საქართველოს მოქალაქეები ნუგზარ წულუკიძე, ალბერტ სვანიძე და გიორგი მასალკინი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/510 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 28 თებერვალი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები ნუგზარ წულუკიძე, ალბერტ სვანიძე და გიორგი მასალკინი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2006 წლის 13 ოქტომბრის 3567-II საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 30-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 2 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №510) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა ნუგზარ წულუკიძემ, ალბერტ სვანიძემ და გიორგი მასალკინმა. №510 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2011 წლის 7 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 28 თებერვალს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებენ, რომ არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები. 2005 წლის 27 დეკემბრის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ საქართველოს კანონის (№2549) პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა კომპენსაციით უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი კანონმდებლობით. 2006 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2006 წლის 13 ოქტომბრის №3567 საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნა. შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებების შედეგად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები კომპენსაციის გარეშე დარჩნენ.
4. მოსარჩელეების აზრით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად დაირღვა მათი კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი). მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავენ, რომ, ვინაიდან საქართველოს პარლამენტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მათი ფორმირებისა და საქმიანობის მიხედვით იდენტურია, ორივეს ფუნქციას საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს და ორივე ორგანო სახელმწიფო-პოლიტიკური სტატუსის მატარებელია. სახელმწიფო კომპენსაციის მიღებისას აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრებს საქართველოს პარლამენტის წევრების თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, რაც, მათი აზრით, განხორციელებული ცვლილებების შემდეგ შეუძლებელია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოს ყოფილი წევრები, რომლებიც წარმოადგენდნენ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ვერ სარგებლობენ იმ საკანონმდებლო გარანტიებით, რითაც სარგებლობენ საქართველოს პარლამენტის წევრები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნები.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების მტკიცებით განხორციელებულმა ცვლილებებმა აგრეთვე დაარღვია, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი, რადგან კონსტიტუციაში, მართალია, პირდაპირ არ არის მითითებული, თუმცა კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს, რომ მოქალაქეთა სოციალურად უზრუნველყოფის დროს გათვალისწინებული იყოს მათი წვლილი სახელმწიფოს წინაშე სამსახურებრივი ან სხვა საქმიანობიდან გამომდინარე. მოსარჩელეების აზრით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს, მათი სამსახურის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, რომელიც მათ გასწიეს სახელმწიფოს წინაშე, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით, მოსარჩელეები მოითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის, ის უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომელიც, სავარაუდოდ, არღვევს ან შესაძლოა დაარღვიოს უშუალოდ მისი კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. შესაბამისად, უნდა გაირკვეს მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა წარმოადგენს თუ არა მოქმედ ნორმატიულ აქტს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის და მასზე მსჯელობა განეკუთვნება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხს.
2. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმად მიუთითებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტს და აღნიშნავენ, რომ მის საფუძველზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი გაუქმდა. შედეგად კი, მათ მიმართ სახელმწიფო კომპენსაციების გაცემის საკითხი, სამართლებრივი რეგულირების გარეშე დარჩა რითაც დაირღვა მათი კონსტიტუცის მე-14, 30-ე და 39-ე მუხლებით გარანტირებული უფლებები.
სადავო ნორმით ხდება ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ საქართველოს კანონის (№2549) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ნორმატიული შინაარსის გაუქმება. იმ ტიპის ნორმებთან დაკავშირებით, როგორსაც მოსარჩელე მოცემულ საქმეზე სადავოდ ხდის, თავისი მიდგომა საკონსტიტუციო სასამართლომ ჩამოაყალიბა 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინებაში საქმეზე „ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ განჩინებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა: „მიუხედავად იმისა რომ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებული კანონი, ფორმალური თვალსაზრისით წარმოადგენს ძირითადი აქტის თანაბარმნიშვნელობის მქონე აქტს... საკონსტიტუციო სასამართლოს შინაარსობრივი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს არა ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის ესა თუ ის ნორმა, არამედ ძირითადი (კოდიფიცირებული) კანონის იმ ნორმის მოქმედი რედაქცია, რომელიც ჩამოყალიბდა განხორციელებული ცვლილების შედეგად“.
3. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის ნორმატიულობას განსაზღვრავს მისი მატერიალური შინაარსი. „ ... ნორმის ნორმატიული ხასიათი ვლინდება ადამიანთა ქცევის სავალდებულო რეგულირებაში და განსაზღვრავს ამ ქცევათა მოქმედების ფარგლებს. შესაბამისად, სამართლებრივი დებულება მაშინ არის ნორმატიული ხასიათის მატარებელი, თუ იგი ადგენს ქცევის სავალდებულო წესს, რომელიც კონკრეტული პირის ან პირთა წრის მიმართ ადგენს აკრძალვებს ან პირიქით, ნებას რთავს გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. სამართლებრივი ნორმის სავალდებულო ხასიათი ემსახურება სწორედ ამ ფუნქციების განხორციელებას და მიზნად ისახავს ახალი სამართლებრივი წესრიგის დადგენას მისი მეშვეობით“. (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება).
4. სადავო ნორმით განხორციელებული ცვლილების შედეგად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი დღესდღეობით შეიცავს შემდეგ ჩანაწერს - „ამოღებულია“. აქედან გამომდინარე მოსარჩელე მხარე დავობს არარსებული რეგულაციის კონსტიტუციურობაზე და მიუთითებს, რომ სწორედ კანონით კომპენსაციის საკითხის გადაუწყვეტლობა ზღუდავს მის უფლებას. კონსტიტუციური კონტროლის მიზნებისათვის პირის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: „... კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი მხოლოდ უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება).
5. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2006 წლის 13 ოქტომბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მატერიალური შინაარსის დამოუკიდებლად შეფასება შეუძლებელია, ხოლო ძირითად კანონში ასახვის შემდეგ იგი ნორმატიულ რეგულაციას აღარ ადგენს. შესაბამისად, შეუძლებელია იგი განხილულ იქნეს როგორც ადამიანის უფლების შემზღუდველი ნორმატიული აქტი. კონსტიტიუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლო „პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“. ვინაიდან სადავო ნორმა ვერ იქნება განხილული უფლების შემზღუდველ ნორმატიულ აქტად, მისი კონსტიტუციურობის საკითხზე მსჯელობა სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №510 (საქართველოს მოქალაქეები ნუგზარ წულუკიძე, ალბერტ სვანიძე და გიორგი მასალკინი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი