ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1488 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლევან ალაფიშვილი |
თარიღი | 9 მარტი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
მუხლი 4. პუნქტი 3. ქვეპუნქტი „ა“ ფიზიკური პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე - 10 ლარი |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება (აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.) საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება (ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს). |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60.4.“ა“ მუხლი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 39.1.“ა“ მუხლი, 19.1.“ე“ მუხლი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით, შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი, წარმოდგენილია მოსარჩელის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი (რომელშიც მითითებულია მისამართი), წარმოდგენილია საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
კონსტიტუციური სარჩელი შტანილია უფლებამოსილი სუბიექტის, ფიზიკური პირის მიერ, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ვალდებულია გადაიხადის სახელმწიფო ბაჟი და რომელიც ექცევა გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმის რეგულირების სფეროში. ეს კი საქართველოს კონსტიტუციით დაცულ, თანასწორობისა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაში ჩარევის შემთხვევაა, რომლის კონსტიტუციურობის შემოწმებისთვისაც მოსარჩელემ წარმოადგინა კონსტიტუციური სარჩელი.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მართალია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად ნამსჯელი აქვს ანალოგიურ საკითხებზე 3 გადაწყვეტილებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 დეკემბერის №2/6/623 გადაწყვეტილება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის №2/15/1214 განჩინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება), მაგრამ ფიზიკური პირის მიერ კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის/მიღებისათვის ბაჟის გადახდის ვალდებულების საკითხი გადაწყვეტილი არ არის.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანისთვის კანონით არ არის დადგენილი რაიმე ვადა, შესაბამისად მისი შეტანის ვადა არ არის დარღვეული.
კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია საკანონმდებლო აქტის ნორმები, შესაბამისად არ არის საჭირო ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებული აქტით/ნორმით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი სარჩელის მიმართვისას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება დაწესებულია მხოლოდ ფიზიკური პირისთვის, მაშინ როდესაც იურიდიული პირები სრულად გათავისუფლებულნი არიან, არ აქვთ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, რაც არის გაუმართლებელი დიფერენცირება, უფლებაში ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნისა და ვარგისი საშუალებისა თუ პროპორციული ჩარევის გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული ნორმა არის დისკრიმინაციული და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმა.
საკონსტიტუციო სამართალწარმოების ინიცირებისას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გააჩნიათ იდენტური ინტერესები: მიმართონ სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. სტატუსის მიუხედავად, ორივე შემთხვევაში იდენტურია მოსარჩელისათვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟის მიზნები და დანიშნულება. გასაჩივრებული ნორმით კი იურიდიული პირებისაგან განსხვავებით, ფიზიკურ პირებს ეზღუდებათ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციით დაცული უფლება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინამდებარე სარჩელის არსებით საკითხებზე ნამსჯელი აქვს და პოზიცია გადმოცემული აქვს ქვემოთჩამოთვლილ გადაწყვეტილებებში: (1) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერის №2/6/623 გადაწყვეტილება; (2) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის №2/15/1214 განჩინება; (3) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებისაგან, მათში განხილული შემთხვევებისაგან (დაწესებული გადასახდელის მოცულობის განსხვავება სტატუსის მიხედვით), განსხვავებით წინამდებარე სარჩელით გათვალისწინებული შემთხვევა უფლებაში ჩარევის მეტი ინტენსივობით ხასიათდება სტატუსის მიხედვით ერთს (ფიზიკურ პირს) ეკისრება გადახდის ვალდებულება, ხოლო მეორეს (იურიდულ პირს) ეს ვალდებულება არ ეკისრება.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა