საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/1/619 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 22 იანვარი 2015 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც უგულებელყოფს გამართლებულის მიერ განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №619) მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი და გიორგი შავლიაშვილი). კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 22 იანვარს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლი ადგენს, რომ საკასაციო საჩივრის სუბიექტები არიან ამავე კანონის 518-ე მუხლში მითითებული პირები. 518-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ: სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულს, დამცველს, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენლებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
5. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ 2014 წლის 22 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა საქმის წარმოება გამართლებულების - თორნიკე ცხადაიას, თამაზ ქანთარიასა და მათი ადვოკატის მირიან ნიკოლაძის საკასაციო საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ოქტომბრის განაჩენით თორნიკე ცხადაია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენის საფუძველზე, თამაზ ქანთარია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი სს ,,ზუგდიდვაჭრობის“ და შპს ,,ჯგუფი მე-7 კონტინენტის“ ობიექტები მსჯავრდებულებს ჩამოერთვათ და გადაეცა საკუთრებაში სახელმწიფოს. აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი თორნიკე ცხადაიასა და თამაზ ქანთარიას ნაწილში და ისინი გამართლდნენ, თუმცა ამავე განაჩენის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო, დავა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მოსარჩელეებს განემარტათ, რომ უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ–ის 219–228–ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეებმა, თავიანთ ადვოკატთან ერთად, საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განაჩენი მხოლოდ ნივთმტკიცების ნაწილში და მოითხოვეს ჩამორთმეული ქონების დაბრუნება.
9. წარდგინების ავტორის მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე, გამართლებულ პირს ეკრძალება სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შეტანა, რაც ზღუდავს მის კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ გამართლებულ პირს, მიუხედავად მისი უდანაშაულოდ ცნობისა, შესაძლებელია, ჰქონდეს გარკვეული ინტერესი, რომ საქმე გადაისინჯოს ზემდგომ სასამართლოში. გარდა ამისა, გადასინჯვის მოტივი შეიძლება გახდეს ნებისმიერი გარემოება, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება პირის მიერ დანაშაულის ჩადენას თუ ჩაუდენლობას, არამედ სხვა ისეთ საკითხებს, რომლებიც ეხება მის ინტერესებს, რომლებიც განაჩენის ნაწილია და რომელთა გადაწყვეტაც სწორედ განაჩენით განხორციელდა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს გამართლებული პირის მიერ განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
11. წარდგინების ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ საქმეზე კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, გამართლებულ პირს შესაძლებლობა არ აქვს, სააპელაციო და საკასაციო წესით გაასაჩივროს განაჩენი, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს. ამასთან, კონსტიტუციური წარდგინების შესაბამის ნაწილში დავის საგანი დაკონკრეტებული და მითითებულია, რომ წარდგინების ავტორი სადავო ნორმებს ასაჩივრებს მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც გამართლებული პირის მიერ განაჩენის გასაჩივრების საკითხებს არეგულირებს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარდგინებით მიმართა 2014 წლის 25 დეკემბერს, ხოლო 2014 წლის 24 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალოგიური შინაარსის კონსტიტუციური წარდგინება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება № 3/3/601) და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უგულებელყოფს გამართლებული პირის მიერ განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას და ამავე კოდექსის 546-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უგულებელყოფს გამართლებული პირის მიერ განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. ამდენად, N619 კონსტიტუციური წარდგინებით გათვალისწინებული ყველა საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რაც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველს წარმოადგენს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის და პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის №619 კონსტიტუციური წარდგინება (საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს პარლამენტს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი