შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1483 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი |
თარიღი | 14 თებერვალი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს საარჩევნო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი: „აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები. “ ის ნორმატიული შინაარსი, რაც საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებას უკრძალავს ინტერნეტ და ბეჭდურ მედიას, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფოსაგან კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე; ასევე ის ნორმატიული შინაარსი, რაც ბეჭდური და ინტერნეტ-მედიისაგან ითხოვს არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას გამოკითხვის დამკვეთზე ინფორმაციის გამოქვეყნებას. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მესამე პუნქტი: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია.ცენზურა დაუშვებელია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეოთხე პუნქტი: „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.“
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეხუთე პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ |
საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლი: „კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ სამართალდარღვევის სუბიექტად მოიაზრებს ინტერნეტ და ბეჭდურ მედიას. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მესამე პუნქტი: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია.ცენზურა დაუშვებელია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეოთხე პუნქტი: „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.“
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეხუთე პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ |
საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი: „ამ კანონის 82-ე და 83-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.“ ის ნორმატიული შინაარსი, რაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებას აძლევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინოს ბეჭდური და ინტერნეტ მედიის მიმართ საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მესამე პუნქტი: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია.ცენზურა დაუშვებელია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეოთხე პუნქტი: „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეხუთე პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
მოსარჩელე, „საინფორმაციო ცენტრების ქსელს“ ეკუთვნის ინტერნეტ-გამოცემა region.info.ge. 2019 წლის 19 მაისს ლაგოდეხში, მარტვილში და ადიგენში ჩატარდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები (http://cesko.ge/geo/static/3235/archevnebis-shedjameba). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილებაში (ასლი იხილეთ დანართის სახით) აღნიშნულია: „საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის მიერ 2019 წლის 24 მაისს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #000302 მასზედ, რომ 2019 წლის 19 მაისს შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში შ.პ.ს. „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ მიერ დაირღვა საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი, კერძოდ, ონლაინ-გამოცემის ვებ-გვერდზე „reginfo.ge” 2019 წლის 17 მაისს 14:45 საათზე, გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რაც აკრძალული იყო კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში.“
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოსარჩელის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმზე იმსჯელა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც 2019 წლის 29 ივლისს მიღებული დადგენილებით შ.პ.ს. „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ სამართალდარღვევად სცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. მოსარჩელე როგორც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლოში აცხადებდა, რომ სადავო ნორმა: საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ონლაინ-მედიაზე არ ვრცელდებოდა.
თავდაპირველად გურჯაანის რაიონულმა თავის დადგენილებაში დააციტირა საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი: „აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები.“ ამის შემდეგ, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოახდინა აღნიშნული ნორმის ანალიზი და დაადგინა, რომ ნორმის სუბიექტია განურჩევლად ყველა მედია საშუალება - ჟურნალ-გაზეთი, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტ-მედია. კერძოდ დადგენილებაში აღნიშნულია: „ამდენად ხსენებული ნორმით აკრძალულია ნორმაშივე მითითებული ქმედებას განხორციელება. საარჩევნო კოდექსი იცნობს საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტთა ფართო წრეს, თუმცა ხსენებულ ნორმაში არ უთითებს, რომ მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პირს/პირებს ეკრძალებათ ნორმაში აღწერილი წესით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
რადგან 50-ე მუხლის რეგულირების სფეროა მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება, იმავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების შეზღუდვის საფუძველებს. მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების შეზღუდვის საფუძვლებს ითვალისწინებს ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 მე-4 ნაწილები, თუმცა ხსენებულ მუხლებში კონკრეტულად არის მითითებული მედიის ის წარმომადგენლები, რომელთაც ეს კონკრეტული აკრძალვები ეხებათ.
ამდენად, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლი ითვალისწინებს მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებებს. მუხლის პირველი-მე-4 ნაწილები ითვალისწინებენ მედიის ზოგიერთი სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების რეგულირებებს, ხოლო მე-5 ნაწილი საერთოა მედიის ყველა წარმომადგენელისათვის.
მედიის ცნებას ადგენს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი. ხსენებული კანონის პირველი მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედია არის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის ინტერნეტი...
სასამართლო აღნიშნავს, რომ საარჩევნო კოდექსის მიზნებისათვის მედიის ცნება საარჩევნო კოდექსით ცალკე განსაზღვრული არ არის. კოდექსის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტი იხსენიებს მედიას, რომელიც ამავე ნორმით გაიგივებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან. ამდენად ხსენებული ნორმა შესაბამისობაშია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონთან.“
იმის გამო, რომ სადავო ნორმა ყველას, მათ შორის ინტერნეტ მედიას უკრძალავდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში, ხოლო მოსარჩელემ ამგვარი კვლევა გამოაქვეყნა კენჭისყრამდე 32 საათით ადრე, გურჯაანის სასამართლომ ჩათვალა, რომ „საინფორმაციო ცენტრების ქსელმა“ დაარღვია საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი. ამ უკანასკნელის დარღვევა (კენჭისყრამდე 48 საათით ადრე მედიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნება) ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლით. შესაბამისად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო „საინფორმაციო ცენტრების ქსელი,“ თუმცა შემოიფარგლა სამართალდამრღვევისათვის შენიშვნის გამოცხადებით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს დადგენილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილებაში აღნიშნულია: „პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზედ რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ იყო უფლებამოსილი, ონლაინ მედიისათვის შეედგინა სამართალდარღვევის ოქმი და აღნიშნავს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 82-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია...”
თბილისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებაში ასევე აღნიშნულია: „სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, კანონის განმარტებისას მნიშვნელოვანი იყო მისი მიზანი, კერძოდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვა - არჩევნებამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნების თაობაზე, ემსახურებოდა საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის პრევენციას. შესაბამისად, ონლაინ გამოცემა, რომლის როლი ინფორმაციის გავრცელების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია, ექვემდებარება ზემოაღნიშნულ შეზღუდვას.“
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2019 წლის 24 მაისს შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ მიმართ, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების საფუძველზე, შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #000302 საქართველოს საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად. შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი,“ რომელმაც ონლაინ გამოცემის ვებ-გვერდზე reginfo.ge 2019 წლის 17 მაისს 14:45 საათზე გამოაქვეყნა ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შესახებ, წარმოადგენს ხსენებული ნორმით გათვალისწინებულ სუბიექტს. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სამართალდარღვევის ოქმი და საქმის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ დარღვეულია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესები შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ მიერ.“
ამგვარად, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის ყველა მედიაზე, მათ შორის ინტერნეტ და იმ ბეჭდურ მედიაზე გავრცელებით, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შეილახა მომჩივანის კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება. იმ პირობებში, როდესაც გამართლებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან ისეთი მედიუმის კონტროლი, როგორიცაა ტელევიზია და რადიო, მათ შორის, წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი კვლევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, დემოკრატიულ საზოგადოებაში არავითარ აუცილებლობას არ წარმოდგენს ამგვარი კონტროლის განხორციელება მოხდეს ბეჭდური და ინტერნეტ მედიის მიმართ. ამგვარად, სადავო ნორმამ უკვე შელახა მოსარჩელის უფლებები, რაც ეხება კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი კვლევის გამოქვეყნების აკრძალვის ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რჩება უფლებამოსილება, სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინოს მოსარჩელეს, როგორც ინტერნეტ-მედიის გამომცემელს, თუკი საარჩევნო პერიოდში მოსარჩელე არ მიუთითებს საზოგადოებრივი აზრის დამკვეთის ვინაობას, სადავო ნორმამ შესაძლოა შელახოს მოსარჩელის უფლებები. ამგვარად, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ უფლებამოსილია იდავოს, გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-17 მუხლით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია ორგანული კანონი, რომელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გასაჩივრებისაგან დამოუკიდებლად;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.სადავო ნორმატიული შინაარსი
ამ დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბეჭდურ და ონლაინ მედიას ეკრძალება კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში ან კენჭისყრის დღის 20 საათამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება. ასევე დავის საგანია ის რომ არჩევნების დანიშვნიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე ბეჭდურ და ინტერნეტ-მედიას ეკისრება ვალდებულება, კვლევასთან ერთად მიუთითოს ამ კვლევის შემკვეთის ვინაობა და გამოკითხვის ჩატარების სხვადასხვა დეტალები. თუ ბეჭდური და ინტერნეტ მედიები ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, მათი ქმედება ქმნის საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენლობას. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ბეჭდურ და ონლაინ მედიას გააჩნია სამაუწყებლო (ტელევიზია და რადიო) მედიისაგან განსხვავებული სპეციფიკა და ამ მედიუმისათვის მსგავსი აკრძალვის დაწესება არის გამოხატვის თავისუფლების ისეთი შეზღუდვა, რაც არ არის აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში. ამასთან სადავო ნორმები ინტერნეტ და ბეჭდურ მედიას აქცევენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კონტროლის სფეროში, იმით, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ენიჭება ბეჭდური და ინტერნეტ-მედიის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ეს მაშინ, როცა ამ კომისიის ფუნქცია სატელევიზიო და რადიოსადგურების რეგულირებით უნდა შემოიფარგლებოდეს, ვინაიდან მხოლოდ სამაუწყებლო მედიის მიმართ აქვს კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას ლიცენზიის და ავტორიზაციის ფუნქცია.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას.“ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ლიბერთი ბანკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-16 პუნქტში აღნიშნულია:
„სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა. თუმცა ამ ზოგადი წესიდან შეიძლება რამდენიმე გამონაკლისი არსებობდეს, მათ შორის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება, რომ ერთი და იგივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები წინააღმდეგობრივია. ასეთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, რომ საერთო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შინაარსი საბოლოოდ განისაზღვრა. ნორმის განმარტების არაერთგვაროვანი პრაქტიკა შესაძლოა ასევე ნორმის ბუნდოვანებაზე და მის არაკონსტიტუციურობაზეც მიუთითებდეს. გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე უფლებამოსილია, არ მიიღოს საერთო სასამართლოს მიერ შემოთავაზებული განმარტება, თუ ის აშკარად არაგონივრულია.“
საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმის განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნორმა ვრცელდება ონლაინ მედიაზე, არაგონივრული არ არის ორი მიზეზის გამო: პირველი, ეს განმარტება დაადასტურა სააპელაციო სასამართლომ, რომელიც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოო ინსტანციის სასამართლო. მეორე, ეს განმარტება ეფუძნება სადავო ნორმის გონივრულ წაკითხვას. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლი დასათაურებულია, როგორც მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების რეგულირება. ტერმინი „მედიის“ განმარტებისას გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის განმარტება, რომელიც მედიაში მოიაზრებს, მათ შორის ინტერნეტსაც. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ თავად სადავო საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილში სუბიექტი, რომელზეც ნორმით დაწესებული შეზღუდვები და აკრძალვები ვრცელდება, არ არის ნახსენები. ეს მაშინ, როცა ამავე მუხლის პირველი პუნქტი, როცა საუბრობს წინასაარჩევნო რეკლამასა და აგიტაციაზე, ახსენებს იმას, რომ ამ ვალდებულების სუბიექტია სამაუწყებლო მედია. სუბიექტს კონკრეტულად ასახელებს საარჩევნო კოდექსის 50 მუხლის მეორე ნაწილიც, რომელიც ადგენს იმას, რომ ბიუჯეტიდან დაფუძნებულმა გაზეთებმა თანაბრად უნდა გამოყონ ფართობი საარჩევნო სუბიექტებისათვის. ამავე მუხლის მე-50 მუხლის მე-3 პუნქტი ამგვარი ნეიტრალურობის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს კერძო საკუთრებაში არსებულ ბეჭდურ მედიას. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლში არსებული ყველა სხვა პუნქტებისაგან განსხვავებით, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი ასე კონკრეტულად არ საუბრობს იმ მედია საშუალებაზე, რომელზეც ვრცელდება ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვა. ამ გარემოებამ გურჯაანის რაიონულ სასამართლოს აფიქრებინა, რომ ვინაიდან სადავო ნორმაში კონკრეტულად არ არის ნახსენები სუბიექტი, მას უნდა ეხელმძღვანელა სათაურით, სადაც ნახსენებია სიტყვა „მედია.“ მედიაში მოაზრებული იქნა ინტერნეტიც, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად.
ეს განმარტება გაკეთებულია ნორმის განმარტების დასაშვები მეთოდოლოგიის გამოყენებით, არის ლოგიკური და გონივრული, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ნორმის ამ შინაარსით განმარტება სრულად გაიზიარა ზემდგომმა, ინსტანციის სასამართლომაც. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს განმარტება უნდა მიიღოს არსებულ მოცემულობად. როგორც საქმეში ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ პლენუმის მიერ მიღებულ განჩინების მეორე თავის მე-4 პუნქტშია მითითებული: „მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსი ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება...“ ამ საქმის ფარგლებში სადავო ნორმას აქვს შემდეგი ნორმატიული შინაარსი: კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და ხმის მიცემის დასრულებამდე, კენჭისყრის დღის 20 საათამდე, ბეჭდურ და ინტერნეტ-მედიას ეკრძალება საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნება. ამავე მედია საშუალებებს არა აქვთ შესაძლებლობა, არჩევნების დანიშვნიდან ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, ისაუბრონ საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე, დამკვეთისა და შესაძლო ცდომილების გარეშე. ბეჭდური და ინტერნეტ მედიისათვის როგორც ზემოხსენებული აკრძალვა-შეზღუდვის დაწესება, ასევე ამ მოთხოვნის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება, ისევე როგორც მათი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროში მოქცევა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე პუნქტებს. შემდეგ თავში ვისაუბრებთ, სადავო ნორმას კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების რომელ უფლებრივ კომპონენტთან აქვს მიმართება.
2) კონსტიტუციის მეორე, მესამე და მეოთხე მუხლით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუცია სხვადასხვა მუხლით იცავს გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა კომპონენტს გარდა, მე-17 მუხლისა, გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა ასპექტები დაცულია კონსტიტუციის მე-20, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-11 პუნქტში აღნიშნა: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს ფარგლების სწორად იდენტიფიცირების და ერთმანეთისაგან გამიჯვნის მნიშვნელობას საქართველოს კონსტიტუციის ჯეროვანი განმარტებისათვის. სასამართლოს მითითებით „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს.“ იმის გათვალისწინებით, რომ გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა ასპექტები დაცულია კონსტიტუციის მე-17 მუხლის სხვადასხვა პუნქტში, საჭიროა გაიმიჯნოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 მუხლით დაცული სფერო. რაც შეეხება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილი ეს უკანასკნელი ადგენს გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას და ეს უკანასკნელი გამოიყენება გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერ კომპონენტის შეზღუდვისას (mutatis mutandis მოძრაობა ,,ერთიანი საქართველოსთვის,” ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია,” ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-5 პუნქტი).
კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრის გავრცელება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით ინფორმაციის გავრცელება. სადავო ნორმაში მართალია მედიას ეკრძალება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება, თუმცა სადავო ნორმის შემთხვევაში სახეზე გვაქვს არა აზრის, არამედ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვასთან. საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ჩვეულებრივ ასახულია ამომრჩეველთა განწყობა, ინფორმაცია პარტიების რეიტინგის, ამომრჩეველთა პროცენტებში გამოხატული რიცხვი იმასთან დაკავშირებით, რომელ საარჩევნო სუბიექტს რამდენი მხარდამჭერი ჰყავს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2004 წლის 11 მარტს საქმეზე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში ერთმანეთისაგან გაიმიჯნა აზრი და ფაქტი (ინფორმაცია კონსტიტუციის ახალი რედაქციით). ამ გადაწყვეტილების მიხედვით:
„აზრი – ეს არის ადამიანის პირადი, სუბიექტური შეფასება ამა თუ იმ მოვლენის, იდეის, ფაქტისა თუ პიროვნების მიმართ. სპეციალისტი კ. კორკელია აღნიშნავს, რომ „აზრი (მოსაზრება, შეხედულება) ადამიანის შეფასებითი მსჯელობის შედეგია და მისი მართებულობა, სისწორე თუ მცდარობა ინდივიდის პირად წარმოდგენაზეა დამოკიდებული... იგი არ ექვემდებარება მტკიცებას, ვინაიდან არის მსჯელობის, შეფასების შედეგი;“
„ფაქტები არის რეალურად, ნამდვილად მომხდარი საგნები, მოვლენები ან გარემოებები, რომლებიც შეიძლება იყოს მცდარი ან მართალი, სწორი. აქედან გამომდინარე, ფაქტები ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებს.“
სადავო ნორმით ხდება ფაქტების (ინფორმაციის) და არა აზრის გავრცელების შეზღუდვა. ჩვეულებრივ რიცხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი მხარდამჭერი ჰყავს პარტიას, არის რეალურად მომხდარი მოვლენა, საგანი, რომლის სინამდვილის ან მცდარობის მტკიცებაც შესაძლებელია. აქვე აღსანიშნავია თავად სადავო ნორმის სიტყვასიტყვითი ანალიზიც, სადავო ნორმით მედიას ეკისრება ვალდებულება მიუთითოს კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია და ცდომილების ფარგლები. მეთოდოლოგია არის მტკიცებულება, რითაც ინფორმაციის სიზუსტე შეიძლება შემოწმდეს, ხოლო სიტყვა ცდომილება ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ სადავო ნორმა ეხება ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს მცდარი და აზრს, რომლის მართებულობის მტკიცებაც შეუძლებელია. ვინაიდან სადავო ნორმა კენჭისყრამდე 48 საათიდან და არჩევნების დამთავრებამდე 20 საათამდე სრულად კრძალავს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას გავრცელებას, ხოლო არჩევნების დანიშნიდან ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე მხოლოდ განსაზღვრული ფორმით ზღუდავს ამ ინფორმაციის ინტერნეტ და ბეჭდური მედიით გავრცელებას, სახეზეა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სფეროში ჩარევა.
სადავო ნორმა არ ზღუდავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ერთი მოქალაქის მიერ ქუჩაში საზოგადოებრივი აზრის კვლევის თაობაზე ბუკლეტების დარიგებას კენჭისყრამდე 48 საათიდან 20 საათამდე ან არჩევნების დანიშვნიდან ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოცახადებამდე. მოქალაქეს შეუძლია იმავე ქმედების განხორციელება აღნიშნულ პერიოდში საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც ან ფეისბუქის როგორც ღია, ისე დახურულ ჯგუფებში. სადავო ნორმა მიემართება კონკრეტული ფორმით ორგანიზებულ მედიას (ტელევიზიას, რადიოს, ონლაინ-გამოცემას, გაზეთსა და ჟურნალს ანუ სარედაქციო პასუხისმგებლობით მოქმედ ორგანიზაციას და არა ჩვეულებრივ მოქალაქეს ან პოლიტიკოსს). ინფორმაციის გამავრცელებელი სპეციალური სუბიექტის გამოხატვის თავისუფლება დაცულია კონსტიტუციის სპეციალური - მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით, სადაც აღნიშნულია: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია.“ ეს ნორმა როგორც ბეჭდურ, ისე ინტერნეტ-მედიას ანიჭებს უფლებას, დამოუკიდებლად გადაწყვეტოს, როდის და რა ფორმით გაავრცელოს ესა თუ ის ინფორმაცია. სადავო ნორმა კი მედიის ამ თავისუფლებას ზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას დროის თვალსაზრისით (საზოგადოებრივი აზრის კვლევების გავრცელება კენჭისყრის დაწყებამდე 48 საათიდან კენჭისყრის დამთავრებამდე) და მანერის თავალსაზრისით (სხვა პერიოდში მედიას არ შეუძლია საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნება, თუკი არ იქნება დეტალური ინფორმაცია მითითებული კვლევის დამკვეთთან, მეთოდოლოგიასთან და ცდომილებასთან დაკავშირებით). ვინაიდან ნორმით დაწესებული შეზღუდვა მიემართება კონკრეტულ სუბიექტს - მედიას და ეს შეზღუდვა არ მოქმედებს მოქალაქესთან, პოლიტიკურ პარტიებთან, ისეთ არაკომერციულ და კომერციულ იურიდიულ პირზე, რომელსაც არა აქვს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემა, ამით სადავო ნორმა ზღუდავს სწორედ კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით საგანგებოდ გარანტირებულ მედიის თავისუფლებას.
ამასთან კანონმდებლობის, პირველ რიგში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით შესაძლებელია იმ სუბიექტის ანალიზი, რომელიც შეიძლება მედიაც ჩაითვალოს. ასეთად მიიჩნევა სუბიექტი, რომელიც ფლობს მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვით ან ელექტრონულ საშუალებას („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი). ინფორმაციის გამავრცელებლის მედიად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს რედაქცია, რომელიც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარგებლობს დამოუკიდებლობით, ასევე რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლი არეგულირებს ჩხრეკის სპეციფიკურ წესებს. ამასთან ინფორმაციის გავრცელება უნდა იყოს კონკრეტულ სუბიექტთან დასაქმებული პირებისათვის პროფესია, იმისათვის, რომ პირმა ისარგებლოს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრივილეგიით. ინფორმაციის გავრცელების პროფესიად მიჩნევა თავის თავში გულისხმობს, რომ მედიის მიზანი უნდა იყოს მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით ინფორმაციის არაერთჯერადი გავრცელება. როცა შეზღუდვა ამ ნიშნის მატარებელ პირებს ან მათ დამსაქმებელს მიემართება, სახეზეა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეზღუდვა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ცალკე გამოიყო ინტერნეტის თავისუფლება. სადავო ნორმა ეხება ონლაინ გამოცემასაც, ანუ გამოცემას, რომელიც პერიოდულად და არა ერთჯერადად განათავსებს ინფორმაციას ინტერნეტ პლათფორმაზე. ამით სადავო ნორმა იჭრება ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლებაში, რაც ყველასთვის გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეოთხე პუნქტით. ამ ნორმასთან მიმართებაში ვითხოვთ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას იმ ნორმატიული შინაარსით, რაც მიემართება ინტერნეტმედიას. ბეჭდურ მედიასთან მიმართებაში გამოყენებული უნდა იქნეს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მესამე პუნქტი, რაც ეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.
3) ლეგიტიმური მიზანი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-17 პუნქტის თანახმად: ,,გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება დაექვემდებაროს ცალკეულ შეზღუდვებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ ამავე გადაწყვეტილების მე-18 პუნქტში აღნიშნულია: „თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, უფლების შეზღუდვის გასამართლებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია.“ ქათამაძის საქმის მე-19 პუნქტის თანახმად: „საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სახეზე ისეთი ლეგიტიმური მიზანი, რომლის მისაღწევადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დასაშვებია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.“
შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი დასახელებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებაში, სადაც ნათქვამია: „სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, კანონის განმარტებისას მნიშვნელოვანი იყო მისი მიზანი, კერძოდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვა - არჩევნებამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნების თაობაზე, ემსახურებოდა საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის პრევენციას. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთებისათვის მსგავსი აკრძალვების დაწესების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ინტერესი. ეს აკრძალვა თანაბრად შეიძლება მიემართებოდეს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ონლაინ გამოცემებს. ამის მიუხედავად, ამ საქმეში სადავოა კერძო ფიზიკური ან იურიდიული საკუთრებაში არსებულ ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემებზე საზოგადოებრივი აზრის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ამიტომ საბიუჯეტო რესურსების ხარჯვისას პოლიტიკური ნეიტრალობის დაცვა ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნება კერძო პირების საკუთრებაში არსებული ბეჭდური გამოცემისათვის მსგავსი შეზღუდვის დაწესების საფუძველი. სახელმწიფოს არა აქვს ლეგიტიმური ინტერესი, უზრუნველყოს კერძო ბეჭდურ გამოცემებში პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფა, სხვაგვარად პარტიული გაზეთები ასევე პარტიების ვებ-გვერდები, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, კანონის მიღმა აღმოჩნდებიან. ამის გამო რჩება ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი - საზოგადოებრივი აზრის კვლევების საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის პრევენცია. ეს უკანასკნელი შეიძლება მივიჩნიოთ კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ ლეგიტიმურ მიზნად როგორიცაა სხვათა, ამ შემთხვევაში ამომრჩეველთა, ინტერესის დაცვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 11 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მეორე თავის 44-ე პუნქტში განაცხადა: „სახელმწიფოს მიერ მაუწყებლის რეგულირება უნდა განხორციელდეს გამოხატვის თავისუფლების იმგვარი შეზღუდვით, რომელიც აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს ლოგიკურად არ უკავშირდება - შეზღუდვა გაუმართლებელია. მხოლოდ ასეთი კავშირის არსებობის შემთხვევაში გადადის სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ საფეხურხე დაცულია თუ არა პროპორციულობა ინდივიდის უფლებასა და საჯარო ინტერესებს შორის … კონსტიტუციის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის არსებობა არ არის საკმარისი, აუცილებელია შეზღუდვა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და ვიწროდ პროპორციული. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ შეზღუდვა გამოუსადეგარია, ქვემოთ მხოლოდ თანაზომიერების ეს საფეხური იქნება განხილული.
4) გამოსადეგობა
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა ერთნაირ შეზღუდვას უწესებს ჟურნალ-გაზეთებს, რადიოს, ტელევიზიას და ინტერნეტ გამოცემებს. სიტყვის თავისუფლების ფარგლები განსხვავებული იყო და არის აღნიშნულ მედია-საშუალებებში. ტელევიზიებსა და რადიოში სიტყვის თავისუფლების დაცვის ფარგლები ყოველთვის უფრო ნაკლები იყო ვიდრე ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტში. დიდი ხნის განმავლობაში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად საჭირო იყო ლიცენზიის აღება, დღეს სატელევიზიო მაუწყებლობა ავტორიზაციის გზით ხდება, ხოლო რადიო კვალავაც ლიცენზირების ობიექტია. ლიცენზირებას თან მოჰყვებოდა სახელმწიფოს სახელით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან სატელევიზიო და რადიო მედიის რეგულირება მის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტში. არც ლიცენზია, არც ავტორიზაცია და არც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან რაიმე ტიპის სანქციები არასოდეს იყო ნებადართული ბეჭდური და ინტერნეტ-მედიის მიმართ. სახელმწიფოს განსხვავებული დამოკიდებულება, ერთი მხრივ, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლის, მეორე მხრივ, ბეჭდურ მედიას შორის ახსნილია აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 1969 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე (RED LION BROADCASTING CO., Inc., etc., et al., Petitioners, v. FEDERAL COMMUNICATIONS COMMISSION https://www.law.cornell.edu/supremecourt/text/395/367#fn2). ეს გადაწყვეტილება ეხებოდა კომუნისტებთან აფილირებულ პირზე რადიოს ეთერში ნეგატიური პროგრამის მომზადებას, როდესაც ამ გადაცემის ადრესატს რადიოსადგურმა არ მისაცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. კომისიამ დაავალდებულა მაუწყებელი მიეცა მომჩივანისათვის პასუხის გაცემის უფლება, ვინაიდან ეს აუცილებელი იყო სამართლიანობის პრინციპის უზრუნველსაყოფად.
ეს დავა რადიოსადგურ RED LION-სა და კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას შორის გასაჩივრდა აშშ-ს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც დეტალურად ისაუბრა სამაუწყებლო მედიის რეგულირებაზე და ამ რეგულაციების შედარებაზე იმ შეზღუდვებზე, რაც შეიძლება დაუწესდეს ბეჭდურ მედიას. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა: „1927 წლამდე აშშ-ში რადიო სიხშირეთა განაწილებას აწარმოებდა კერძო სექტორი, რამაც გამოიწვია ქაოსი. მალე ნათელი გახდა ის, რომ სიხშირეები წარმოადგენენ იშვიათ და ამოწურვად რესურსს, რომელთა რაციონალური გამოყენების რეგულირება უნდა მომხდარიყო სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გარეშე ერთ სიხშირეზე მაუწყებელი სიგნალები ერთმანეთს დაეჯახებოდნენ და სხვადასხვა ხმები წარმოშობდნენ გაუგებარ ხმაურს. არც ერთი ხმა არ იქნებოდა გასაგები და აღსაქმელი აუდიტორიის მიერ. კონკურენტებს შორის სიხშირეთა გადანაწილებისათვის შეიქმნა კომუნიკაციების კომისია, იმისათვის, რომ ამ პროცესში კომისიას ემოქმედა საზოგადოების კეთილდღეობის, საზოგადოებრივი ინტერესებისა და აუცილებლობიდან გამომდინარე. მას შემდეგ, რაც კერძო პირებს შორის სიხშირეთა გადანაწილების უფლებამოსილება დაეკისრა სახელმწიფოს, დღის წესრიგში დადგა საკითხი იმის შესახებ, თუ რის გამო უნდა გადაეცა სიხშირე სახელმწიფოს ერთ პირსათვის და უარი ეთქვა მეორისათვის. ძირითადი პრინციპები, რაც სიხშირით მოსარგებლე პირთა სელექციისას გამოიყენებოდა იყო ის, თუ მაუწყებლობის რომელი პრეტენდენტი უკეთ დაიცავდა საზოგადოების ინტერესებს და რამდენად ადეკვატურად ასახავდა საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ ინტერესებსა და მოსაზრებებს.”
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ RED LION-ის საქმეში ასევე განაცხადა: ,სამაუწყებლო სიხშირეები შეზღუდულია და ამის გამო ისინი საზოგადოების საკუთრებას წარმოადგენენ. ყველა ლიცენზიანტი, რომელსაც გაუმართლა და მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა, ვალდებულია, იმოქმედოს საზოგადოებრივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ეკისრება ვალდებულება, წარმოადგინოს საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხები სამართლიანად და მიუკერძოებლად.”
ასეთივე პოზიცია ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-40 პუნქტში საქმეზე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ: „სიხშირული სპექტრით სარგებლობის საკითხის გადაწყვეტისას, სახელმწიფო შედარებით ფართო დისკრეციით სარგებლობს, ვინაიდან სიხშირე თავისთავად საზოგადოებრივ საკუთრებას წარმოადგენს და, ამდენად, მისი განკარგვის უფლებამოსილება სახელმწიფოს გააჩნია. სახელმწიფო საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად განკარგავს მის საკუთრებაში არსებულ შეზღუდულ რესურსს - სიხშირულ სპექტრს. საზოგადოების ინტერესს კი, მათ შორის, მის საკუთრებაში არსებული რესურსის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება წარმოადგენს.“
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ RED LION-ის საქმეში განაცხადა: ,,როდესაც ინდივიდების რაოდენობა, რომელთაც სურთ მაუწყებლობა, აჭარბებს იმ სიხშირეების რაოდენობას, რომელიც, მათ შორის, უნდა განაწილდეს მაუწყებლობის დასაწყებად, არასწორია, იმის თქმა, რომ მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლება ისევეა დაცული, როგორც იმ ინდივიდის, ვინც თავის აზრს გამოხატავს ზეპირი საუბრის, წერის და ბეჭდური სიტყვის მეშვეობით. თუკი მაუწყებლობისათვის დარჩენილია 10 სიხშირე და მაუწყებლობის დაწყება სურს 100 პირს, ყველა მათგანს აქვს ერთნაირი უფლება ლიცენზიაზე. მაგრამ იმისათვის, რომ რადიოს მეშვეობით კომუნიკაცია გასაგები იყოს, ამ 100-დან მხოლოდ ზოგიერთს უნდა მიეცეს ლიცენზია, ხოლო სხვები რადიოტალღებთან წვდომის გარეშე უნდა დარჩნენ. გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგო ის იქნებოდა, რომ რადიოს მეშვეობით გასაგები და აღქმადი კომუნიკაციის დასამყარებლად, ხელისუფლებას არ ჰქონდეს, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიების გაცემის და ქაოსის გამომწვევი ერთი და იმავე სიხშირის რამდენიმე პირის მიერ ერთდროული გამოყენების შემთხვევების აღკვეთის შესაძლებლობა. დღეს მოცემულობა ისეთია, რომ რამდენიმე სადგურის მიერ ერთი და იმავე სიხშირის მაუწყებლობისათვის გამოყენება გაუგებარს ხდის სიხშირიდან ერთდროულად განხორციელებულ ყველა კომუნიკაციას, წარმოქმნის რა უსიამოვნო ხმებს რადიოტალღაზე.”
იმის გამო, რომ სიხშირე პირთა შეზღუდული წრის ხელში აღმოჩნდა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციას წარმოადგენს, უზრუნველყოს, რომ ამ სიხშირეებზე საზოგადოებრივი აზრის ფართო სპექტრი იტოს წარმოდგენილი. სხვადასხვა ურთიერთდაპირისპირებული ინტერესების გაშუქების ვალდებულებას სამართლიანობის დოქტრინა ეწოდა და მის აღსრულებას ტელევიზიასა და რადიოში კომუნიკაციების ეროვნული კომისია აკონტროლებდა. კომისია ასევე აკონტროლებდა იმ პირის მიერ პასუხის გაცემის უფლების რეალიზებას, რომელიც გახდა მაუწყებლის მხრიდან პერსონალური თავდასხმის ობიექტი. ამის გარეშე, პირთა ვიწრო ჯგუფს, რომელსაც კონკურსის გზით გადაეცა შეზღუდული სიხშირეთა სპექტრი, შესაძლებლობა ექნებოდათ ერთი საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინათ საზოგადოებრივ აზრზე და ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე. როგორც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ RED LION-ის საქმეში განაცხადა: ,,სამართლიანობის დოქტრინის გარეშე მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელს შეუძლია, ეთერი დაუთმოს მხოლოდ ერთ კანდიდატს და მისი ყველა სხვა კონკურენტი გააქროს თავისი გადაცემებიდან. ამით მაუწყებელი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი ფავორიტი კანდიდატის წარმატებაზე. შესაძლოა ამგვარი წარმატება არ დამდგარიყო სხვა კანდიდატებსაც რომ ჰქონდა რადიოს ეთერით სარგებლობის შესაძლებლობა.“
ეს ლოგიკა ასევე მიემართება რადიოს ეთერში საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებას. ტელევიზიისაგან განსხვავებით რადიო არ გადასულა ციფრულ მაუწყებლობაზე და კვლავაც სიხშირული სპექტრით მაუწყებლობს. ვინაიდან რადიომაუწყებლობის სიხშირეთა სპექტრი შეზღუდულია, მხოლოდ პირთა მცირე ჯგუფს შეუძლია ჰქონდეს წვდომა ამგვარ რესურსზე. სადავო ნორმის არ არსებობის პირობებში, კენჭისყრამდე 48 საათამდე რადიოსადგური გამოქვეყნებდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს და ამით გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე ერთი საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ. როდესაც ამომრჩეველი რადიოს მეშვეობით გაიგებს, რომ არჩევნებს ის პარტია არ იგებს, რომელსაც ეს ამომრჩეველი უჭერს მხარს, ამგვარი ამომრჩეველი ზედმეტად ჩათვლის საარჩევნო უბანზე მისვლას და მისთვის სასურველი საარჩევნოს სუბიექტისათვის ხმის მიცემას. იმის გამო რადიოსიხშირული სპექტრი შეზღუდულია, შესაძლოა კონკურენტ საარჩევნო სუბიექტს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, მისი სასარგებლო კვლევებით დაუპირისპირდეს რადიოსადგურის მიერ გავრცელებულ კვლევას. ისევე როგორც მსმენელს არ ჰქონდეს რადიოსადგურების მისი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისი ფართო არჩევანი. ეს გარემოება რადიომაუწყებლებთან მიმართებაში ამართლებს სადავო ნორმაში აღწერილ ორივე რეგულაციას. აუცილებელია რადიოსადგურთან მიმართებაში, რომელიც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელია, არსებობდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ოქმის შედგენის და ჯარიმის მეშვეობით, საარჩევნო კოდექსის აღსრულების შესაძლებლობა.
რადიოსაგან განსხვავებით, ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემას საქმიანობის დასაწყებად არ სჭირდება სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვება. თუ რადიომაუწყებლები შეიძლება იყვნენ შეზღუდული რაოდენობის, ინტერნეტ გვერდები, გაზეთები და ჟურნალები შეიძლება იყოს განუსაზღვრელი რაოდენობის. ყველა საარჩევნო სუბიექტს, მათ მხარდამჭერს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ინტერნეტ და ბეჭდური გამოცემა, ამისთვის არც რესურსებია შეზღუდული და არც ფინანსები. ასეთ პირობებში ინტერნეტ გამოცემისათვის და ბეჭდური მედიისათვის კანონით არჩევნებამდე რამდენიმე საათით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვა და წინასაარჩევნო კამპანიის სხვა ეტაპზე ამ კვლევების გამოცხადების მანერის შეზღუდვა არათუ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების თავიდან აცილებას არ შეუწყობს ხელს, არამედ წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას გამოხატვის თავისუფლებაში. არჩევნებამდე 48 საათის განმავლობაში ერთ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულ კვლევას, საარჩევნო სუბიექტი შეიძლება მომენტალურად დაუპირისპირდეს სხვა გვერდზე სხვა კვლევის გამოქვეყნებით, რაც საზოგადოების განსხვავებულ განწყობას აჩვენებს. ასეთ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩარევა სრულიად ზედმეტია. თუკი რადიოსივრცეში ადამიანი შეზღუდულია, რომ უსმინოს მხოლოდ განსაზღვრული სარედაქციო პოლიტიკის მქონე რადიოსადგურებს, ამიტომ გამართლებულია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, კანონის საფუძველზე ჩარევის გზით, ასეთ რადიოსადგურებს სამართლიანობის დოქტრინის დაცვა მოსთხოვოს, ინტერნეტსივრცეში ადამიანს ფართო არჩევანი აქვს, მოიძიოს თავის პოლიტიკური გემოვნების შესაბამისი ინტერნეტ გამოცემა და არჩევნებამდე 48 საათის განმავლობაში საპირისპირო პოლიტიკური შეხედულების მქონე ინტერნეტ-გამოცემის მხრიდან საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების გზით მანიპულაციის ობიექტი არ აღმოჩნდეს. ადამიანი ინტერნეტში ესტუმრება იმ სააგენტოებს, რომელსაც ენდობა და რომელიც მის პოლიტიკურ შეხედულებებთან ახლოს დგას და არ გახსნის იმ გვერდებს, სადაც მისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებები, მათ შორის კვლევები ვრცელდება, ამით ასეთი პირი არ მოექცევა საზოგადოებრივი აზრის კვლევების ზემოქმედების ქვეშ. ასეთ პირობებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ იმის შეფასება, გამოქვეყნა თუ არა ინტერნეტ-გამოცემამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები და რა ფორმით მოხდა მისი გამოქვეყნება, არათუ ამომრჩეველის მიერ ნების თავისუფალ გამოხატვას არ ემსახურება, არამედ გამოხატვის თავისუფლებაში მძიმე ჩარევას წარმოადგენს, ვინაიდან სადავო ნორმა ერთ შემთხვევაში, ინტერნეტ-მედიას ეუბნება რა არ უნდა ილაპარაკოს კენჭისყრის დაწყებამდე 48 საათიდან მის დამთავრებამდე 20 საათამდე, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიის სხვა ეტაპზე რა ილაპარაკოს (საუბრის იძულება - compelled speech).
როგორც აღინიშნა, თუკი რადიომაუწყებელზე ამგვარი შეზღუდვის დაწესება გამართლებულია, ბეჭდურ და ინტერნეტ-მედიასთან მიმართებაში ამგვარი შეზღუდვა არ არის ვარგისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
რაც შეეხება ტელევიზიას, საქართველოში ინფორმაციის მიღების ყველაზე პოპულარულ მედიუმს, საიდანაც ინფორმაციას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა - 69% იღებს. სატელევიზიო მაუწყებლობა ახალ რეალობაში აღარ არის დაკავშირებული შეზღუდულ რესურსებთან - სიხშირესთან. საქართველოს 2015 წლიდან გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე. ტელემაუწყებლები ამის შედეგად ექვემდებარებიან ავტორიზებას და არა ლიცენზირებას. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ დღის წესრიგიდან მოხსნა იმგვარი რეგულირების აუცილებლობა, რაც შეზღუდულ სიხშირულ სპექტრით სარგებლობასთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, ტელევიზიასთან თითქმის ისეთი ვითარება გვაქვს, რაც ინტერნეტ გამოცემის და გაზეთის შემთხვევაში, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ტელევიზია ყველაზე ხარჯიანი მედიუმია. მართალია, ფიზიკური რესურსის თვალსაზრისით ტელევიზია შეუზღუდავია ციფრული მაუწყებლობის გამო, თუმცა ფინანასური რესურსები საიმისოდ, რომ ყველა პარტიას ან საზოგადოებრივ ჯგუფს საკუთარი ტელევიზია ჰქონდეს, კვლავაც მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ამიტომ პარტიულ ტელევიზიასთან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავაც მნიშვნელოვანია.
თანამგზავრული ტელევიზიისა და ინტერნეტის შედარებას ვხვდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმეზე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლო გამოხატვის თავისუფლების უფლების კონტექსტში მსჯელობს რომ ამ ორი ინფორმაციის გავრცელების საშუალების მიმართ ერთმანეთისაგან განსხვავებული რეგულირების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო ინტერნეტისა და თანამგზავრული ტელევიზიის შედარებისას აცხადებს, რომ ინტერნეტი ტელევიზიასთან შედარებით უფრო იაფი, ხელმისაწვდომი საშუალებაა აზრის გამოსათქმელად. ამ გადაწყვეტილების მეორე თავის 69-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მაუწყებლობის „ტრადიციული“ საშუალებების პარალელურად „ახალი“ ფორმის, ინტერნეტ-მაუწყებლობის წარმოქმნა განაპირობა, რომელსაც თანამგზავრული მაუწყებლობის როგორც მსგავსი, ასევე განმასხვავებელი ნიშნები გააჩნია. ორივე შემთხვევაში მაუწყებლობის არეალი არ არის შეზღუდული მაუწყებელი ქვეყნის ტერიტორიით. ამავე დროს, ინტერნეტი, თანამგზავრულ სისტემასთან შედარებით, მაუწყებლისთვის უფრო ხელმისაწვდომ საშუალებას წარმოადგენს.“
ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 70-ე პუნქტის თანახმად: „კონსტიტუციური დავის გადასაწვეტად სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს ინტერნეტ-მაუწყებლობასთან პარალელის გატარებას. ტრანსასაზღვრო მაუწყებლობის ერთ-ერთი „ტრადიციული“ ფორმის - თანამგზავრული სისტემით მაუწყებლობის პარალელურად ინტერენტ-მაუწყებლობის გამოჩენა თავისთავად ვერ გახდება საფუძველი იმისა, რომ თანამგზავრული სისტემით მაუწყებლობის მარეგულირებელი ნორმები არაგონივრულად და კონსტიტუციის შეუსაბამოდ ჩაითვალოს. შეზღუდვა, რომელიც შეიძლება გამართლებული იყოს მაუწყებლობისათვის გამოყენებული ერთი საშუალების მიმართ, შესაძლოა არაპროპორციულ საშუალებას წარმოდგენდეს მეორე სახის მაუწყებლობისათვის და პირიქით. არაგონივრული იქნება თანამგზავრული სისტემით განხორციელებული მაუწყებლობის შეზღუდვის კონსტიტუციით დასაშვები შემთხვევების ინტერნეტ-მაუწყებლობაზე გავრცელება. მაუწყებლობის შეზღუდვის კონსტიტუციურობის დადგენა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეზღუდვის ბუნებიდან, მისი პროპორციული ხასიათიდან გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ, მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლო თანამგზავრული სისტემით მაუწყებლობის რეგულირების კონსტიტუციურობის საკითხით შემოიფარგლა. “
ტელევიზიისა და ინტერნეტის მიმართ განსხვავებული რეგულირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საერთაშორისო ცხოველთა დამცველები (ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL v. THE UNITED KINGDOM) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2005 წელს მომჩივანმა დაიწყო კამპანია სახელწოდებით ჩვენი მეგობარი ცხოველები, რაც მიმართული იყო ცხოველთა დატყვევების, გამოფენის და ტელევიზიაში მათი სარეკლამო მიზნით გამოყენების საწინააღმდეგოდ. ამ მიზნით დამზადდა ვიდეოკლიპი, სადაც ჩანდა ცხოველის გალია. გალიაში თანდათანობით ჩნდებოდა პატარა გოგონა. ამის შემდეგ ეკრანზე გამოსახულება ქრებოდა და ჩნდებოდა წარწერა: შიმპანზეს აქვს 4 წლის ადამიანის მენტალური ასაკი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გენეტიკის 98 პროცენტი ემთხვევა მაიმუნისას, ჩვენ მათ, გართობის მიზნით, ვატყვევებთ. იმისთვის, რომ გაიგო მეტი და ხელი შეუწყო ტყვეობის დამთავრებას, გაიღე 10 ფუნტი საგანმანათლებლო საინფორმაციო კამპანიისათვის. საბოლოო კადრში შიმპანზე იყო იმავე მდგომარეობაში, რაშიც წინა კადრში გოგონა (ცხოველთა დამცველთა http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-119244 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი).
რეკლამა წარედგინა სამაუწყებლო რეკლამის შესაბამისობის დამდგენ ცენტრს იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეესაბამებოდა რეკლამა შესაბამის კანონებსა და კოდექსს. ცენტრმა უარი განაცხადა რეკლამის შესაბამისობის დადასტურებაზე, იმის გამო, რომ რეკლამა მთლიანად ან დიდწილად იყო პოლიტიკური ხასიათის. კომუნიკაციების შესახებ კანონი კრძალავდა სამაუწყებლო რეკლამას, რაც იყო პოლიტიკური ხასიათის. გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ რეკლამის ჩვენება დასაშვები იყო ინტერნეტით (ცხოველთა დამცველთა საქმე http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-119244 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი)
ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ბრიტანეთის მაღალ სასამართლოში (High Court). მოსარჩელე ითხოვდა გასაჩივრებული ნორმების ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობის დადგენას. მაღალმა სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა შემდეგი მოსაზრების გამო: ფასიან პოლიტიკურ რეკლამაზე დაწესებული აკრძალვა მიზნად ისახავდა დემოკრატიული პროცესების კორუფციისაგან დაცვას, კერძოდ შეზღუდვა მიზნად ისახავდა რომ მდიდარ ფინანსურ ჯგუფებს არ მოეხდინათ თანხის გადახდის გზით უპირატესობის მოპოვება ერთ-ერთი პოლიტიკური დღის წესრიგის სასარგებლოდ. მაღალმა სასამართლომ ლეგიტიმურად მიაჩნდა სამაუწყებლო მედიის გამოყოფა, ვინაიდან ამ უკანასკნელის გავლენა ძალიან ძლიერი იყო სხვა მედია საშუალებებთან შედარებით. უდავოა, რომ სამაუწყებლო მედია უფრო ყოვლისმომცველია და ძლიერია ვიდრე სხვა მედია საშუალება. ტელევიზიაში განსათავსებელ რეკლამაში ფულის გადახდის გზით, სხვა ჩვეულებრივ ჯგუფებთან შედარებით უპირატესობას მოიპოვებენ მდიდრები საჯარო დებატებში მონაწილეობის მისაღებად (ცხოველთა დამცველთა საქმე http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-119244 გადაწყვეტილების მე-17 პუნქტი).
ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ლორდთა პალატაში (იმდროისათვის ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში). ლორდთა პალატის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:
დემოკრატიული პროცესის ფუნდამენტური მახასიათებელია ის, რომ ურთიერთსაპირისპირო აზრები ხდება საჯარო დებატების და საზოგადოებრივი განხილვის საგანი. ამით კეთილი სურვილები გაიმიჯნება ბოროტისაგან, სიმართლე სძლევს სიყალბეს. დემოკრატიული პროცესები ხელს უწყობს ადამიანს იმაში, რომ ბრძნული არჩევანი გააკეთოს. სასურველია დებატების ველი პრაქტიკულად ხელმისაწვდომი იყოს, რაც ხდება მაშინ, როცა განსხვავებული აზრების გამოხატვას და დაპირისპირებას აქვს ადგილი. ასევე არსებობს მოსაზრებაზე პასუხის გაცემის და მასზე დისკუსიის წარმოების შესაძლებლობა. ამ მიზნის მისაღწევად მაუწყებლის მოვალეობას წარმოადგენს, მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით დაბალანსებული პროგრამები შესთავაზოს მაყურებელს. გადაცემაში ყველა მოსაზრება არის წარმოდგენილი (ცხოველთა დამცველთა საქმე http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-119244 გადაწყვეტილების 21-ე პუნქტი).
ეს მიზნები ვერ მიიღწევა, თუკი მდიდარი რესურსების მქონე ინტერესების ჯგუფები, რომლებიც თავად არ არიან რეგისტრირებული როგორც პოლიტიკური პარტიები, გამოიყენებენ ფულს საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ ისეთი იდეის გავრცელებას, რაც სწორია ან არასწორია, მიმზიდველია პროგრესულად მოაზროვნე თავებისათვის ან არ არის მიმზიდველი, სასარგებლოა ან საზიანოა. რისკი არის ის, რომ საკითხი, რასაც პოლიტიკური შინაარსი გააჩნია, გაზიარებული იქნება საზოგადოების მიერ არა იმის გამო, რომ ამ იდეის სისწორე გამოიცადა საჯარო დებატების შედეგად, არამედ იმიტომ რომ საზოგადოებას ეს იდეა თავზე მოახვიეს რეკლამის ინტენსიურად ეთერში ტრიალის გამო. ადამიანის გამოხატვის თავისუფლება ამ შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს მიკერძოებული პოლიტიკური რეკლამისაგან სხვათა ინტერესის დასაცავად (ცხოველთა დამცველების საქმე http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-119244 გადაწყვეტილების 22-ე პუნქტი).
თანხვედრი აზრი დაწერა ლორდთა პალატის წევრმა ბარონესა ჰეილიმ, რომელმაც განავრცო ის არგუმენტები, რაც ძირითად გადაწყვეტილებაში იყო მოყვანილი. ბარონესა ჰეილიმ განაცხადა: ჩვენი დემოკრატია ეფუძნება არა პრინციპს ერთი ადამიანი ერთი ხმა, არამედ იმას, რომ თითოეულ ადამიანს თანაბარი ღირებულება გააჩნია. ჩვენ გვინდა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს მოსაზრება მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ამისთვის აუცილებელია აზრისა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა. მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ზოგიერთ ადამიანს უფრო მეტი რესურსი გააჩნია საკუთარი აზრის ყველაზე წინ დასაყენებლად ვიდრე სხვებს. აქედან გამომდინარე, თავიდან უნდა ავიცილოთ საზოგადოებრივ აზრზე დაუშვებელი ზემოქმედება, რასაც მედიაზე შეუზღუდავი წვდომა იწვევს (ცხოველთა დამცველების საქმე http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-119244გადაწყვეტილების 29-ე პუნქტი).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცხოველთა დამცველთა საქმეში განაცხადა: „სასამართლო შენიშნავს, რომ ორივე მხარეს აქვს ერთნაირი მიზანი, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და პლურალისტური დებატები. ამით გაძლიერდეს დემოკრატიული პროცესი. სასამართლომ ერთი მხრივ, უნდა დააბალანსოს მოსარჩელის უფლება, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე. ამ უკანასკნელის მიღების უფლება გააჩნია საზოგადოებას. მეორე მხრივ, ხელისუფლებას აქვს სურვილი, დაიცვას დემოკრატიული დებატები და პროცესი ძლიერი ფინანსური ჯგუფებისაგან, რომელსაც დანარჩენი საზოგადოებისაგან განსხვავებით ის უპირატესობა აქვთ, რომ წვდომა აქვთ მედიაზე. სასამართლო აღიარებს იმას, რომ ეს ჯგუფი კონკურენტებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდება რეკლამაში ფულის გადახდის გზით. ამით შემცირდება თავისუფალი და პლურალისტური დებატების შესაძლებლობა... რაც ამ საქმეში უნდა გადაწყდეს არის ის, ხომ არ წავიდა შეზღუდვა ძალიან შორს, ლეგიტიმური მიზნისა და სახელმწიფოს შეფასების ზღვარის მხედველობაში მიღების გზით (ცხოველთა დამცველების საქმე http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-11924 გადაწყვეტილების 112-ე პუნქტი).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ შეზღუდვა ეხებოდა მხოლოდ განსაზღვრულ მედიას (რადიოს და ტელევიზიას), ვინაიდან ისინი ყველაზე გავლენიანი და ძვირი მედია საშუალებებია. ეს შეზღუდვები ძალიან მნიშვნელოვანია ღონისძიების პროპორციულობის შესაფასებლად. უამრავი ალტერნატიული მედია საშუალება ხელმისაწვდომი იყო მოსარჩელისათვის პოლიტიკური რეკლამის განთავსებისათვის (ცხოველთა დამცველების საქმე http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-11924 გადაწყვეტილების 117-ე პუნქტი).
„მომჩივანი აზრით, არალოგიკურია მხოლოდ ტელევიზიასა და რადიოზე შეზღუდვის დაწესება, როდესაც ისეთ ახალ მედიას, როგორიც ინტერნეტია, ასევე დიდი გავლენა გააჩნია. ამის საპირისპიროდ, ევროპულ სასამართლოს გონივრულად მიაჩნია განსხვავება, რაც სამაუწყებლო მედიას ახასიათებს განსაკუთრებული გავლენის თვალსაზრისით. ევროპული სასამართლოს თქმით, სამაუწყებლო მედიას გააჩნია იმწუთიერი და ძლიერი ეფექტი, რაც ძლიერდება ტელევიზიისა და რადიოს, როგორც გართობის ნაცნობი წყაროს, განგრძობადი ფუნქციონირებით ადამიანის ისეთ ინტიმურ სფეროში, როგორიც საცხოვრებელი სახლია. დამატებით ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს ახასიათებს მომხმარებლის მიერ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა იმ ინფორმაციასთან მიმართებაში, რაც ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ჩნდება, ამით ინტერნეტისა და სოციალურ ქსელების გავლენა არ არის ისეთი სინქრონული, როგორც სამაუწყებლო მედიით გავრცელებული ინფორმაცია. შესაბამისად, ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციის ზეგავლენა აუდიტორიაზე მცირეა სამაუწყებლო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან შედარებით. ბოლო პერიოდში ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მნიშვნელოვანი განვითარების მიუხედავად, არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებს იმდენად სერიოზული ცვლილებები მოხდა გავლენის თვალსაზრისით სამაუწყებლო მედიასა და ინტერნეტ-მედიას შორის, რომ გადაისინჯოს სახელმწიფოს მხრიდან სამაუწყებლო მედიასთან მიმართებაში გატარებული სპეციალური ღონისძიებები (ცხოველთა დამცველების საქმე http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-11924 გადაწყვეტილების 119-ე მუხლი).
ცხოველთა დამცველების საქმეში არ დადგინდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა. ამის მიზეზი ახსნილია გადაწყვეტილების 124-ე პუნქტში, სადაც აღნიშნულია: „სასამართლო მიუთითებს, რომ სხვა მედია საშუალებები ღიაა მომჩივანისათვის. ალტერნატიულ მედიაზე წვდომა არის გადამწყვეტი, რის გამოც შეზღუდვა პროპორციულობის მოთხოვნას აკმაყოფილებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა განათავსონ რეკლამა ბეჭდურ მედიაში და ინტერნეტში (სოციალური მედიის ჩათვლით). მათ ასევე აქვთ უფლება, ფლაერები გაავრცელონ ქუჩებში ან პოსტერები გამოფინონ დემონსტრაციებზე. მართალია, ამ საქმის განხილვისას დადგინდა, რომ ინტერნეტი, თავისი სოციალური მედიით არ არის ისეთივე გავლენიანი, როგორც სამაუწყებლო მედია, ამის მიუხედავად, ახალი მედია მაინც წარმოადგენს კომუნიკაციის ძლიერ საშუალებას. ეს მედია შეიძლება მნიშვნელოვნად დაეხმაროს არასამთავრობო ორგანიზაციას საკუთარი მიზნების მიღწევაში (ცხოველთა დამცველების საქმე http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-11924 გადაწყვეტილების 124-ე პუნქტი).
იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტში, სოციალური ქსელების ჩათვლით, ადამიანებს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, რას გაეცნონ და რას არა, რა მასალა და ფეისბუქის რომელი მომხმარებლები დაბლოკონ/დამალონ, ამით ინტერნეტ მედიის გავლენა მცირდება ტელევიზიასთან შედარებით, სადაც პროგრამის შინაარსს მაყურებელი ვერ განსაზღვრავს. მაყურებელს შეუძლია ერთი არხიდან მეორე არხზე მხოლოდ მაშინ გადართოს, როდესაც უკვე მოისმენენ ამა თუ იმ ინფორმაციას. მაშინ, როცა სოციალურ ქსელში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, არ გახსნას ფაილი, სადაც სოციალური კვლევის შედეგებია გამოტანილი, ტელევიზიის შემთხვევაში ასეთი კვლევის არ მოსმენის პრევენციის შესაძლებლობა არ არსებობს. ტელევიზიისათვის დამახასიათებელია ისეთი სინქრონულობა, რაც კვლავაც ამართლებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მისი რეგულირების აუცილებლობას. ამგვარი სინქრონულობა არ არის დაახასიათებული არც ბეჭდური გამოცემისათვის, არც ონლაინ გამოცემისათვის, რომლის ვებ-გვერდზე ადამიანი არ ხვდება, თუ ეს მის სურვილს არ წარმოადგენს.
ამავე დროს სატელევიზიო ბაზარზე მოხვედრა მხოლოდ გავლენიან ფინანსურ ჯგუფებს შეუძლიათ. სწორედ ეს წარმოადგენდა მთავარი წუხილის საგანს ცხოველთა დამცველების საქმეზე, სადაც კომერციულ რეკლამაზე დაწესებული შეზღუდვა არაპორპორციულად არ იქნა მიჩნეული. ინტერნეტ მედიის შექმნა შეუძლია დაბალი ბიუჯეტის მქონე ნებისმიერ საზოგადოებრივ ჯგუფს. პრაქტიკული თვალსაზრისით, ტელევიზიას ნებისმიერი ქვეყანაში მხოლოდ მსხვილი ფინანსური ჯგუფები და ინდივიდები შეიძლება ფლობდნენ. მდიდარ საზოგადოებრივ ჯგუფებს შეუძლიათ ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის, მათ შორის კვლევების მათ საკუთრებაში არსებულ მედიასაშუალებებში, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, გამოქვეყნების გზით თავისი დღის წესრიგი მოახვიონ ამომრჩევლებს. ამის თავიდან ასაცილებლად გამართლებულია სათანადო რეგულაციების დაწესება მდიდარი ბიზნესის ხელში არსებული ტელევიზიის მიმართ და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ამ რეგულაციების აღსრულება. ბეჭდური და ინტერნეტ მედიის ამგვარი მიზნებით გამოყენება თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან მსხვილი ბიზნეს ჯგუფების საკუთრებაში არსებულ ვებ-გვერდებს შესაძლოა დაუპირისპირდეს დაბალი ბიუჯეტის მქონე ინეტერნეტ-გამოცემა. სატელევიზიო ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ორგანიზაციები ვერ შეაღწევენ და შესაბამისად, მდიდარი ჯგუფების მიერ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიას ვერ დააბალანსებენ. მით უმეტეს მაშინ, როცა ტელევიზიას ჰყავს თავისი აუდიტორია, ინტერნეტს თავისი. NDI-ს კვლევების თანახმად, მოსახლეობის 69% ინფორმაციას ტელევიზიით იღებს, ხოლო 25% ინტერნეტით. თავისთავად სატელევიზიო არხის საპირწონე ვერ იქნება ინტერნეტი, არამედ სხვა სატელევიზიო არხი, თუმცა სიძვირის გამო ყველა ჯგუფს არ შეუძლია მოხვდეს სატელევიზიო ბაზარზე, მაშინ, როცა ინტერნეტ-ბაზარზე მოხვედრა ადვილია. ამასთან ტელევიზიას ჰყავს სხვებთან შედარებით არაპროპროციულად დიდი აუდიტორია. ეს გარემოებაც შესაძლებელია საკმარისი აღმოჩნდეს ამ მედიუმის მიმართ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის გასამართლებლად, რაც ვერ გამართლდება სხვა მედიუმთან მიმართებაში. ამგვარად, თუკი ტელევიზიის შემთხვევაში გამართლებულია არჩევნებამდე მოკლე ხანში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების აკრძალვა ან სხვა ფორმით რეგულირება იმისათვის, რომ თავიდან აცილებული მსხვილი ბიზნესის მხრიდან ამომრჩეველთა ნებაზე მანიპულირება, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს ინტერნეტ-გამოცემებში.
ონლაინ გამოცემებთან მიმართებაში სადავო ნორმით დაწესებული ორივე აკრძალვა გამოუსადეგარია, ვინაიდან სოციალურ ქსელში კენჭისყრამდე 48 საათიდან საარჩევნო უბნის დახურვამდე ამგვარი კვლევა შესაძლოა გაავრცელოს ფეისბუქის ინდივიდუალურმა მომხმარებელმა და ეს პოსტი დააკოპირონ ან გააზიარონ ფეისბუქის სხვადასხვა მომხმარებელმა. ამ შემთხვევაში მიზანი - ამომრჩეველი დაცული იყოს მანიპულაციისაგან - მიუღწეველია. ამგვარი პოსტი ისეთივე გავლენას ახდენს ინტერნეტ-მომხმარებელზე, როგორც ინტერნეტ-მედიის მიერ იმავე ინფორმაციის გავრცელება. თუმცა აკრძალვა მიემართება მხოლოდ ინტერნეტ-მედიას, ორგანიზაციას, რომელის ძირითად საქმიანობასაც ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს და ჰყავს სარედაქციო ჯგუფი. აკრძალვა არ ვრცელდება ინტერნეტის ინდივიდუალურ მომხმარებელზე, რომლის მიერ გავრცელებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ისეთივე ზეგავლენა შეუძლია იქონიოს არჩევნების შედეგებზე, როგორც ინტერნეტ-მედიას.
აქვე აღსანიშნავია, შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, მედიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები უნდა გამოქვეყნოს დამკვეთის შესახებ ინფორმაციის დეტალური მითითებით, დასაშვები ცდომილების და მეთოდოლოგიის მითითებით, ვრცელდება საარჩევნო უბნის დახურვიდან, 20:00 საათიდან ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე. ამ შემთხვევაში, არჩევნების დღის 20 საათიდან, როცა კენჭისყრა დასრულებულია, შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი ვეღარ იქნება ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების თავიდან აცილება, ვინაიდან 20:00 საათიდან ამომრჩეველი აღარ ავლენს ნებას, რომლის დასაცავადაც შეზღუდვა იქნა დაწესებული. შესაბამისად, საარჩვენო უბნის დახურვიდან ცესკოს მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომლის მისაღწევადაც ეს შეზღუდვა არის დაწესებული. ამ ნაწილში შეზღუდვა არის თვითნებური და შესაბამისად, არაკონსტიტუციური. მოსარჩელე მხარე ეჭვქვეშ არ აყენებს ამ ლეგიტიმური მიზნის არსებობას არჩევნების დანიშვნიდან საღამოს 20 საათამდე, როცა ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შესაძლებლობა არსებობს. თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ინტერნეტ და ბეჭდურ მედიასთან მიმართებაში დაწესებული შეზღუდვა გამოუსადეგარია. რაც შეეხება საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ, ამომრჩეველთა ნების მანიპულაციისაგან დაცვის ინტერესი ქრება, ვინაიდან ამომრჩეველს აღარ გააჩნია ნების გამოხატვის შესაძლებლობა, შესაბამისად, ამ ნაწილშიც სადავო ნორმას კონსტიტუციურობის სერიოზული პრობლემები გააჩნია არა მხოლოდ ინტერნეტ და ბეჭდურ მედიასთან, არამედ თვით სამაუწყებლო მედიასთან მიმართებაშიც კი.
ვითხოვთ გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მუხლებთან მიმართებაში.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა