საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე მაია ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/515 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 22 დეკემბერი 2011 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე მაია ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგი სიტყვების: ,,და უწყებრივი ნორმატიული აქტებით”კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-20 მუხლის პირველი პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით მიმართეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს მოქალაქე ქეთი ხუციშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 515-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით 1 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას.
2. კონსტიტუციურ სარჩელში შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. დავის საგანს წარმოადგენს “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და უწყებრივი ნორმატიული აქტებით“ შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-20 მუხლის პირველ და 41-ე მუხლის პირველ პუნქტებთან. სადავო ნორმა განსაზღვრავს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ჩატარებისა და შეწყვეტის ვადები და წესი, “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონთან ერთად, რეგულირდება უწყებრივი ნორმატიული აქტებით.
4. მოსარჩელეთა მტკიცებით, კანონმდებელმა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ჩატარებისა და შეწყვეტის ვადებთან დაკავშირებული რეგულირებები მიაკუთვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისეთ საქმიანობას, რომელიც რეგულირდება უწყებრივი აქტით და წარმოადგენს ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებას. ამასთან, მოსარჩელეებს დამატებით მტკიცებულებად მოჰყავთ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის სხვადასხვა დროს გაგზავნილი წერილები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისა და შეწყვეტის ვადებთან დაკავშირებული უწყებრივი აქტების გამოთხოვის თაობაზე და აღნიშნული ორგანოების წერილობითი უარი, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას და მისი გაცემა შეუძლებელია.
5. მოსარჩელე მხარის აზრით, უწყებრივი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ვადებთან დაკავშირებული რეგულირებების საჯაროობამ არ შეიძლება ზიანი მიაყენოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მიზანსა და მის კონსპირაციულ ბუნებას. შესაბამისად იგი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ხსენებული უწყებრივი აქტების გასაიდუმლოებას.
6. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმა არღვევს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, ვინაიდან აღნიშნული უფლება გულისხმობს საკუთარი თავისა და იდენტობის სახელმწიფოსგან განრიდების უფლებას. სადავო რეგულირებით კი სახელმწიფოს შეუძლია შეაგროვოს პიროვნების ვინაობის შესახებ მონაცემები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მეშვეობით, რომელთა ჩატარების ვადები გასაიდუმლოებულია, რაც ადამიანს უკარგავს საკუთარ პიროვნებაზე გარედან ჩარევისგან თავისუფალი კონტროლის შესაძლებლობას. ამასთან, სადავო რეგულირებები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 41-ე მუხლთან, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს, თუ რა ვადაზე გადის მის პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის ზღვარი. აქედან გამომდინარე, ნორმატიული აქტი, რომელიც აღნიშნულ ვადებს განსაზღვრავს უნდა ჩიათვალოს ოფიციალურ დოკუმენტად 41-ე მუხლის მიზნებისთვის და იგი ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მოსარჩელეთა აზრით, სადავო რეგულირებით ირღვევა კონსტიტუციის მე-20 მუხლიც, ვინაიდან კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მოიცავს იმგვარ მოქმედებებს, რაც უკავშირდება პირის საკომუნიკაციო საშუალებების შემოწმებას, მის ფარულ მიყურადებას, კორესპონდენციის შემოწმებას და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების ვადის გასაიდუმლოება არღვევს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას.
7. იმის დასასაბუთებლად, რომ ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტის გასაიდუმლოება უფლების დარღვევას იწვევს, მოსარჩელეებს დამატებით არგუმენტებად მოჰყავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე „მიხაილუკი და პეტროვი უკრაინის წინააღმდეგ“, „მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, „ჰუვიგი საფრანგეთის წინააღმდეგ”, „კრუსლინი საფრანგეთის წინააღმდეგ” და მიიჩნევენ, რომ იმგვარი ფარული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას, დაცული უნდა იყოს წინასწარგანჭვრეტადობის მოთხოვნა, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონის პირობები უნდა იყოს მკაფიო და ინდივიდს მისცეს ადეკვატური მინიშნება იმის თაობაზე, თუ რა გარემოებების და პირობების არსებობის შემთხვევაშია საჯარო ხელისუფლება უფლებამოსილი, ჩაერიოს მის პირად ცხორებაში.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები “და უწყებრივი ნორმატიული აქტებით” საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ჩატარებისა და შეწყვეტის ვადებთან დაკავშირებით.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველის პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ #515 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე 2011 წლის დეკემბერს.
II
1. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება). მოსარჩელე სადავოდ ხდის „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვებს „და უწყებრივი ნორმატიული აქტებით“ საქართველოს კონსტიტუციის მე–16 მუხლთან, მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, შესაბამისად იგი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმით დადგენილია უფლების შეზღუდვა, რომელიც შინაარსით მიემართება კონსტიტუციის ზემოთ ხსენებულ დებულებებს.
2. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში უთითებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადების მარეგულირებელი წესების საჯაროობის აუცილებლობაზე. იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან თვითნებობის თავიდან ასაცილებლად, კანონის უზენაესობის მოთხოვნიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, ხოლო სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი უწყებრივი აქტების საიდუმლო ხასიათი განაპირობებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის გაუქმების შემთხვევაში ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრა არ იქნება მინდობილი უწყებრივ აქტებზე, შესაბამისად, არც მათი გასაიდუმლოება მოხდება, რაც გამორიცხავს კონსტიტუციური უფლებების დარღვევის რისკს.
3. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის არასწორ აღქმას. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისა და შეწყვეტის ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და უწყებრივი ნორმატიული აქტებით“. კანონის ეს დებულება უწყებრივი აქტების ხელმისაწვდომობის საკითხს არ აწესრიგებს. უწყებრივი აქტები დამოუკიდებელი ნორმატიული აქტებია, რომელთაც თავისი რეგულირების საგანი გააჩნიათ, რომელთა ფარგლებს, მართალია, სადავო ნორმა განსაზღვრავს, თუმცა მათი საიდუმლო ან საჯარო ბუნება თავად უწყებრივი აქტების შინაარსზეა დამოკიდებული.
4. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადების განსაზღვრის უფლებამოსილების ნაწილის დელეგირებას ახდენს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და ამით ამოწურავს ხსენებული ნორმის რეგულირების სფეროს. . მოსარჩელის მიერ ნორმის აღნიშნული შინაარსი - ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრის დელეგირების ფაქტი სადავოდ არ არის მიჩნეული. მოსარჩელე მხარე სარჩელში არ უთითებს, რომ კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ოპერატიულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები აუცილებლად კანონით უნდა განისაზღვროს. მეტიც, იგი თვითონვე უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი საკითხები შეიძლება უწყებრივი ნორმატიული აქტით დარეგულირდეს. მისი აზრით, კონსტიტუციური უფლების დარღვევას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ვადების გასაიდუმლოება განაპირობებს. იგი მიიჩნევს, რომ კანონით აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს უწყებრივი ნორმატიული აქტებით ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის განსაზღვრასთან ერთად ავტომატურად აქვთ მინიჭებული უფლება, მოახდინონ ამ რეგულაციების გასაიდუმლოება. შესაბამისად, მოსარჩელე სადავოდ ხდის ნორმის იმ შინაარსს, რომელიც მას რეალურად არ გააჩნია. უწყებრივი ნორმატიული აქტის გასაიდუმლოება მოხდება თუ არა, ეს სრულიად სცდება სადავო ნორმის მოქმედების სფეროს და დამოკიდებულია ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, მათ შორის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონზე. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის გამოკვეთილი აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის მე–16 მუხლს, მე–20 მუხლის პირველ პუნქტსა და 41–ე მუხლის პირველ პუნქტს შორის.
5. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი მართლაც არ გამორიცხავს ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გასაიდუმლოების შესაძლებლობას. თუმცა ამავე კანონის თანახმად, ნებისმიერი ნორმატიული აქტის მხოლოდ ის ნაწილი შეიძლება გასაიდუმლოვდეს, რომლის შინაარსიც ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. აღნიშნული კანონი ასევე განსაზღვრავს ნორმატიული აქტის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის წესს. მისი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნების აუცილებლობის დასაბუთება, ამ ცნობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევალება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულებას და ორგანიზაციას, რომელმაც ეს ცნობები შეიმუშავა ან მიიღო განსახილველად და ან შესანახად“.
6. აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელეების მიერ კონსტიტუციურ სარჩელში აღწერილი პრობლემები დაკავშირებულია უფლებამოსილი პირის კონკრეტული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების საკითხებთან. ვინაიდან სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციიდან არ იკვეთება სადავო ნორმისა და სარჩელში დასახელებულ კონსტიტუციის დებულებებს შორის შინაარსობრივი ურთიერთმიმართება, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-18 მუხლის „ა“ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე მაია ხუციშვილისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №515) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვების „და უწყებრივი ნორმატიული აქტებით” საქართველოს კონსტიტუციის მე–16 მუხლთან, მე–20 მუხლის პირველ და 41–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი
2. ვახტანგ გვარამია
3. ქეთევან ერემაძე
4. მაია კოპალეიშვილი