„შპს ტრანსკავკასიის კრისტალი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/8/1433 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 17:57 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს ტრანსკავკასიის კრისტალი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 61-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1433) მომართა „შპს ტრანსკავკასიის კრისტალმა“. №1433 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2019 წლის 26 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, №1433 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1433 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი შეეხება ყადაღადადებული ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების საკითხებს; 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მისათითებელ ინფორმაციას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ყადაღადადებული ნივთების საჯარო აუქციონის გზით რეალიზაციის ფორმას, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე შესაძლებლობა მისცეს მოვალეს, თავად მოახდინოს ქონების რეალიზაცია. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი უშვებს ყადაღის დადების შესაძლებლობას, მათ შორის, მოვალის მოთხოვნაზე, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლში კი ჩამოთვლილია მოვალის უძრავ ქონებაზე აღსრულებას დაქვემდებარებული ქონებრივი სიკეთეები.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
5. №1433 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მხარეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის №2ბ/6771-14 გადაწყვეტილებით, შპს „მეგაკოს“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის სახით 433 453 ლარის, პირგასამტეხლოს - 200 000 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 2 000 ლარის გადახდა. კრედიტორის წერილობითი მოთხოვნისა და სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოსარჩელის წინააღმდეგ დაიწყო სააღსრულებო წარმოება, - მოხდა „შპს ტრანსკავკასიის კრისტალის“ სახელზე რიცხული მთელი ქონების აღწერა და მასზე ყადაღის დადება. ყადაღადადებულ ობიექტებს შორის მოექცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებიც.
6. 2016 წლის 10 აგვისტოს „შპს ტრანსკავკასიის კრისტალის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა, დავალიანების დაფარვის მიზნით, პირველ რიგში, მომხდარიყო კრედიტორის მოთხოვნის პროპორციული, კონკრეტული უძრავი ქონების გასხვისება. აღნიშნულ მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეცნობა, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო, არსებულ ეტაპზე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო გადაწყვეტილება სარეალიზაციო უძრავი ქონების საჯარო აუქციონზე გატანის რიგითობასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საჯარო აუქციონზე გატანილ იქნა მოსარჩელის ის უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სამსახურის საბოლოო შეფასებით, შეადგენდა 6 284 000 ლარს, რაც რეალურად რამდენჯერმე აღემატებოდა კრედიტორის მოთხოვნას. 2017 წლის 30 მარტს დასრულდა საჯარო აუქციონი და აღნიშნული უძრავი ქონება გასხვისდა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად, კერძოდ, 942 600 ლარად.
7. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმები აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს ავალდებულებს, შეაფასოს და ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მიუთითოს მოვალის ქონება სრულად და არ გაითვალისწინოს კრედიტორის მოთხოვნის მოცულობა. სადავო ნორმების მოქმედების ფარგლებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს არც იმის შესაძლებლობა ეძლევა, რომ ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ არსებული უძრავი ქონება დაყოს კრედიტორის მოთხოვნის პროპორციულ ნაწილებად/ლოტებად და ცალ-ცალკე შეაფასოს ისინი, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
8. მოსარჩელის მტკიცებით, ვინაიდან აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის პირობებში არ აქვს სარეალიზაციოდ გასატანი უძრავი ქონების ცალკეულ, ობიექტურად გამოყოფად ნაწილებად/ლოტებად დაყოფის, ისევე როგორც რამდენიმე უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში, აუქციონზე, უპირატესად, კრედიტორის მოთხოვნის პროპორციული უძრავი ქონების გატანის ვალდებულება, ეს შედეგად წარმოშობს იმგვარ რეალობას, სადაც საჯარო აუქციონზე შესაძლოა გაიყიდოს მოვალის ნებისმიერი ქონება, მათ შორის, ის უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება რამდენჯერმე აღემატება კრედიტორის მოთხოვნის მოცულობას.
9. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების პირობებში, როდესაც ყადაღა ედება მოვალის მთელ ქონებას, მოვალე სრულიად მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას მისი საკუთრება არსებითი ხელყოფისაგან. კანონი მოვალეს არ აღჭურავს უფლებით, თავად განსაზღვროს აუქციონზე გასასხვისებელი უძრავი ქონების რიგითობა, მაშინაც კი, თუ ამ ქონების რეალიზაციით დაიფარება საფასური, აღსრულების ხარჯი და კრედიტორის მოთხოვნები.
10. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სააღსრულებო კანონმდებლობა უნდა ადგენდეს იმგვარ წესრიგს, რომ ქონების რეალიზაციის დროს, ერთი მხრივ, გარანტირებული იყოს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, არაპროპორციულად არ შეიზღუდოს მოვალის ინტერესები. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ამგვარი ბალანსი დარღვეულია მოვალის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, ერთი მხრივ, აღსრულების ეროვნული ბიუროს/კერძო აღმასრულებლის მხრიდან დაუსაბუთებლად ხდება მოვალის სრული ქონების აღწერა, შეფასება, დაყადაღება და სარეალიზაციოდ საჯარო აუქციონზე გატანა ისე, რომ მხედველობაში არ მიიღება კრედიტორის მოთხოვნის მოცულობა და ფარგლები, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალე სრულად მოკლებულია შესაძლებლობას, თავისუფლად განკარგოს საკუთარი დაყადაღებული ქონება ან/და განსაზღვროს სარეალიზაციოდ გასატანი ქონების რიგითობა. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1433 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დასახელებული სადავო ნორმები, ერთი მხრივ, გამორიცხავს ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ მოქცეული უძრავი ქონების მოთხოვნის პროპორციულ, დამოუკიდებელ ნაწილებად/ლოტებად დაყოფისა და შეფასების შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს აღჭურავს უფლებამოსილებით, მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას გასცდეს მხარეთა შორის არსებული დავის/მოთხოვნის ფარგლებს და მოთხოვნის მოცულობისაგან დამოუკიდებლად, დააყადაღოს მოვალის მთელი ქონება. მოსარჩელე მხარის პოზიციით, მსგავსი რეგულირება არღვევს მისი საკუთრების უფლებას.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 48-ე მუხლის სადავო დებულებები კი მოიცავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის რეკვიზიტებს. კერძოდ, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში უნდა აღინიშნოს აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება, თუ აღწერისას შესაძლებელია აღმასრულებლის მიერ ფასების დადგენა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „ქონებაზე ყადაღის დადებასთან ერთად ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში ღირებულების მითითებით ჩამოთვლილი უნდა იყოს ის ნივთები, რომლებიც ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დარჩა მოვალესთან, აგრეთვე მოვალის სხვა ქონება, რომელიც სხვა პირებთან საერთო საკუთრებაში იმყოფება და რომელსაც ყადაღა არ დაედო“.
4. დასახელებული სადავო ნორმები არეგულირებს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის შედგენის საკითხს და განსაზღვრავს სხვადასხვა ინფორმაციის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში ასახვის წესს. ხსენებული სადავო ნორმები არ ადგენს დასაყადაღებელი ქონების მოცულობას და არ ქმნის მოვალის ქონების დაყადაღების სამართლებრივ საფუძველს. სადავო ნორმების შესაბამისად, შესაძლოა, ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღინიშნოს მოვალის მთლიანი ქონების ღირებულება, კრედიტორის მოთხოვნის მოცულობისაგან დამოუკიდებლად, თუმცა სადავო ნორმები არ წარმოადგენს ამ ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველს. შესაბამისად, თავისთავად ამ ინფორმაციის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითება უფლების შეზღუდვას არ განაპირობებს.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ მათი შინაარსის არასწორ აღქმას, რის გამოც №1433 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტს. ხსენებული ნორმა ადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას, აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე, მოვალეს მისცეს შესაძლებლობა, თვითონ მოახდინოს ქონების რეალიზაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს კონტროლით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით დაიფარება საფასური, აღსრულების ხარჯი და კრედიტორის მოთხოვნები.
7. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა არაუზრუნველყოფილ მოთხოვნებთან მიმართებით გამორიცხავს მოვალის შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს სარეალიზაციო ქონება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ ქონების რეალიზაციით დაიფარება საფასური, აღსრულების ხარჯი და კრედიტორის მოთხოვნები. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა იმაზე მეტად ზღუდავს საკუთრების უფლებას, ვიდრე ეს საჭიროა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის.
8. ნორმის ანალიზიდან ცხადი ხდება, რომ მისი შინაარსი მოსარჩელის მიმართ არის აღმჭურველი ბუნების. კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სააღსრულებო ღონისძიებები ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების (სხვა აღსრულების ქვემდებარე აქტის) შესრულებას იძულებითი მექანიზმებით. ამასთან, ხსენებული ღონისძიებების გამოყენება ხდება მოვალის მიერ აღსრულების ქვემდებარე აქტით დადგენილი ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემდეგ. ამდენად, აღნიშნულ სამართლებრივ სივრცეში, სადავო ნორმა, რომელიც მოვალის ქონების იძულებითი წესით რეალიზაციის ნაცვლად, ადგენს მის შესაძლებლობას, თვითონ განკარგოს იგი, მისთვის მხოლოდ უფლების მიმნიჭებელია. შესაბამისად, ვერც ამ პროცესში გარკვეული პირობების არსებობა და აღსრულების ეროვნული ბიუროს კონტროლი იქნება მოსარჩელისათვის უფლებაშემზღუდველი. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომლითაც წარმოაჩენდა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლება იცავს მოვალის შესაძლებლობას, იძულებითი აღსრულების პროცესში, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ქონება თავად განკარგოს საკუთარი არჩევანის შესაბამისად.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1433 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
10. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის და 61-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები გამორიცხავს აღმასრულებლის ვალდებულებას, მოვალის საკუთრებაში რამდენიმე ქონების არსებობის შემთხვევაში, უპირველესად, დააყადაღოს და იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გაიტანოს კრედიტორის მოთხოვნის პროპორციული ღირებულების ქონება, ამასთან, შესაძლებლობის შემთხვევაში, ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ მოქცეული უძრავი ნივთი დაყოს ნაწილებად/ლოტებად და იძულებით აუქციონზე მოახდინოს მოთხოვნის პროპორციული წილის რეალიზება.
11. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლი ადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ყადაღადადებული მოძრავი ნივთების რეალიზაციის ფორმას. კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღადადებული ან მოვალის მიერ გადახდილი თანხა, საფასურის და აღსრულების თანხის გამოკლებით, გადაეცემა კრედიტორს, ხოლო, ამავე მუხლის სადავო, მე-2 პუნქტის შესაბამისად, სხვა ყადაღადადებული ნივთები ექვემდებარება აუქციონის წესით რეალიზაციას. სადავო ნორმა არ ქმნის ნივთის აუქციონზე რეალიზების საფუძველს, ასევე არ შეეხება აუქციონზე სარეალიზაციოდ გასატანი ქონების მოცულობას, არამედ განსაზღვრავს თანხების მიღმა, სხვა ნივთების რეალიზაციის ფორმას და ადგენს, რომ იძულებითი აღსრულების პირობებში, ამგვარი ნივთების რეალიზაცია ხდება საჯარო აუქციონის გზით. ამდენად, დასახელებული ნორმიდან არ მომდინარეობს მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა.
12. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო 55-ე მუხლის პირველი პუნქტი და 61-ე მუხლი კი განსაზღვრავს, შესაბამისად, აღსრულებას დაქვემდებარებული მოთხოვნების და უძრავი ქონების სახეობების ჩამონათვალს. კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას. ხსენებული ნორმა განსაზღვრავს მესამე პირების მიმართ მოვალის მოთხოვნაზე, როგორც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საშუალებაზე, ყადაღის დადების პრინციპს და ადგენს, ზოგადად, რა შემთხვევაშია შესაძლებელი მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება. მაშასადამე, სადავო ნორმა შეეხება იმ მოთხოვნის ტიპების იდენტიფიცირებას, რომლებიც შესაძლოა, წარმოადგენს ყადაღის საგანს. იგი არ ქმნის თავად ამ მოთხოვნებზე ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძველს და არ ადგენს, თუ რა მოცულობით უნდა გაავრცელოს აღმასრულებელმა ყადაღა მოვალის ქონებაზე. ანალოგიურად, ამავე კანონის სადავო, 61-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი. არც ხსენებული სადავო ნორმა არეგულირებს იმ საკითხს, თუ რა მოცულობითა და თანმიმდევრობით უნდა მოხდეს საჯარო აუქციონზე მოვალის უძრავი ქონების გატანა აღმასრულებლის მიერ და არ ადგენს ქონების დაყადაღების/რეალიზაციის სამართლებრივ საფუძველს. სადავო ნორმა მხოლოდ იმ ქონებრივ სიკეთეებს განსაზღვრავს, რომლებიც, ზოგადად, ექვემდებარება უძრავ ქონებაზე აღსრულებას და მისი რეგულირების სფერო ამით ამოიწურება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც ემყარება სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.
13. როგორც უკვე აღინიშნა, ქონების აუქციონზე რეალიზაციასთან მიმართებით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ აღმასრულებელს არ აქვს ვალდებულება, მოვალის საკუთრებაში რამდენიმე ქონების არსებობის შემთხვევაში, უპირველესად, იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გაიტანოს კრედიტორის მოთხოვნის პროპორციული ღირებულების ქონება, ამასთან, შესაძლებლობის შემთხვევაში, ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ მოქცეული უძრავი ნივთი დაყოს ნაწილებად/ლოტებად და იძულებით აუქციონზე მოახდინოს მოთხოვნის პროპორციული წილის რეალიზება. ამდენად, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია ქონების აუქციონზე რეალიზაციისას აღმასრულებლის მიმართ გარკვეული ვალდებულებების არარსებობა. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა მოითხოვოს იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს ამგვარ ვალდებულებებს ექსპლიციტურად გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ, მოსარჩელის მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს ამგვარ დანაწესს. მსგავსი სპეციალური ნორმის არარსებობის შემთხვევაში კი, მოსარჩელე მხარემ უნდა გაასაჩივროს კანონის ის დებულება, რომელიც ადგენს უფლების შეზღუდვის საფუძველს, მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებლის ზოგად უფლებამოსილებას, გაყიდოს მოვალის ქონება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №1/23/824 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/821 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის №2/10/1285 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1322 განჩინება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №1/11/1361 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). აღმასრულებლის ხსენებული უფლებამოსილება დადგენილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით. სწორედ ამ ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების ფარგლებში ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობა, შეაფასოს, აღმასრულებლისათვის ქონების გაყიდვის უფლებამოსილების მინიჭებასთან ერთად, რამდენად ითვალისწინებს კანონმდებლობა მოვალის საკუთრების უფლების დაცვის სათანადო გარანტიებს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარეს არასწორად ესმის სადავო ნორმების შინაარსი და სასარჩელო მოთხოვნა ემყარება სადავო რეგულირების არაზუსტ აღქმას. ამდენად, №1433 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის და 61-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1433 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ტრანსკავკასიის კრისტალი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი