საქართველოს მოქალაქე ჯუმბერ თავართქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/517 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 22 დეკემბერი 2011 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია – წევრი;
3. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ჯუმბერ თავართქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და 15091 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 17 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის #517) მიმართა საქართველოს მოქალაქე ჯუმბერ თავართქილაძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2011 წლის 22 აგვისტოს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2011 წლის --- დეკემბერს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 და მე–16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლი ითვალისწინებს იმ ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომლებიც მიეკუთვნებიან კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით კი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია და 15091 მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები. იმავე კოდექსის 15091 მუხლში კი მითითებულია, რომ რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, ისე არასამეწარმეო იურიდიულ პირად ან ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც არარეგისტრირებული კავშირები. საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირება კი შეუძლია საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ მიმდინარეობას ან იმ რელიგიურ მიმდინარეობას, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად. თუმცა მათზე არ გავრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი და მათი რეგისტრაციის მიმართ იმოქმედებს არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი.
4. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–9 მუხლს. აღნიშნული მუხლის თანახმად აღიარებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან და მისი განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესიის დარეგისტრირება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ხდება იმ პირობით, რომ მასზე გავრცელდება კერძო სამართლის იურიდიული პირის მიმართ არსებული ვალდებულებები და იგი ვერ ისარგებლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებებით. შესაბამისად, ეკლესია ექცევა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, რაც, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება მისი დამოუკიდებლობის არსს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე–9 მუხლთან მიმართებით.
II
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის, ის უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, მას უფლება აქვს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ უფლება, მიმართონ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მიაჩნიათ, რომ ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი არღვევს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ დააფიქსირა განჩინებებში, რომ პირის სარჩელის განსახილველად მიღებისათვის საჭიროა, მოსარჩელე მოითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის მეორე თავის ნორმებთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის განჩინება №1/3/480; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება №2/5/492).
2. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი. დასახელებული კონსტიტუციური ნორმა კი არ განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს. ამდენად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და 15091 მუხლის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან შესაბამისობის თაობაზე.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი არ პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც მისი არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველს ქმნის. კერძოდ, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, “კონსტიტუციური სარჩელი ... განსახილველად არ მიიღება, თუ ბ) თუ შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ“.
III
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი #517 (საქართველოს მოქალაქე ჯუმბერ თავართქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი