მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/492 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
ჯონი ხეცურიანი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №492) მომართა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „საქართველოს კონსერვატიული პარტია“. №492 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2010 წლის 11 მარტს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. სადავო ნორმა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი, შემდეგი შინაარსისაა: „სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დაიშვება სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული გადაწყვეტილებით.“
4. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებმა არაერთგზის მიმართეს საერთო სასამართლოს, განსაზღვრული სასამართლო პროცესების ამსახველი ვიდეო/აუდიო მასალების გადმოცემის, ან მათი ასლების გადაღების თხოვნით. ზემოაღნიშნული წერილის პასუხად სასამართლოდან მათ ეცნობათ, რომ არ ხორციელდებოდა სასამართლო დარბაზებში განთავსებული ვიდეოკამერების საშუალებით დაფიქსირებული ვიდეო მასალის შენახვა-დაარქივება და, შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნა.
5. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის საფუძველზე, სასამართლოს მიენიჭა დისკრეცია, გასცეს, ან არ გასცეს სხდომის ვიდეო ჩანაწერი, რაც მისი განცხადებით, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე.
6. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმის მიზანს, კანონპროექტზე დართული განმარტებითი ბარათის მიხედვით, წარმოადგენს ის გარემოება, რომ შეიზღუდოს საზოგადოებრივი აზრის წინასწარი ფორმირება და საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა სასამართლოზე. მისი აზრით, აღნიშნული მიზანი და მის საფუძველზე უფლების შეზღუდვა ეწინაღმდეგება კონსტიტუციას. კერძოდ, მას მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, ნებისმიერ პირს შეუძლია, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი აზრი, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. მოსარჩელის თქმით, არ არის სავალდებულო, რომ მისი შეხედულებები ფაქტების სწორი შეფასებებიდან გამომდინარეობდნენ და მათ საზოგადოების უდიდესი ნაწილი იზიარებდეს. რაც შეეხება სადავო ნორმის საფუძველზე სასამართლო წესრიგის დაცვის მიზანს, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით არაადეკვატურად მკაცრი ზომებია დაწესებული ამ მიზნის მისაღწევად. მისი თქმით, შეზღუდვის პროპორციულობისათვის საკმარისი იქნებოდა, კანონმდებელს შემოეღო არა საერთოდ ტელეკამერების აკრძალვა, არამედ კანონით დაერეგულირებინა გადაღების წესი პროცესის მსვლელობისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სასამართლოს მიერ ჩანაწერის გაცემა სხდომაზე წესრიგის დაცვას.
7. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ მისი მიზანია, მისთვის განკუთვნილი საეთერო დროის ფარგლებში გააშუქოს მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესების მიმდინარეობა. ამის შესაძლებლობა კი, მისი აზრით, სწორედ სადავო ნორმის დანაწესის გამო არ ეძლევა.
აღნიშნლიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს: კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებას და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
8. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №492 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა 2010 წლის 22 დეკემბერს.
II
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებისათვის, აუცილებელია აკმაყოფილებდეს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. კერძოდ, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, სარჩელი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ.
2. №492 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირი.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის, ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება იურიდიულ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
3. განსახილველ სარჩელში, მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 85-ე მუხლი მოცემულია კონსტიტუციის არა მეორე, არამედ მე-5 თავში. შესაბამისად, მოსარჩელე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 თავთან მიმართებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, №492 კონსტიტუციური სარჩელი ვერ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას - იგი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ. შესაბამისად, იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №492 (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი