთულ საკანში, ასევე, არ იყოს დაცული პირადი ჰიგიენის მოთხოვნები. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ყველა მითითებული გარემოების ერთიანობით, სადავო ნორმას ეძლევა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ხასიათი.
7. მოსარჩელეები სადავო ნორმებს მიიჩნევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ და 36-ე მუხლის მეორე პუნქტებთან შეუსაბამოდ. მათი მტკიცებით, 90 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირი მოკლებულია შესაძლებლობას, შეხვდეს თავისი ოჯახის წევრებს. მითითებული ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა, თავისი ხანგრძლივობით, იწვევს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში არათანაზომიერ ჩარევას.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე პოზიტიურ ვალდებულებას. ადმინისტრაციული პატიმრობის დროს შეუძლებელია ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა, ვინაიდან კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ პირთა ოჯახის წევრებთან შეხვედრისა და მისი ხანგრძლივობის წესები.
9. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2010 წლის 28 ივნისს.
II
1. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით განსაზღვრული „90 დღემდე ვადით“ ადმინისტრაციული პატიმრობა, თავისთავად, არ წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, თუ კანონმდებლობით განმტკიცებულია პატიმრობის პირობების ადეკვატური გარანტიები. სწორედ ამგვარი საკანონმდებლო რეგულირების არარსებობა აქცევს სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად.
საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებულ მსჯელობას ადმინისტრაციული პატიმრობის პირობების საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის შესახებ. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირების იზოლატორებში მოთავსების, მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის და ქცევის წესები მოწესრიგებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N№ 108 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის („საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულება“) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: იზოლატორების ამოცანაა ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირის მოთავსების უზრუნველყოფა. ამავე დანართის მე-4 მუხლში მოცემულია იზოლატორის ადმინისტრაციის ვალდებულება, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებს შეუქმნას ისეთი სანიტარულ-ჰიგიენური და ზოგადი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ღირსეულ არსებობას. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირის უფლებები და სხვა კონკრეტული პირობები რეგულირებულია აღნიშნული ბრძანების სხვადასხვა ნორმებში.
მოსარჩელეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №491 კონსტიტუციური სარჩელით მომართეს 2010 წლის 8 თებერვალს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის №108 ბრძანება გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა 2010 წლის პირველ თებერვალს. შესაბამისად, სარჩელის შემოტანის მომენტისთვის აღნიშნული რეგულირება უკვე არსებობდა და ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ პირთა იზოლატორში ყოფნის პირობები საკანონმდებლო დონეზე გარანტირებული იყო. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცება, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ საკანონმდებლო გარანტიების არარსებობის შესახებ, უსაფუძვლოა.
შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის პირველი თებერვლის №108 ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ პირთა იზოლატორში ყოფნის კონკრეტული პირობების შესაბამისობის დადგენა, სარჩელში მითითებულ კონსტიტუციის ნორმებთან, სცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან იგი შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით.
2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და, შესაბამისად, სახეზეა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისი არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №491 (საქართველოს მოქალაქეები გიორგი გოცირიძე და მერაბ ჭიქაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ) არ იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი