საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/467 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 8 ივნისი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ჯონი ხეცურიანი – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები გიორგი მშვენიერაძე, ვახუშტი მენაბდე და თამარ ჭარბაძე; მოპასუხის წარმომადგენელი ბათარ ჩანქსელიანი.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 467-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2008 წლის 9 დეკემბრის რეზოლუციით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. სადავო ნორმატიული აქტია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის (აქციათა სავალდებულო მიყიდვა) პირველი პუნქტი, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: „თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის - „მყიდველს“) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები“.
3. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა იგივე შინაარსისაა, რისაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლი, რომელიც არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის მიღება ეწინააღმდეგება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტს. თუ სასამართლო განმწესრიგებელ სხომაზე მივა ანალოგიურ დასკვნამდე, სადავო ნორმა განჩინებით უნდა იქნეს ცნობილი ძალადაკარგულად ამავე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებიდან მოსარჩელეს გამოაქვს შემდეგი დასკვნა: „...ცალსახად ჩანს, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მისი შინაარსი (აქციების იძულებითი გამოსყიდვა) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს და ჩვენს მიერ აქცენტი არ გაკეთებულა მისი გამოსყიდვისას დადგენილი ფასის სამართლიანობაზე. ასევე, ჩვენს მიერ 2006 წლის 18 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ვითხოვდით სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და არა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რადგანაც მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მინორიტარ აქციონერს უფლება მიმართოს სასამართლოს, სადავო ნორმა მაინც არაკონსტიტუციური იქნება 21-ე მუხლთან მიმართებით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გარდა ამისა, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რადგანაც მის მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით №467 კონსტიტუციურ სარჩელზე გაიმართა 2009 წლის 19 მარტს.
7. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილებაში მოტანილ არგუმენტებზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მინორიტარ და მაჟორიტარ აქციონერებს შორის ბალანსის დაცვისათვის, მოსარჩელე მხარის აზრით, ჩამოთვალა სამი კრიტერიუმი: 1. არ უნდა არსებობდეს ეკონომიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა მაჟორიტარი აქციონერის მიერ; 2. მინორიტარმა აქციონერმა უნდა იცოდეს, თუ რატომ ხდება მისი კუთვნილი აქციების სავალდებულო მიყიდვა და 3. მინორიტარ აქციონერს უნდა ჰქონდეს თავისი პოზიციის გამოხატვისა და დაცვის სამართლებრივი საშუალება. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით პირველი და მე-3 კრიტერიუმი არ არის დაკმაყოფილებული. მიუხედავად იმისა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მოქმედმა რედაქციამ, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, გამოასწორა გარკვეული ნაკლოვანებები, ნაწილობრივ, ის მაინც იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილ 533 მუხლს.
8. სადავო ნორმა ემთხვევა არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას იმ მხრივაც, რომ ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით კანონმდებლის დამოკიდებულება არ შეცვლილა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, გათვალისწინებული არ არის მექანიზმი, რათა დადგინდეს, თუ რამდენად არსებობს, კონკრეტულ შემთხვევაში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება. კანონიდან კარგად უნდა ჩანდეს ის მიზანი, რასაც ემსახურება აქციების სავალდებულო მიყიდვა. მოსარჩელე მხარის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ვერ დაინახა აქციების სავალდებულო მიყიდვის მიზანი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.
9. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ საერთო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს ამ პროცედურის საჭიროებაზე. სასამართლო, ამ შემთხვევაში, გვევლინება ნოტარიუსის როლში და მაჟორიტარი აქციონერი უფლებამოსილია ნებისმიერი მიზეზით შეისყიდოს მინორიტარი აქციონერების აქციები. აქედან გამომდინარე, მინორიტარ აქციონერებს არ აქვთ სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება.
10. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად გამოცხადდება აქციების სავალდებულო მიყიდვის მარეგულირებელი ყველა ნორმა. ეს განპირობებულია იმით, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობისას ძალადაკარგულად ცხადდება მის საფუძველზე ან შესასრულებლად მიღებული ყველა ნორმატიული აქტი.
11. მოსარჩელე მხარემ ძალაში დატოვა მოთხოვნა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე. თავის დროზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის მოქმედება. იქედან გამომდინარე, რომ მინორიტარი აქციონერის მიერ უფლებების დაცვის მექანიზმი არაკონსტიტუციურად ჩათვლილი ნორმის მსგავსად, სადავო ნორმითაც არ არის გათვალისწინებული, მისი მოქმედება უნდა შეჩერდეს.
12. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარეს იმაში, რომ სადავო ნორმა და არაკონსტიტუციურად გამოცხადებული 533 მუხლი ანალოგიური შინაარსისაა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლმა გამოასწორა ხარვეზები, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 533 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას. იმაზე, რომ გასაჩივრებული ნორმისა და არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსი იდენტური არ არის, მოპასუხე მხარის აზრით, თავად მოსარჩელე მხარის განარტებაც მიუთითებს, სადაც მან აღიარა, რომ მოქმედი ნორმით გათვალისწინებულია ადრე არსებული ნაკლოვანებების ნაწილის გამოსწორება.
13. მოპასუხე მხარე თვლის, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 534 მუხლი ავალდებულებს მაჟორიტარ აქციონერს, რათა მან წარმოადგინოს სერიოზული არგუმენტაცია აქციების სავალდებულო მიყიდვის პროცედურის მიზეზებთან მიმართებით. ამასთან დაკავშირებით, მოგვიანებით უნდა იმსჯელოს საერთო სასამართლომ და შეამოწმოს, თუ რამდენად არსებობს აქციების სავალდებულო მიყდვის ლეგიტიმური მიზანი.
II
1. კოლეგია ხედავს არსებით განსხვავებას იმ დასაბუთებას შორის, რაც წარმოდგენილია კონსტიტუციურ სარჩელში და რაც მოიტანა მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე. კონსტიტუციური სარჩელიდან ჩანს, რომ მოსარჩელე მხარე ეჭვქვეშ აყენებს აქციების სავალდებულო მიყიდვის არსს და შესაბამისად, გასაჩივრებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტი. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ აქციების ფასის სამართლიანობისა და მინორიტარი აქციონერის სამართლებრივი დაცვის მომენტს სარჩელის ავტორისათვის არ აქვს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა. თუმცა, განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის არგუმენტაციაში მინორიტარი აქციონერის დაცვის სამართლებრივმა საშუალებამ ერთერთი მთავარი ადგილი დაიკავა. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა არა აქციათა სავალებულო მიყიდვის ინსტიტუტის არსზე, არამედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილების იმ ცალკეულ მოთხოვნებზე, რომლებიც, მისი აზრით, არ გაითვალისწინა კანონმდებელმა.
2. ზემოაღნიშნული წინააღმდეგობების მიუხედავად, კოლეგია №467 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს იმ არგუმენტაციის გათვალისწინებით, რაზეც საბოლოოდ შეჩერდა მოსარჩელე მხარე.
3. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ვერ დაინახა აქციების სავალდებულო მიყიდვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და კანონიდან კარგად უნდა ჩანდეს ის მიზანი, რასაც ემსახურება ეს პროცედურა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ამ საკითხთან დაკავშირებით, გარკვევით მიუთითა: „კანონმდებელი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ იღებს მას. ...იმას, არის თუ არა კანონმდებლის მოსაზრება „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან“ დაკავშირებით მართებული და კონსტიტუციასთან შესაბამისი, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს“. (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405; II-15). აქციების სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაინახა შესაძლებლობა, რომ ეს პროცედურა ემსახურება აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და ამაზე დაწვრილებით გაამახვილა ყურადღება (გადაწყვეტილება№2/1-370,382,390,402,405; II-23,24,25,26).
4. კოლეგიას მიაჩნია, რომ აქციების სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტის ლეგიტიმური მიზნის ეჭვქვეშ დაყენება ფაქტიურად ნიშნავს ამ ინსტიტუტის არსის არაკონსტიტუციურობის საკითხის დაყენებას. ორივე საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილებით და ამ მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია არ შეცვლილა – აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტის არსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და აქციათა სავალდებულო მიყიდვას შესაძლებელია ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი, რაც განპირობებულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით.
5. რაც შეეხება იმის გარკვევის მექანიზმს, არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, კოლეგიის აზრით, ეს უკავშირდება მინორიტარი აქციონერის შესატყვისი სამართლებრივი დაცვის საკითხს. ამაზე მსჯელობის საშუალებას არ იძლევა თავად სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შემოიფარგლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტით, სადაც განსაზღვრულია აქციების სავალდებულო მიყიდვის არსი და არა აქციების სავალდებულო მიყიდვის სამართლებრივი პროცედურა და მინორიტარი აქციონერის ადგილი ამ პროცესში.
6. სასარჩელო მოთხოვნა, ასევე, არ იძლევა იმის შეფასების საშუალებას, თუ რამდენად არსებობს მოქმედი რეგულირების პირობებში მაჟორიტარი აქციონერის მიერ თავისი ეკონომიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. ამის მიზეზია ის, რომ როგორც აღინიშნა, მოსარჩელე არ ასაჩივრებს აქციათა სავალებულო მიყიდვის წესის მომწესრიგებელ ნორმებს.
7. ფაქტობრივად, სახეზეა შემთხვევა, როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია შინაარსობრივ მიმართებაში არ არის გასაჩივრებულ ნორმასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ (განჩინება№2/3/412, II-9; განჩინება #2/2/438, II-1; განჩინება №2/1/456, II-7) აღნიშნა, რომ კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთება შინაარსობრივად უნდა შეეხებოდეს სადავო ნორმას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზეა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევა და არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის მიზეზი.
8. იგივე მდგომარეობაა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომ საერთო სასამართლო აქციების სავალდებულო მიყიდვისას ასრულებს „ნოტარიუსის როლს“ და არ ამოწმებს ამ პროცედურის საჭიროებას. საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ გარემოებაზე, რადგანაც ამ შემთხვევაშიც, მოსარჩელის არგუმენტაცია შინაარსობრივად არ შეეხება სადავო ნორმას.
9. კოლეგიას მცდარად მიაჩნია მოსარჩელის მოლოდინი, რომ სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ძალადაკარგულად გამოცხადდება აქციების სავალდებულო მიყიდვის მომწესრიგებელი ყველა ნორმა. აღნიშნული ნორმები გააგრძელებს მოქმედებას და მათ საფუძველზე შესაძლებელი იქნება აქციების სავალდებულო მიყიდვის პროცედურის განხორციელება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე (განჩინება №2/8/448, II-7,8,9; განჩინება №2/9/450, II-12; განჩინება №2/1/456, II-8), ისევე როგორც მსგავს შემთხვევებში, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია არ აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორაგნული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
10. სადავო ნორმისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის არაკონსტიტუციურად ცნობილი 533 მუხლის შინაარსობრივი მსგავსების თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია 2009 წლის 5 მაისის №2/3/460 განჩინებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სულიკო მაშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამ შემთხვევაშიც, №467 კონსტიტუციური სარჩელის მსგავსად, დავის საგანი იყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: „სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სრულყოფილად მოახდინოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის მოქმედი და არაკონსტიტუციურად ცნობილი წესების შინაარსობრივი შედარება. თუმცა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტი, მიუხედავად სიტყვასიტყვითი შინაარსისა, სხვა ლოგიკურ დატვირთვას იძენს, თუნდაც შემდეგი გარემოების გამო - არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისაგან განსხვავებით, აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა მაჟორიტარი აქციონერი, არამედ სასამართლო“. (განჩინება№2/3/460, II-10).
11. არ ხდება №467 კონსტიტუციური სარჩელის მიღება არსებითად განსახილველად. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას აღარ გაამახვილებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რადგანაც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე `საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, `საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის `ე~ ქვეპუნქტის და მე-18 მუხლის `ა~ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №467 (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
31-51