შპს „ჰორიზონტი“ ქ. ბათუმის მერის და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/495 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 30 ივლისი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია - წევრი;
3. ქეთევან ერემაძე - წევრი;
4. მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: შპს „ჰორიზონტი“ ქ. ბათუმის მერის და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: „თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე დამატებით არსებული რამოდენიმე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღიცხვის შესახებ“ ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 14 ივლისის №646 ბრძანების და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებისათვის გამწვანებისა და დასვენების ადგილების სტატუსის მინიჭების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №163 განკარგულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16, 21-ე, 42-ე და 44-ე მუხლებთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №495) მიმართა შპს „ჰორიზონტმა“. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2010 წლის 30 ივლისს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 45-ე და 89-ე მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლები, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
3. 2008 წლის 14 ივლისის ქ.ბათუმის მერის №646 ბრძანება ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვას, ხოლო თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №163 განკარგულებით განხორციელდა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნლების მიწის ნაკვეთებისათვის გამწვანებისა და დასვენების ადგილების სტატუსის მინიჭება.
4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მათი შინაარსის გათვალისწინებით, მიჩნეულ უნდა იქნეს ნორმატიულ აქტებად. სარჩელში მითითებულია, რომ შპს „ჰორიზონტს“ 1994-1995 წლებში ნება დაერთო, ზუბალაშვილისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აეშენებინა ღია კაფე, რაც გაფორმებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა, საბოლოოდ, ვერ მოხერხდა აღნიშნული ფართის საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე რეგისტრირება. ქ. ბათუმის საკრებულოსა და მერიის მოქმედებებით კი გაუქმებულ იქნა აღნიშნული ქონების შეძენა, რაც არის შპს „ჰორიზონტის“ დისკრიმინაციის საფუძველი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ფართი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მითითებული ფაქტი კი სხვადასხვა ორგანოების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის მანიშნებელია.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, მან 2006 წლის 25 აპრილს მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელიც, მისი აზრით, შეგნებულად აჭიანურებდა საკითხის განხილვას. გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 2010 წელს, რამაც საშუალება მისცა ბათუმის მერიას, ჩაედინა დანაშაულებრივი ქმედება და კანონდარღვევით გამოეცა ბრძანება №646. სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ კვლავ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს №646 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა 2009 წლის 6 ნოემბერს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5.კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ქ. ბათუმის მერის ბრძანებითა და საკრებულოს უკანონო ნორმატიული აქტებით შპს „ჰორიზონტს“ წაერთვა გარკვეული ქონება და, შესაბამისად, გაუქმდა მისი საკუთრების უფლება, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნებს. ასევე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო აქტების გამოცემით დარღვეულ იქნა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ: „თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე დამატებით არსებული რამოდენიმე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღიცხვის შესახებ“ ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 14 ივლისის №646 ბრძანების და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებისათვის გამწვანებისა და დასვენების ადგილების სტატუსის მინიჭების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №163 განკარგულების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16, 21-ე, 42-ე და 44-ე მუხლებთან მიმართებით.
II
საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას გასარკვევია, რამდენად აკმაყოფილებს სარჩელი „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღების საფუძვლებს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს იმ შემთხვევაში აქვთ უფლება მიმართონ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მიაჩნიათ, რომ ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი არღვევს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ მათ უფლებებს. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს.
№495 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაჭრელად სასამართლომ გამოარკვია, შეიძლება თუ არა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სამართლებრივი აქტები განხილულ იქნეს ნორმატიულ აქტებად.
კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, სადავო სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს ქ. ბათუმის მერის ბრძანება და ქ. ბათუმის საკრებულოს განკარგულება.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად „...ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით“. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) სამართლებრივი აქტები მოცემულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლში, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) ნორმატიული აქტია საკრებულოს დადგენილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკრებულოს განკარგულება და გამგებლის (მერის) ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სამართლებრივი აქტები, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია.
მიუხედავად ამისა, „აქტი, შესაძლებელია, გამოცემული/მიღებული იქნეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ფორმით, მაგრამ მას ჰქონდეს ნორმატიული შინაარსი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის №2/2/438 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“). ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მის შეფასებას ახდენს აგრეთვე მატერიალურ-სამართლებრივი კუთხითაც.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) დაადგინა კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავენ სამართლებრივი აქტის ნორმატიულ ბუნებას და რომლეთა საფუძველზეც უნდა გადაწყდეს აქტის ნორმატიულ აქტად მიჩნევის საკითხი: „ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაობის პრეტენზია, იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ასეთად რჩება იგი ამ წრის გვარეობითი ნიშნით იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც... ნორმატიული აქტი თავისი ბუნებით აბსტრაქტულ, საერთო ნორმას წარმოადგენს და დაკავშირებულია არა რაიმე მოვლენასთან ან შემთხვევასთან, არამედ თავის იურიდიულ ბუნებას ინარჩუნებს მთელი რიგი ანალოგიური მოვლენების მიმართ. მის საფუძველზე შესაძლებელია წარმოიშვას კონკრეტული შემთხვევის განუსაზღვრელი რაოდენობა... ამდენად, ნორმატიული აქტი, როგორც ქცევის ზოგადი წესი, მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ხასიათდება თავისი შინაარსის კონკრეტულობით. იგი კონკრეტულ ურთიერთობას (შემთხვევას) ეხება. ამ თვალსაზრისით ერთჯერადი გამოყენების აქტს წარმოადგენს“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბერის №1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს კავკასუს ონლაინი“ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ“).
„თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე დამატებით არსებული რამოდენიმე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღიცხვის შესახებ“ ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 14 ივლისის №646 ბრძანება ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვას; „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებისათვის გამწვანებისა და დასვენების ადგილების სტატუსის მინიჭების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №163 განკარგულებით განხორციელდა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის გამწვანებისა და დასვენების ადგილების სტატუსის მინიჭება. შესაბამისად, სადავო აქტებში მოცემულია კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის (საკითხის) ერთჯერადი გადაწყვეტა.
ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული სადავო აქტები არ ადგენენ ნორმატიული აქტისათვის დამახასიათებელ ქცევის ზოგად წესებს, რაც არსებითია ნორმატიული და ინდივიუალური სამართლებრვი აქტების ერთმანეთისაგან გასამიჯნად, ისინი არ შეიძლება განვიხილოთ ნორმატიულ სამართლებრივ აქტებად.
მაშასადამე, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სამართლებრივი ატების როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების საფუძველზე, ცალსახად დგინდება, რომ აღნიშნული აქტები ინდივიდუალური სამართლებრი აქტებია.
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობა სცილდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს და, შესაბამისად, არსებობს კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი - სარჩელში მითითებული არც ერთი საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 271 მუხლის I პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე მუხლით და 33-ე მუხლის I პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №495 (შ.პ.ს. „ჰორიზონტი“ ქ. ბათუმის მერის და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი