საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/520 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 10 აპრილი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის და ამავე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში“, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე _ ბენიამინ აბრამიძე და მისი წარმომადგენელი გიორგი ჭიქაბერიძე. მოპასუხე _ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ფიქრია ზირაქაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №520) მომართა საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძემ. №520 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2011 წლის 27 დეკემბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2012 წლის 19 დეკემბერს.
3. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე, 1967 წლიდან 1984 წლის ჩათვლით, მუშაობდა ქუთაისის მანქანამონტაჟის სამმართველოში საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსად. 1984 წლის 16 ნოემბერს მიღებული საწარმოო ტრავმის შედეგად, საექიმო კომისიის მიერ დაუდგინდა შრომისუნარიანობის დაკარგვა 100%-ით. შესაბამისად, 1984 წლიდან 1993 წლის ჩათვლით, ღებულობდა პენსიას საწარმოო ტრავმისათვის საშუალო ხელფასის 100%-ის ოდენობით. 1993 წელს მექანომონტაჟის სამმართველომ შეწყვიტა ფუნქციონირება და სამმართველო გარდაიქმნა მცირე საიჯარო საწარმოდ ,,სპექტრი-90,“ რომელსაც დიდხანს არ უარსებია, რაც დასტურდება ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული 2003 წლის 30 იანვრის ცნობით.
5. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელის შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თავისი ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო, დანიშნული ყოველთვიური სარჩოს მიღება შეუწყდა 2007 წლის პირველი მარტიდან იმ საფუძვლით, რომ ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, 2007 წლის პირველი მარტიდან შეწყდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ლიკვიდირებულ სახელმწიფო საწარმოებში ტრავმირებული და პროფდაავადებული პირების მიმართ.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, 2007 წლის პირველი მარტიდან „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისთვის სარჩოს მიღების უფლება გაუქმდა. მოსარჩელის აზრით, საკუთრების უფლებით დაცულია არა მხოლოდ კონკრეტულ ნივთებსა და საგნებზე საკუთრება, არამედ კონკრეტული ქონებრივი მოთხოვნები, მათ შორის, საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანისთვის სარჩოს მიღების უფლება. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე მოხდა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვა.
7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით. მთავრობის დადგენილება წარმოადგენს კანონქვემდებარე აქტს, შესაბამისად, ფორმალური გაგებით იგი არ არის კანონი. ამასთანავე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნული აქტის გამოცემის საკანონმდებლო საფუძველი, რომლითაც გათვალისწინებული იქნებოდა სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვის დარეგულირება მთავრობის დადგენილებით. აქედან გამომდინარე, საკუთრების უფლებაში ჩარევა არ ხდება კანონის საფუძველზე, რაც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებიდან არ იკვეთება, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურებოდა სადავო ნორმების შემოღება. აღნიშნული შეზღუდვის მიზნად არ გამოდგება საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა, ვინაიდან 2007 წლამდე არსებული საბიუჯეტო შემოსავლები მკვეთრად არ განსხვავდებოდა 2007 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლებისგან. თუმცა მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას შეფასების ფართო ზღვარი გააჩნია. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმებიდან არ იკვეთება, თუ რა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება არსებობდა, რომ სრულად გაუქმებულიყო სარჩოს მიღების უფლება.
9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის შედეგად პირს ერთმევა არსებობისთვის აუცილებელი მინიმალური საშუალების მოპოვების შესაძლებლობა. შესაბამისად, დაუშვებელია, სახელმწიფომ უარი თქვას იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რაც მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს საქმიანობას მოჰყვა. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის დებულებათა საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმები ათავისუფლებენ სახელმწიფოს, მისი ორგანოების ან მოსამსახურეთა მიერ ადამიანისათვის მიყენებული ბრალეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან შესაბამისი სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების და მისი სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის შემთხვევაში. იმისათვის, რომ სახელმწიფომ თავი აარიდოს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, მას შესაძლებლობა ეძლევა, მარტივად ლიკვიდაცია გაუკეთოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს და ამით თავიდან აიცილოს ბიუჯეტიდან ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის აზრით, სამინისტროების, მისი სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულების შექმნით, კონკრეტული მოხელეების სახელმწიფო სამსახურში მიღებით, სახელმწიფო შეგნებულად საკუთარ თავზე იღებს იმ რისკს, რაც დაკავშირებულია აღნიშნული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მათზე დაკისრებული სახელმწიფოებრივი ამოცანების განხორციელებასთან, მათ შორის, ისეთი ქმედების განხორციელებასთან, რომელსაც თან სდევს ინდივიდის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან.
11. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის უფლება, მიიღოს სოციალური შეღავათი, არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, გამოყენებულ უნდა იქნეს კონსტიტუციის 39-ე მუხლი, რომლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. შესაბამისად, 39-ე მუხლთანაც ანალოგიური არგუმენტაცია მოქმედებს, რაც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან.
12. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა სადავო დადგენილების მე-3 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 39-ე მუხლთან მიმართებით, კერძოდ, მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი სადავოდ ხდიდა მხოლოდ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას ხსენებულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით.
13. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, ვინაიდან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია მხოლოდ ის, რომ სასამართლოს დავისას არ იქნეს გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულება, ვინაიდან სადავო დადგენილების ამოქმედებით იგი ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული და მისი გამოყენება ვერ მოხდება სასამართლოს მიერ. აქედან გამომდინარე, სადავო დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სადავოდ გამხდარ სიტყვებს არა აქვს მიმართება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
14. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სადავო დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუქმდა ყოველთვიური სარჩოს მიღების უფლება, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ შესაბამისი საწარმოს გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, პირს არ აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმები არ აუარესებს პირის მდგომარეობას და არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ დებულებებს.
15. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სადავო დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, მთავრობამ ახლებურად მოაწესრიგა სამართლებრივი ურთიერთობა, შესაბამისად, მიიჩნია, რომ დადგენილების მიღებამდე მოქმედი კანონმდებლობით არსებული სარჩოს გაცემა უნდა მომხდარიყო 2007 წლის 1 მარტამდე, ხოლო სადავო დადგენილებით შეიცვალა მხოლოდ ზიანის ანაზღაურების პროცედურა და ყოველთვიური სარჩოს გაცემის ნაცვლად დადგინდა ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება. აქედან გამომდინარე, არ ირღვევა მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებები.
16. მოპასუხემ დამატებით აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პირი თვლის, რომ ძალადაკარგულად გამოცხადებული კანონმდებლობის მიხედვით, მას უკეთესი სამართლებრივი მდგომარეობა ჰქონდა, მან უნდა გაასაჩივროს ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ აქტი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იდავოს ახალი დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში სადავო სამართლებრივ აქტად მითითებულია „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების დროს სადავო ნორმები ძალაში იყო და მოქმედებდა. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების საფუძველზე, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება, მათ შორის, სადავო ნორმებიც ძალადაკარგულად გამოცხადდა. შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისთვის სადავო ნორმები გაუქმებულია და ძალა აქვს დაკარგული.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის, მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №520 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე~ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა~ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. შეწყდეს საქმე №520 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი