სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/615 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 29 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 დეკემბერი 2016 16:01 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების „თანდართული საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების ,,ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის სიტყვის ,,ნაწილობრივ“ და ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების ,,და ამდენად ზიანის ანაზღაურება ხორციელდება სიმბოლურად“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - გიორგი კეკენაძე, თამთა მიქელაძე, ეთერ გვრიტიშვილი და მარიამ ბეგაძე; მოპასუხის - საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები - არჩილ გორხელაშვილი და ვალერიან ლილუაშვილი; მოწმე- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი- არჩილ მეტრეველი; სპეციალისტი - სახალხო დამცველთან არსებული „ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი - ბექა მინდიაშვილი, ექსპერტი - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - ნუგზარ პაპუაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №615) მომართა სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2014 წლის 11 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომები, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 11 მარტსა და 2016 წლის პირველ თებერვალს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 თანდართული „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ (შემდგომში: №117 დადგენილების თანდართული წესი) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით „ეს წესი ვრცელდება საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამური, იუდეიური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებზე“. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების სადავო სიტყვების მიხედვით, პირველი მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულ რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ და სიმბოლურად აუნაზღაურდებათ ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც მათ მიადგათ საბჭოთა რეჟიმის დროს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საკუთრებისა და მემკვიდრეობის ხელშეუვალობის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმდაგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მომსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.
5. მოსარჩელე მხარე მიუთითებს ისტორიულ წყაროებზე, რომელთა მიხედვითაც „სახარების რწმენის ეკლესია“ წარმოადგენს „ორმოცდაათიანელების“ სამართალმემკვიდრეს, რომელსაც თავის მხრივ №117 დადგენილების თანდართული წესით განსაზღვრულ პერიოდში მიადგა როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი.
6. №615 კონსტიტუციური სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მხარე, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ სადავო ნორმების შემცველი დადგენილების მიღებამდე, კერძოდ, 2013 წლის 7 თებერვალს დარეგისტრირდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. მოსარჩელის აზრით, მასზე ვრცელდება №117 დადგენილებით თანდართული წესი, თუმცა სადავო ნორმები მოიცავს რელიგიური გაერთიანებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შორისაც მოსარჩელე მხარე მოხსენიებული არ არის.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმყოფება სადავო ნორმაში მოხსენიებულ რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული რელიგიური ორგანიზაციები და მოსარჩელე მხარე არსობრივად, საგნობრივად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან სხვა იმ რელიგიურ კონფესიებთან მიმართებით, რომელთაც ტოტალიტარული რეჟიმის შედეგად რელიგიური ნიშნით უშუალოდ და პირდაპირ მიადგათ ზიანი .
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული რელიგიური ორგანიზაციებისგან იგი გამოცალკავებულია რელიგიური ნიშნით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კლასიკურ ნიშანს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ დიფერენციაციის მართლზომიერების შემოწმება უნდა მოხდეს მკაცრი შეფასების ტესტით.
9. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, რელიგიური ორგანიზაციებისათვის ზიანის ანაზღაურებისას დადგენილი დიფერენცირება ყოველგვარ რაციონალურ საფუძველსაა მოკლებული. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სახელმწიფომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ რელიგიურ ორგანიზაციებს დისკრიმინაციულად მიანიჭა უპირატესობა, რითაც დაარღვია სეკულარიზმის პრინციპი.
10. მოსარჩელის განმარტებით, საქართველო წარმოადგენს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს, შესაბამისად, მის მიერ მიყენებული ზიანის აღიარება წარმოადგენს არა კეთილ ნებას, არამედ სამართლებრივ ვალდებულებას, რომელიც დაწესებულია საქართველოს კონსტიტუციის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში.
11. მოსარჩელის განცხადებით, სადავო სიტყვა „სიმბოლური“ არ არის განჭვრეტადი, რადგან არ მოიცავს შესაბამის ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მოხდება მიყენებული ზიანის ოდენობის ანაზღაურება. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო სიტყვა „ნაწილობრივი“ შინაარსობრივად არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი ზიანის სრული ანაზღაურების მოთხოვნას.
12. კონსტიტუციურ საჩელში აღნიშნულია, რომ მიყენებული ზიანის ზუსტი განსაზღვრა ობიექტურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს სახელმწიფოს დაადგინოს ზიანის განსასაზღვრი ობიექტური და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები, რომლის შესაბამისადაც დადგენილი ზიანის ოდენობა უნდა ანაზღაურდეს სრულად და გონივრული ოდენობით.
13. მოსარჩელის აზრით, საკუთრების შეძენის შესახებ პირის ლეგიტიმური მოლოდინი დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ №117 დადგენილების თანდართული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით სახელმწიფო აღიარებს რელიგიური გაერთიანებებისთვის მიყენებულ ზიანს, რამაც მოსარჩელე მხარეს ლეგიტიმური მოლოდინი გაუჩინა იმ ზიანის ანაზღაურების მიმართ, რომელიც მათ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის საქმიანობის შედეგად მიადგათ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკუთრების უფლებაში ჩარევის ობიექტური საფუძველი და ჩარევა არის იმ ინტენსივობის, რაც არღვევს საკუთრების უფლების არსს.
14. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და განაცხადა, რომ სადავოდ ხდიდა გასაჩივრებული №117 დადგენილების თანდართული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვითაც „ოთხი რელიგიური ორგანიზაციის ისლამური, იუდეიური, რომაული-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის თემების გარდა გამორიცხავს სხვა იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ასევე მიადგათ ზიანი“.
15. მოპასუხე მხარის განმარტებით, წარსულში მომხდარ დანაშაულებზე სახელმწიფოს ფართო მიხედულება აქვს, თავად განსაზღვროს პირთა წრე და ზიანის ანაზღაურების ოდენობა. ამასთან, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე არ არის და იმ დროს მიყენებული ზიანისთვის არავითარი ვალდებულება არ ეკისრება. მიუხედავად ამისა, მოპასუხის განცხადებით, სახელმწიფომ გამოიჩინა კეთილი ნება ოთხი რელიგიური გაერთიანებისათვის სიმბოლურად, ნაწილობრივ აენაზღაურებინა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი. ამასთან, მთავრობის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ზიანის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, რის გამოც ხდება მისი სიმბოლურად და ნაწილობრივ ანაზღაურება.
16. მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება რელიგიური ორგანიზაციისთვის ქონების ჩამორთმევა, არამედ აღნიშნულია პირად საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევის შესახებ, რის ანაზღაურებასაც სადავო ნორმები მიზნად არ ისახავს. მოპასუხემ განმარტა, რომ სადავო ნორმებში აღნიშნულია ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციები, რომელთაც საქართველოში გააჩნიათ საკულტო ნაგებობები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი №615 არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
17. სპეციალისტის სტატუსით მოწვეული სახალხო დამცველთან არსებული „ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის განცხადებით, დადგენილებით გათვალისწინებული ოთხი რელიგიური ორგაიზაციის მიღმა დარჩა არაერთი რელიგიური გაერთიანება, რომლებიც ასევე მოღვაწეობდნენ საბჭოთა პერიოდში და მიადგათ მორალური თუ მატერიალური ზიანი. ბექა მინდიაშვილის მოსაზრებით, სახელმწიფო არ უნდა ახდენდეს არცერთი რელიგიური გაერთიანების კომპენსაციას, რადგან საქართველოს არ არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფომ რელიგიური გაერთიანებების მხოლოდ ნაწილისთვის იკისრა კომპენსაციის გადახდა, ეს თანასწორად უნდა მოახდინოს სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართაც.
18. ბექა მინდიაშვილის განცხადებით, საქართველოს სამართლებრივ სივრცეში რელიგიები ტრადიციულობისა თუ სხვა კრიტერიუმის მიხედვით არ არიან დიფერენცირებული და „ორმოცდაათიანელების“ სამართალმემკვიდრეობა მტკიცდება ქრისტიანული მოძღვრებით და იმ ისტორიული ფაქტებით, რომლებითაც დასტურდება 1915 წლიდან ამ სახის პროტესტანტული ეკლესიის შემოსვლა საქართველოში.
19. ექსპერტის სტატუსით მოწვეულმა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნუგზარ პაპუაშვილმა მითითება გააკეთა ისტორიულ წყაროებზე, სადაც გადმოცემული იყო „ორმოცდაათიანელების“ დევნის ფაქტები, კერძოდ იმ ადგილების დარბევა, სადაც აღნიშნული რელიგიის მიმდევარი პირები იკრიბებოდნენ.
20. მოწმის სტატუსით პროცესში ჩართული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, არჩილ მეტრეველის განცხადებით, იმ რელიგიური გაერთიანებების მიმართ, რომლებიც სადავო ნორმებში არ არის მოხსენიებული (მაგალითად, ლუთერანული ეკლესია), მიმდინარეობს საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის აღმოფხვრა. მისი განმარტებით, აღნიშნული დადგენილება არ კრძალავს, რომ სახელმწიფოს მიერ სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართაც გავრცელდეს იგივე პოლიტიკა.
21. არჩილ მეტრეველმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაცია არ ხდება, არამედ სახელმწიფომ მიიჩნია რომ „ორმოცდაათიანელებს“ დღევანდელ მდგომარეობაში საბჭოთა პერიოდში განხორციელებული დევნის გამო გამოუსწორებელი შედეგები არ უდგას, რაც განასხვავებს მას დადგენილებაში მითითებული ოთხი ორგანიზაციისაგან.
22. არჩილ მეტრეველის განცხადებით, №117 დადგენილებით გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერა ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის მიზნად ისახავს მათთვის დაბრუნებული საკულტო ნაგებობების მოყვანას იმ მდგომარეობაში, როგორშიც იგი იქნებოდა საბჭოთა კავშირის დროს რომ არ განხორციელებულიყო დევნა მათ მიმართ. ამასთან, იგი გამიზნულია რელიგიური თემების თვითრეორგანიზებისათვის.
23. 2016 წლის 5 აპრილს მოსარჩელე მხარის სსიპ „სახარების რწმენის ეკლესიის“ წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ წერილობითი შუამდგომლობით მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას. წარმოდგენილი წერილობითი შუამდგომლობის ავტორი ეფექტური სამართალწარმოებისა და სარჩელის დაუშვებლად ცნობის რისკების მინიმიზაციის მიზნით, მოსარჩელე მხარე მიზანშეწონილად მიიჩნევს, სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შუამდგომლობა უკან გამოიხმოს. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ განსაზღვრავს წარდგენილი შუამდგომლობის გამოთხოვის შესაძლებლობას, წესსა თუ პროცედურას, თუმცა თავად შუამდგომლობის წარდგენა წარმოადგენს სამართალწარმოების მონაწილის უფლებამოსილებას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, იმ დრომდე, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისა თუ მიღებაზე უარის თქმის შესახებ, არ არსებობს ზემოხსენებული შუამდგომლობის სასამართლოდან გამოთხოვაზე უარის თქმის საფუძველი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის“ წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №117 დადგენილების თანდართული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სადავოდ ხდიდა გასაჩივრებული დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ოთხი რელიგიური ორგანიზაციის ისლამური, იუდეური, რომაული-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის თემების გარდა გამორიცხავს სხვა იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ასევე მიადგათ ზიანი.
3. უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმის ნორმატიულ შინაარსამდე დავიწროვება სასარჩელო მოთხოვნის შემცირებად მიიჩნევა და ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის შემცირების უკან გამოხმობა არ დაიშვება. (იხ. აღნიშნულ საქმეთა განმწესრიგებელი სხდომის ოქმები „მოსარჩელე ზაურ ელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, „მოსარჩელეები: სულიკო მაშია და რუსუდან გოგია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. „მოსარჩელეები: დარეჯან მთვარელიშვილი, ელენე ფერაძე, ნელი კალანდაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, ზაირა ნატროშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, „ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე სასამართლო იმსჯელებს შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. კერძოდ, სასამართლო მსჯელობა შემოიფარგლება №117 დადგენილების თანდართული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც ოთხი რელიგიური ორგანიზაციის ისლამური, იუდეური, რომაული-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის თემების გარდა გამორიცხავს სხვა იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ასევე მიადგათ ზიანი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
5. №117 დადგენილების თანდართული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეს წესი ვრცელდება საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებზე. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს დადგენილებით დამტკიცებული წესის რეგულირების სფეროს და მიუთითებს იმ რელიგიურ გაერთიანებებზე, რომლებზეც ეს წესი ვრცელდება. სადავო წესი არ შეეხება არცერთ სხვა სუბიექტს, მათ შორის არცერთ სხვა რელიგიურ გაერთიანებას, შესაბამისად, არც ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი გამორიცხავს რომელიმე რელიგიური გაერთიანების, მათ შორის, მოსარჩელეთა მიერ რაიმე ტიპის დაფინანსების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტს არ გააჩნია მოსარჩელეთა მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი და სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას და წარმოდგენილი არგუმენტაცია არ შეეხება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №615 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის და 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან და 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტთან მიმართებით №117 დადგენილების თანდართული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების ,,ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ოთხი რელიგიური ორგანიზაციის ისლამური, იუდეური, რომაული-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის თემების გარდა გამორიცხავს სხვა იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ასევე მიადგათ ზიანი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
7. კონსტიტუციური სარჩელი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
8. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. კანონის აღნიშნული დებულება „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში „actio popularis“ შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს აქვს შესაძლებლობა, იდავოს მხოლოდ უშუალოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე და არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „...მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება "ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
10. მოსარჩელე ითხოვს თანდართული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვის „ნაწილობრივ“ და ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „და ამდენად ზიანის ანაზღაურება ხორციელდება სიმბოლურად“. როგორც აღინიშნა, თანდართული წესი ვრცელდება მხოლოდ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებზე. ზემოთდასახელებული სადავო ნორმები არეგულირებს აღნიშნული რელიგიური გაერთიანებებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს და მიუთითებს, რომ ეს ანაზღაურება ხორციელდება „ნაწილობრივ“ და „სიმბოლურად“.
11. მოსარჩელე არ წარმოადგენს რომელიმე დასახელებული აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებას და, შესაბამისად, მასზე საერთოდ არ ვრცელდება სადავო ნორმების მოქმედება. შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული „ნაწილობრივ“ და „სიმბოლური“ ანაზღაურების წესი ვერ დაარღვევს მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გარანტირებულ უფლებებს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №615 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №117 დადგენილების თანდართული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვის „ნაწილობრივ“ და ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „და ამდენად ზიანის ანაზღაურება ხორციელდება სიმბოლურად“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N615 კონსტიტუციური სარჩელი („სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი