გიგა ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1474 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიგა ჭელიძე |
თარიღი | 27 დეკემბერი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. .საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
ბ. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება: „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313-ე მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ;
მოსარჩელე გიგა ჭელიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენით, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლისა და ექვსი თვის ვადით. გიგა ჭელიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვაში. თავის მხრივ, საბრძოლო მასალის შეძენის წესი რეგულირდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, კერძოდ : აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოთვლის იმ პირთა წრეს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვთ საბრძოლო მასალის შეძენის უფლება. მსჯავრდებული გიგა ჭელიძის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იქნა 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა. საქმეზე დანიშნულმა ექსპერტმა, გიორგი ელიავამ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 1 სექტემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც, ჭელიძის ბინიდან ამოღებული, მის საკუთრებაში კანონიერად რეგისტრირებული და აღრიცხული იარაღი - ობიექტი #14311223 არის ქარხნული წესით დამზადებული, 7, 62 მმ სანადირო კარაბინის მოდელი “SAIGA MK”. იგი მიეკუთვნება სანადირო კუთხვილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ასევე, ექსპერტმა ვანო ბოლქვაძემ დამატებით განმარტა, რომ ამოღებული 23 ცალი ვაზნა არ არის დამზადებული სპეციალურად 7,62 მმ სანადირო კარაბინის მოდელი “SAIGA MK”-სთვის, რადგან ჯერ მზადდება ვაზნა და შემდეგ მის ბაზაზე ვაზნის მოდიფიკაციაც და იარაღიც რომლიდანაც შეიძლება ვაზნის გასროლა. ამ შემთხვევაში ამოღებული 23 ცალი ვაზნა დამზადებულია 1943 წლის ნიმუშის შესაბამისად, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ხოლო იარაღი საიგა გამოშვებულია 2000-იან წლებში. ამიტომ კალიბრიდან გამომდინარე თავსებადია და შესაძლებელია ამ იარაღიდან გასროლაც.
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით არის სასამართლოს განსჯადი.
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო აქტები ექცევიან კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ სფეროში, რის შესახებ მსჯელობა წარმოდგენილია მოთხოვნის დასაბუთების ქვეთავში.
ვ) ნორმატიული აქტების იერარქიაში არ არსებობს გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტზე მაღლა მდგომი, სადავო საკითხის მარეგულირებელი, სამართლებრივი აქტი.
ზ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმების ანალიზი და გამოყენება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: „ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.“ აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს მათ შორის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისათვის. თავის მხრივ, საბრძოლო მასალის კანონიერი გზით შეძენის წესებს განსაზღვრავს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით: „ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვს: ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის.“
ასევე, მე-19 მუხლთან ერთად მოქმედებს ამავე კანონის 31-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იარაღის კანონიერი მესაკუთრის უფლება-მოვალეობებს. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მესაკუთრეს უფლება აქვს „უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.“ შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი პირი კანონიერად ფლობს (მესაკუთრეა) კონკრეტულ იარაღს, მას იარაღის კანონიერად ფლობის ფაქტი ავტომატურად აძლევს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არსებული უფლებამოსილი სუბიექტებისგან დამოუკიდებლად, მათგან ნებართვის მიღების გარეშე შეიძინოს საბრძოლო მასალა (ტყვიები), რომლებიც განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლისათვის.
საბოლოოდ, ნორმათა ერთობლივი წაკითხვით: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი დასჯადად აცხადებს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას. საბრძოლო მასალის კანონიერი გზით შეძენის წესების განსაზღვრა სრულად გადანდობილია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონზე. ამავე კანონის მე-19 მუხლი მიუთითებს საბრძოლო მასალის შეძენის კონკრეტულ წესებზე და განსაზღვრავს იმ უფლებამოსილ სუბიექტთა წრეს, ვისაც შეუძლია საბრძოლო მასალის შეძენა. ხსენებულ წრეში შედიან ის პირებიც, ვინც კანონიერად ფლობენ იარაღს და აქვთ უფლება შეიძინონ მათი იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა. ასევე, ამავე კანონის 31-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობებს, დამატებით მიუთითებს მე-19 მუხლში მოცემულ პირობაზე და მესაკუთრეს აღჭურავს ყოველგვარი დამატებითი ნებართვების მიღების გარეშე, მისი იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შეძენის უფლებით.
სისხლის სამართლის კოდექსის ხსენებული ნორმით გათვალისწინებული ობიექტური შემადგენლობა სახეზე იქნება მაშინ, თუკი დაირღვევა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის აღნიშნული მუხლები საკუთარი ბუნებით პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები არ არიან, ისინი პირდაპირ განსაზღვრავენ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ობიექტურ შემადგენლობას. მათი არსებობის გარეშე ვერ იმოქმედებს სსკ 236-ე მუხლიც. ორივე კანონის აღნიშნული მუხლების ერთობლიობით იქმნება სისხლის სამართლის დანაშაულის დისპოზიცია, ობიექტური შემადგენლობა, რომელიც კრიმინალიზებულია.
როგორც პირველი ინსტანციის განაჩენიდან ირკვევა, მსჯავრდებულის, გიგა ჭელიძის საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს „23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი7,62 მმ კალიბრის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისთვის „Ak-47”, “AKC-47”, “AKM”, კარაბინისათვის „CKC”, და სხვა.“ საქმეზე დანიშნულმა ექსპერტმა, გიორგი ელიავამ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 1 სექტემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც, ჭელიძის ბინიდან ამოღებული, მის საკუთრებაში კანონიერად რეგისტრირებული და აღრიცხული იარაღი - ობიექტი #14311223 არის ქარხნული წესით დამზადებული, 7, 62 მმ სანადირო კარაბინის მოდელი “SAIGA MK”. იგი მიეკუთვნება სანადირო კუთხვილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.“ ასევე, ექსპერტმა ვანო ბოლქვაძემ დამატებით განმარტა, რომ ამოღებული 23 ცალი ვაზნა არ არის გაკუთვნილი, ანუ არ არის დამზადებული სპეციალურად 7,62 მმ სანადირო კარაბინის მოდელი “SAIGA MK”-სთვის, თუმცა კალიბრიდან გამომდინარე თავსებადია და შესაძლებელია ამ იარაღიდან გასროლაც. რადგან ჯერ მზადდება ვაზნა და შემდეგ მის ბაზაზე ვაზნის მოდიფიკაციაც და იარაღიც, რომლიდანაც შეიძლება ვაზნის გასროლა. ამ შემთხვევაში ამოღებული 23 ცალი ვაზნა დამზადებულია 1943 წლის ნიმუშის შესაბამისად, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ხოლო იარაღი საიგა გამოშვებულია 2000-იან წლებში 1943 წლის ნიმუშის ვაზნის გასასროლად. ეს გარემოებები დადასტურდა ბანისტიკოს ექსპერტთა დაკითხვისას
არცერთი ვაზნა არ მზადდება რომელიმე იარაღიდან გასასროლად, პირიქით, იარაღი მზადდება ამა თუ იმ კალიბრის ნიმუშის ვაზნის გასასროლად.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გიგა ჭელიძის შემთხვევა ჯდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესში, გამომდინარე იქიდან, რომ გიგა ჭელიძე კანონის სრული დაცვით ფლობდა ხსენებულ იარაღს, ხოლო ამოღებული ტყვიები კი სრულად თავსებადი იყო აღნიშნული იარაღიდან გასროლისათვის.
გიგა ჭელიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში, ზემოაღნიშნული ორი მუხლის კორელაციაზე საუბრისას. სასამართლომ განმარტა: „კანონის აღნიშნული დანაწესი გიგა ჭელიძეს უფლებას აძლევდა უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეეძინა მხოლოდ ის საბრძოლო მასალა, რაც განკუთვნილი იქნებოდა მის სახელზე რგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის და არა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღის თავსებადი საბრძოლო მასალა, როგორც ამის წარმოჩენა სურს დაცვის მხარეს.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სადავო ნორმების სასამართლოესეული ინტერპრეტირება შემდეგია: პირს, რომელსაც კანონიერ მფლობელობაში აქვს (რეგისტრირებული ან აღრიცხული) იარაღი, უფლება აქვს შეიძინოს მხოლოდ ისეთი საბრძოლო მასალა, რომელიც დამზადებულია მხოლოდ კონკრეტულად მის მფლობელობაში არსებული იარაღის მოდელისათვის. სასამართლოს განმარტებით, შესაძლოა არსებობდეს საბრძოლო მასალა, რომელიც აბსოლუტურად თავსებადია კანონიერ მფლობელობაში არსებული იარაღიდან გასროლისათვის, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტყვიები კონკრეტული მოდელისთვის არ არის დამზადებული, მათი შეძენა დაუშვებელი და შესაბამისად, უკანონოა. სასამართლომ აღნიშნული მსჯელობა დაასაბუთა იმ ფაქტით, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალის გაცემა მკაცრად აღირიცხება უფლებამოსილი სუბიექტების მიერ.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოს ამგვარი განმარტება გამოწვეულია ნორმის ბუნდოვანებით, რომელსაც ქმნის ტერმინი „განკუთვნილია“, რადგან ამ ტერმინით შესაძლებელი ხდება ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტირება თითქოს რომელიმე კონკრეტული გამოშვების ვაზნა რომელიმე იარაღიდან გასასროლად მზადდება, მაშინ როდესაც ყველა გამოშვების ვაზნა და ყველა იარაღი საწყისი სანიმუშო ვაზნის შესაბამისად მზადდება და შესაბამისობა კი არის მხოლოდ კალიბრი. ამიტომ გაუგებრობას იწვევს ტერმინი „განკუთვნილია“ -ს შინაარსობრივი მსგავსება სიტყვასთან - „თავსებადია“) და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ დანაწესს - კანონის ხარისხის მოთხოვნებს.
ნორმის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დანაწესი თავის თავში მოიაზრებს კანონის ხარისხს და „უზრუნველყოფს პირის შესაძებლობას წინასწარ დადგენილი, საჯაროდ ხელმისაწვდომი და არაინდივიდუალიზებული სამართლებრივი წესების შესაბამისად შეძლოს იმის განჭვრეტა თუ რა ქმედებები წარმოადგენს სამართალდარღვევებს და საკუთარი ქცევის შესაბამისად წარმართვა, რაც უმნიშვნელოვანესი გარანტიაა თვითნებური დევნისა და ბრალდების წინააღმდეგ.“[1] აღნიშნული მუხლი „არა მხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს.“[2]
“გარდა ამისა, არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ იყოს გათვალისწინებული კონსტიტუციის რომელიმე ნორმით, მაგრამ არანაკლები დატვირთვა მიენიჭოთ, რადგანაც მათ გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის რეალიზება. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ამგვარ ელემენტს წარმოადგენს ე.წ. “განჭვრეტადობის პრინციპი.””[3]
საქმეში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ საკმაოდ ვრცლად ჩამოაყალიბა კანონის ხარისხის მოთხოვნის შინაარსი და სტანდარტი. მან აღნიშნა:
„«კანონად» შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან. ამ პრინციპების რეალური დაცვისთვის პრაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას. კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვა.“[4]
„ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი. ადამიანს უნდა შეეძლოს ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა. საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმებთან სადავო ნორმების შესაბამისობის ანალიზისას უნდა დაადგინოს, ხომ არ გამოუწვევია უფლების დარღვევა ნორმის განუსაზღვრელობას.“[5]
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, მის მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის საფუძველზე, კანონმდებლისათვის შემდეგი მოთხოვნები დაადგინა:
„კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს სამართლებრივი მდგომაროების ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვა“.[6] „ადამიანს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა.“[7] „აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკამრისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბის მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისა, განჭვრიტოს ქცევის შედეგები.“[8]
„თუ მკაფიო, ნათელი და საკმარისად კონკრეტული არ იქნება უფლებაში ჩარევის ყველა წინა პირობა, საფუძველი თუ წესი, ეს, თავისთავად, განაპირობებს არა მხოლოდ უფლებაში გადამეტებული ჩარევის, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების არასწორად დაკმაყოფილების რისკსაც. შესაბამისად, ვერ მიიღწევა კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული და პროპორციული თანაფარდობა. უფლებაში ჩარევის მარეგულირებელი ასეთი ნორმაც ვერ დააკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.“[9]
განსახილველ შემთხვევაში სადავოა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის ფორმულირების განჭვრეტადობის საკითხი. კერძოდ,
მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი გვთავაზობს სიტყვათა შემდეგ ფორმულირებას: „საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის“
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ცეცხლსასროლი მასალაის კანონიერად შეძენის წესი და მისი თანმდევი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები ერთობლიობაში არის ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი. თავის მხრივ, „სადავო ნორმის განუსაზღვრელობამ, ბუნდოვანებამ, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი და გაზარდოს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები, რადგან: ერთი მხრივ, ამან შესაძლოა, მცდარი წარმოდგენები შეუქმნას ნორმის ადრესატს ნორმით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, სამართალშემფარდებელს მისცეს თვითნებობის, ადამიანის უფლებებში გადამეტებულად ჩარევის საფუძველი.“[10] ფაქტი, რომ სადავო ნორმა პირს არ აძლევს საშუალებას წინასწარ, მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვროს საკუთარი ქცევა, მისი ქმედების მართლზომიერების საკითხი და მოსალოდნელი პასუხისმგებლობა აშკარაა. კერძოდ, ნორმაზე პირველადი დაკვირვებით მას ჩვეულებრივი, კანონის სპეციფიკის არ მცოდნე, გონიერი მოქალაქე წაიკითხავდა იმგვარად, რომ მას, როგორც იარაღის კანონიერ მესაკუთრეს აქვს უფლება შეიძინოს ისეთი ტყვიები, რომელსაც მისი იარაღი წარმატებით გაისრვის (განკუთვნილია რეგისტრირებული იარაღიდან გასროლისათვის). ამ მოსაზრებას ამყარებს სადავო ნორმებში ნახსენები სიტყვა „გასსროლისათვის.“ შესაბამისად, რაციონალური წაკითხვით, ნორმა მესაკთრეს უფლებას აძლევს შეიძინოს არა მხოლოდ მისი მოდელისთვის დამზადებული ცეცხლსასროლი მასალაის, არამედ ის ცეცხლსასროლი მასალაც, რომელიც განკუთვნილია და ვარგისია მის სახელზე რეგისტირებული იარაღიდან გასროლისათვის.
ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ კი სასამართლოს შემოყავს განსხვავებული ტიპის მსჯელობა, რასაც აფუძნებს სიტყვა „განკუთვნილიას“ ვიწრო, სფეციფიურ განმარტებას. სასამართლოსეული აღქმით ტერმინი „განკუთვნილია“ განიმარტება, როგორც შექმნილი სპეციალურად იმ მოდელის იარაღისათვის, რომელსაც პირი კანონიერად ფლობს. ამ მოსაზრებას კი მეორე მხრივ თავად სადავო ნორმის ტექსტის ბოლო ნაწილი უპირისპირდება. კერძოდ, ტერმინი „გასროლისათვის“. აღნიშნული სიტყვა ნორმას სძენს იმგვარ შინაარსს, რომ მისთვის მთავარი გასროლის შესაძლებლობაა. თუკი კონკრეტული ტყვია მესაკუთრის იარაღიდან გასროლისათვის ვარგისია კალიბრიდან გამომდინარე, მაშინ მას უფლება აქვს შეიძინოს ეს ტყვია.
ინტერპრეტაციის მსგავს განსხვავებულ შემთხვევებზე მსჯელობისას, აუცილებელია აღინიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ:
„პირველი ხელშესახები გზავნილი ნორმის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით არის ის, რომ არსებობს გონივრული საფუძველი მისი არაერთგვაროვნად წაკითხვის შესაძლებლობისთვის, ანუ ნორმის ბუნდოვანება, არასიცხადე, უმეტესწილად განპირობებულია იმით და იმავდროულად გამოიხატება იმაში, რომ ის არ იკითხება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, იძლევა გონივრულ საფუძველს სხვადასხვა შინაარსით წაკითხვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით“. თუმცა, ნორმის ბუნდოვანება, არაერთგვაროვნად წაკითხვის შესაძლებლობა თავისთავად მის არაკონსტიტუციურობას არ ნიშნავს. „ნორმის ბუნდოვანება მისი არაკონსტიტუციურობის ზღვარზე არ გადის მანამ, სანამ მისი გონივრული განმარტება იურიდიული მეთოდოლოგიით შესაძლებელია ისე, რომ საკამრისი დამაჯერებლობით ცხადი და თვალსაჩინო გახდეს ამ ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობის ნამდვილი არსი.“[11]
სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა პროცესზე ექსპერტის მიერ დადასტურებული ის გარემოება, რომლის მიხედვითაც, უკვე დამზადებული იარაღისათვის კი არა იქმნება კონკრეტული ვაზნები, არამედ ჯერ განსაზღვრული კალიბრის ვაზნების წარმოება ხდება და ამის შემდეგ ამ ვაზნის კალიბრისა და სხვა გარეგნული მონაცემების საფუძველზე იქმნება სხვადასხვა იარაღი. ასევე, შესაძლებელია ვაზნის შიგთავსის სხვადასხვა მოდიფიკაციით ფეთქებადი, ტრასირებული და ა.შ ვაზნების გამოშვება, მაგრამ გარეგნული, უმთავრესი მახასიათებლი - კალიბრი უცვლელი რჩება. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, ყოველი ახალი მოდიფიკაცია, ვარგისია საწყისი ვაზნის საფუძველზე დამზადებული ნებისმიერი იარაღიდან გასასროლად. ხსენებული გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ ადგენს განურჩევლად კალიბრისა, განურჩევლად გამოშვების თარიღისა და განურჩევლად საწარმოსი, აკრძალული ვაზნების მხოლოდ 4 ტიპს, ასეთი შიდა მოდიფიკაციების შესაბამისად, კერძოდ:
საბრძოლო მასა, რომელსაც აქვს: 1. ჯავშანგამტანი, 2. ცეცხლგამჩენი, 3. აფეთქებითი, ან 4. ტრასირებული მოქმედების ძალა (საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი“). შესაბამისად, ტერმინი „გასროლისთვის“, ნორმას სძენს იმგვარ შინაარს, რომ მისთვის მთავარი გასროლის შესაძლებლობაა. თუკი კონკრეტული ვაზნა მესაკუთრის იარაღიდან გასროლისათვის ვარგისია კალიბრიდან გამომდინარე, მაშინ იგი უფლებამოსილია შეიძინოს ამგვარი ვაზნა. აღნიშნულ არგუმენტს ამყარებს ასევე ის ფაქტიც, რომ დღემდე მოქალაქეებს კანონიერ მფლობელობაში აქვთ ისეთი იარაღებიც, რომელთათვისაც სასამართლოსეული გაგგებით განკუთვნილი ვაზნები საერთოდ აღარ მზადდება ან/და ლეგალურ მიმოქცევაში აღარ არსებობს. რაც ქმნის ისეთ რეალობას, რომლის მიხედვითაც, ხსენებულ პირებს საერთოდ მოკლებულნი არიან შესაძლებლობას კანონიერი გზით შეიძინონ მათ კანონიერ მფლობელობაში არსებული იარაღიდან გასასროლად ვარგისი ვაზნები. ასევე, არსებობს ტყვიებიც, რომლებიც წარმოების მომენტში საერთოდ არ იყო „გათვლილი“ რომელიმე კონკრეტული მოდელის იარაღისათვის.
როგორც აღინიშნა, ნორმის ბუნდოვანება იწვევს მისი განმარტების შედეგად სხვადასხვა შედეგების წარმოშობას. ერთი მხრივ არსებობს სასამართლოსეული განმარტება, ხოლო მეორე მოსარჩელე მხარის. რასაც იწვევს ნორმის არაზუსტი, არაკონკრეტული, არაამომწურავი ტექსტი, პირველ რიგში კი სიტყვა „განკუთვნილია“, რომელიც არ გაძლევს საშუალებას ზუსტად განსაზღვრო მისი შინაარსი: (1) მასში მოიაზრება სპეციალურად კონკრეტული მოდელისთვის შექმნილი ტყვია; (2) კანონიერ მფლობელობაში არსებული იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი(თავსებადი) ტყვია; თუ (3) ორივე?
ნორმის ბუნდოვანება იკვეთება მისი სისტემური განმარტების ნაწილშიც. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მიუთითა, რომ „განკუთვნილია“ მხოლოდ სპეციალური მოდელისთვის შექმნილ ტყვიას მოიაზრებს და ეს იმითაა განპირობებული, რომ საბრძოლო მასალის გაცემა მკაცრად აღირიცხება. მართლაც, „იარაღის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებართვით აღჭურვილი პირები, რომლებიც ეწევიან იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალიზაციას, ვალდებულნი არიან მკაცრად აღწერონ მათ მიერ გაცემული თითოეული ნივთი და მათი მახასიათებლები. თუმცა, მეორე მხრივ ზემოაღნიშნული 31-ე მუხლი მესაკუთრეს სწორედ იმ უფლებამოსილებით აღჭურავს, რომელიც მას საშუალებას აძლევს გვერდი აუაროს აღნიშნულ მკაცრ სააღრიცხვო რეჟიმს და უფლებამოსილ სუბიექტებთან შეთანხმების გარეშე შეიძინოს ისეთი მასალა, რომელიც მისი იარაღიდან გასროლისათვისაა განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის მქონე პირებისაგან ნებართვის მიღებისა და მკაცრი სააღრიცხვო რეჟიმისაგან დამოუკიდებლად საბრძოლო მასალის შეძენა აუცილებლად „შავ ბაზართან“ არ არის დაკავშირებული. „იარაღის შესახებ“ კანონის მიზნებისთვის „შეძენა“ მოიაზრებს ნებისმიერი ფორმით მოპოვებას, რაც შეიძლება იყოს ჩუქება, პოვნა, გაცვლა და ა.შ. შესაძლოა არსებობდეს უამრავი შემთხვევა, როდესაც იარაღის მესაკუთრე აღრიცხვის გარეშე კანონიერად მოიპოვებს საბრძოლო მასალას და ეს აქტი არანაირად არ იქნება დაკავშირებული არალეგალურ, ე.წ „შავ ბაზართან.“
ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება, რა შინაარსს ატარებს ტერმინი „განკუთვნილია“ და რომელი კონკრეტული ჩანაწერი აძლევს სასამართლოს იმგვარი განმარტების გაკეთების საშუალებას, როგორსაც ის მსჯავრდებულ გიგა ჭელიძის საქმეში გვთავაზობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები არ არის მკაფიოდ ფორმულირებული. მათში გამოყენებული ტერმინოლოგია ამომწურავ პასუხს ვერ სცემს საკითხის გარშემო არსებულ კითხვებს. კერძოდ, პირს არ აძლევს საშუალებას წინასწარ განსაზღვროს საკუთარი ქცევა, შეიძინოს თუ არა ისეთი საბრძოლო მასალა, რომელიც შესაძლოა წარმოების საწყის ეტაპზე არ იყო გამიზნული კონკრეტული მოდელის იარაღისათვის, მაგრამ აბსოლიტურად თავსებადია მისი იარაღიდან გასროლისათვის, კონკრეტულად რას მოიაზრებს ტერმინი „განკუთვნილი“. პირს არ აქვს შესაძლებლობა გამოარკვიოს ის ფაქტი თუ რომელი საბრძოლო მასალის შეძენაა შესაძლებელი და რომელის არა, რაც საბოლოო ჯამში ბოჭავს მას, ხელს უშლის სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრისა და ამ ნაბიჯებისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის გააზრების ნაწილში, რაც ეწინააღმდეგება ნორმის განჭვრეტადობის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს.
მოსარჩელე მხარე ყველა ზემოხსენებული გარემოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის საფუძველზე მიიჩნევს, რომ:
სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს ისეთი საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას, რომელიც მართალია არ არის შექმნილი მხოლოდ და მხოლოდ პირის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღის მოდელისთვის, მაგრამ მისი კალიბრის ზომიდან გამომდინარე, თავსებადია პირის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისი №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები _ ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II.პ.42.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის N 2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II.პ.33.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II.პ.11
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.“ II.პ.6
[6] იქვე, II.პ.6
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/2/407 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.პ.11.
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის N2/3/406,408 გადაწვყეტილება საქმეზე - „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.პ.36.
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II.პ.12
[10] ერემაძე ქ., ინტერესთა დაბალანსება დემოკრატიულ საზოგადოებაში, თბილისი, 2013, 131-132.
[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/2/407 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II.პ.16
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა