გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1476 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი გოცირიძე |
თარიღი | 30 დეკემბერი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502-ე მუხლის სიტყვების „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. | ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502-ე მუხლის სიტყვების „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502-ე მუხლის სიტყვების „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არსებობს საქართველოს მოქალაქის გიორგი გოცირიძის კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიღების და განმაწესრიგებელ სხდომაზე განჩინებით სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის საფუძვლები.
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ: საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელე, გიორგი გოცირიძის კერძო საკუთრებაში არსებული ბინა მდებარეობს ქალაქ თბილისში თემქის დასახლებაში(კვარტალი 9, კორპუსი 19, ბინა 5). ამასთან, აღნიშნული კერძო საკუთრება არ არის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.
შესაბამისად, ვინაიდან გიორგი გოცირიძის კერძო საკუთრებაში არსებული ბინა მდებარეობს ქალაქ თბილისში, ხოლო სადავო ნორმა მას უზღუდავს „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას მისი კერძო საკუთრების ფასადზე, მოსარჩელე უფლებამოსილია კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის N1/5/1271 გადაწყვეტილებით საქმეზე „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41შინაარსის თანახმად : „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმაწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. ეს განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.“
“დამძლევი ნორმის” ინსტიტუტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ შეფასებითი კრიტერიუმები ჩამოაყალიბა გადაწყვეტილებაში “ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” :
“სადავო ნორმის „დამძლევ ნორმად“ მიიჩნევა და მისი არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობა, ნორმათა შორის არსებითი შინაარსობრივი მსგავსების შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, იწვევს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ამასთან, არ არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს / წინაპირობას შექმნიდა.”[1]
1.1. იწვევს იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას
2019 წლის 4 ივლისის N1/5/1271 გადაწყვეტილებაში მოსარჩელე სადაოდ ხდიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც გამორიცხავდა კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით პლაკატების, ლოზუნგებისა და ბანერების სპონტანური საპროტესტო აქციის ფარგლებში დროებით განთავსებას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ნორმატიული შინაარსი წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, თავდაპირველად საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა სადავო ნორმით დადგენილი სანქცია რამდენად ახდენდა კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევას. სასამართლოს განმარტებით, კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე ვიზუალური საშუალებების განთავსება ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცული უფლების ფარგლებში. ამასთან, ვინაიდან სადავო ნორმა ზღუდავდა პირის შესაძლებლობას სპონტანური პროტესტის პირობებში ამა თუ იმ ტერიტორიასა და შენობის ფასადზე სხვადასხვა ვიზუალური საშუალების განთავსებით გამოეხატა საკუთარი პოზიცია კონკრეტული მოვლენის შესახებ, სადავო ნორმა ახდენდა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას.
მოცემულ შემთხვევაშიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502-ე მუხლის სადავო ნორმატიული შინაარსის პირობებში აკრძალულია კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე(ბინაზე) პლაკატების, ლოზუნგებისა და ბანერების განთავსება. შესაბამისად როგორც 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში, ჩვენს შემთხვევაშიც სადავო ნორმატიული შინაარსი იწვევს იდენტური უფლების - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
1.2. შეიცავს უფლების შეზღუდვის მსგავს საშუალებას და იწვევს მსგავს სამართლებრივ შედეგს.
2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში სადავო ნორმატიული შინაარსის პირობებში აკრძალული იყო კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე პლაკატების, ლოზუნგებისა და ბანერების განთავსება სპონტანური აქციის მიზნით. მოცემულ შემთხვევაშიც სადავო ნორმა კრძალავს კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე პლაკატების, ლოზუნგებისა და ბანერების განთავსებას სპონტანური აქციების პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნორმა შეიცავს უფლების შეზღუდვის მსგავს საშუალებას და იწვევს მსგავს სამართლებრივ შედეგს - აკრძალულია მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით ვიზუალური საშუალებების კერძო საკუთრების ობიექტის ფასადზე განთავსება.
ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაში მოპასუხე მხარის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა შენობა-ნაგებობათა იერსახის დამახინჯების თავიდან აცილება. სადავო ნორმების იდენტურობიდან გამომდინარე, ჩვენს ჩემთხვევაშიც სადავო ნორმის სავარაუდო ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს შენობა-ნაგებობათა იერსახის დამახინჯების თავიან აცილება.
1.3. არ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს/წინაპირობას შექმნიდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში სადავო ნორმატიული შინაარსი შეაფასა თანაზომიერების ტესტით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა შენობა-ნაგებობათა იერსახის დამახინჯების თავიდან აცილება.
იმის გასარკვევად სადავო ნორმა იყო თუ არა გამოსადეგი საშუალება, სასამართლოს უნდა დაედგინა რამდენად არსებობდა ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებში შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე ვიზუალური საშუალებების სპონტანური განთავსების აკრძალვა ამცირებდა მუნიციპალიტეტის იერსახის შეცვლის საფრთხეს, სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ნორმა იყო მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება.
საკონსტიტუციო სასამართლო თანაზომიერების შემდეგ ეტაპზე იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა სადავო ნორმიდან მომდინარე შემზღუდველი ღონისძიება შეზღუდვის აუცილებელ(ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა ალტერნატიული რეგულირების შესაძლებლობაზე, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა მომხდარიყო არა ვიზუალური საშუალების არასათანადო ადგილზე განთავსების მომენტიდან, არამედ მას შემდეგ, რაც შესაბამისი თანამდებობის პირი დამრღვევს მისცემდა გაფრთხილებას ბანერის ასაღებად და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად გონივრულ ვადას განუსაზღვრავდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ დასახელებული ალტერნატიული რეგულირება იქნებოდა მიზნის მიღწევის იმავე ეფექტურობის მქონე საშუალება. მისი განმარტებით, შენობა ნაგებობისა და მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნების უზრუნველყოფის ინტერესი იმ მომენტიდან იზღუდებოდა, როდესაც პირი სადავო ნორმით აკრძალულ ქმედებას ჩაიდენდა - განათავსებდა ვიზუალურ საშუალებას. ალტერნატიული რეგულირების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადის დაწესების შემთხვევაში, სწორედ ამ ვადის განმავლობაში იარსებებდა მუნიციპალიტეტის იერსახის დაზიანების რისკი. ამდენად, ალტერნატიული რეგულირება ვერ უზრუნველყოფდა მიზნის იმავე ეფექტურობით მიღწევას, შესაბამისად სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ლეგიტიმური ინტერესის დაცვის აუცილებელს საშუალებას წარმოადგენდა.
თანაზომიერების ტესტის ბოლო ეტაპზე სასამართლოს უნდა შეეფასებინა ერთმანეთს შეპირისპირებული ორი სამართლებრივი სიკეთისგან, ერთი მხრივ გამოხატვის თავისუფლებისგან, ხოლო მეორე მხრივ - მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვის ლეგიტიმური ინტერესს შორის რომელის დაცვა წარმოადგენდა სამართლიან ბალანსს.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი ვიზუალური საშუალებების განთავსება ხდებოდა მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით, შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას თან არ ახლდა სხვა პირების საკუთრების უფლების შეზღუდვა. სასამართლომ იმსჯელა სპონტანური პროტესტის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ზოგჯერ პროტესტის მწვავე ფორმით გამოხატვა ხშირად ხელისუფლების ან/და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის ერთადერთი ან ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში საზოგადოებრივი რეაგირების დაყოვნება შესაძლოა, სრულიად არაეფექტური აღმოჩნდეს დასახული მიზნების მისაღწევად და მთლიანად დაეკარგოს აზრი დაგვიანებულ რეაქციას. ამასთან, მოპასუხის მიერ მითითებული ალტერნატიული, თუნდაც უფრო ფართომასშტაბიანი კომუნიკაციის საშუალებები ვერ ჩაანაცვლებდა ვიზუალური საშუალებების კერძო საკუთრების ფასადზე განთავსებას და ამ გზით გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ვიზუალური საშუალებები, ნორმალური გამოყენების პირობებში, არ ტოვებდნენ ხანგრძლივ და წარუშლელ კვალს შენობის ფასადზე და არ საჭიროებდნენ მყარ კონსტრუქციას. გარდა ამისა, სპონტანური პროტესტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის იერსახის ცვლილება ხდებოდა მხოლოდ ხანმოკლე ვადით, პროტესტის მიმდინარეობისას, რის დასრულების შემდეგაც იერსახე უბრუნდებოდა პირვანდელ მდგომარეობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე ვიზუალური საშუალებების განთავსებით გამოხატვის თავისუფლების საპირწონე ვერ იქნებოდა ამა თუ იმ შენობა-ნაგებობისა და მუნიციპალიტეტის იერსახის ხანმოკლე და დროებითი სახეცვლილება. შესაბამისად, სადავო ნორმა არათანაზომიერად ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას.
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე განსხვავებული სამართლებრივი გარემოება, რომელიც ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს შექმნიდა. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას, ერთადერთი განმასხვავებელი ფაქტობრივი გარემოება 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში გასაჩივრებულ სადავო ნორმასა და აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებულ სადავო ნორმატიულ შინაარსს შორის არის მათი მოქმედების გეოგრაფიული არეალი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი შეეხებოდა თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას, ხოლო 1502-ე მუხლი შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში ყურადღება საერთოდ არ გაუმახვილებია იმაზე თუ რომელ თვითმმართველ ერთეულში ხდებოდა ნორმის მოქმედება. მან მსჯელობა განავითარა ზოგადად, ნორმის მოქმედების გეოგრაფიული ფარგლებისგან დამოუკიდებლად.
მოსარჩელე მხარე ამ შემთხვევაშიც არ დაობს ლოზუნგებისა და ბანერების განთავსების აკრძალვის კონსტიტუციურობაზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო ნორმის მოქმედების გეოგრაფიული არეალი განსხავებულია 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში სადავოდ გამხდარი ნორმის მოქმედების არეალისაგან ვერ იქნება ნორმის ხელახალი შეფასების წინაპირობა.
აქედან გამომდინარე არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ნორმის ხელახალი შეფასების წინაპირობა გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502-ე მუხლის სიტყვების „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების და ბანერების სპონტანური საპროტესტო აქციის ფარგლებში დროებით განთავსებას, „დამძლევი ნორმის“ ინსტიტუტის გამოყენებით, არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე, ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-12.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა